Facebook Twitter

საქმე №ბს-1508(კ-18) 16 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. რ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი - ო. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. რ-მა 2016 წლის 13 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით №3/4331-16 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ო. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით ქ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. რ-მა. კასატორმა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული სამართლებრივი შეფასებები (08.10.15წ. საქმე №ბს-259-255(კ-15), 28.02.13წ. საქმე №ბს-367-363(კ-12), 16.05.13წ. საქმე №ბს-671-657(კ-12), 22.09.16წ. №ბს-5-5(6კ-15) გადაწყვეტილებები).

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა მტკიცების ტვირთის განაწილების წესი. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მტკიცების ტვირთი ეკუთვნის მოსარჩელეს და მას უნდა წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის სასარჩელო მოთხოვნას. რაც არასწორია, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე ეკუთვნის ადმინისტრაციულ ორგანოს.

კასატორის მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებობდა ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვითაც მიწა იყო ქ. რ-ის მამის - ტ. რ-ის საკუთრება, ხოლო ქ. რ-მა აღნიშნული ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შ. მ-ემ 2012 წლის 11 სექტემბერს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ განკარგულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ. განცხადებას ერთვოდა: საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია. ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 აგვისტოს №... საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, შ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ 347 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართი შეადგეს 347 კვ.მ.-ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 12 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ 347 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია შ. მ-ის საკუთრება, ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 აგვისტოს №... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.

ო. მ-ემ 2012 წლის 27 სექტემბერს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ. სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარდგენილ იქნა ჩუქების ხელშეკრულება. 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, შ. მ-ემ მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება აჩუქა ო. მ-ეს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 28 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ 347 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია ო. მ-ის საკუთრება, 2012 წლის 24 აგვისტოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

ქ. რ-მა 2016 წლის 8 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მემკვიდრეობის საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 10 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი) ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის ინფორმაციის თანახმად, წარმოადგენდა 1994 წლამდე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულ მიწის ნაკვეთს, რომლიც ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაციას. ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 აგვისტოს №... საკუთრების უფლების მოწმობა და 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება უტყუარად ადასტურებენ სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირის საკუთრებას. მითითებული დოკუმენტები კონკრეტულად განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით განკარგული ობიექტის (უძრავი ქონება), ასევე, ამ უფლების მქონე პირთა მონაცემებს. წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა ქ. თბილისში, ...ას ქ. №17-ის მიმდებარედ 347 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ისინი კანონიერად მიიჩნია უძრავ ნივთზე მათი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად.

ამდენად, სადავო რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, 22-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და 23-ე მუხლით გათვალისწინებული - რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის განხილვის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ასევე არარელევანტურია კასატორის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, რადგან მითითებულ საქმეებზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემულ საქმეზე დადგენილი გარემოებებისგან, რომელთა მიმართ კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე