საქმე №ბს-1578(კ-18) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „ა...ა“, ი. ბ-ა, ზ. ბ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2016 წლის 13 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების ზ. და მ. ბ-ების მიმართ. მოსარჩელემ ი. და ზ. ბ-ების თანასაკუთრებაში 41 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილში (საკადასტრო კოდი ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული №... რეგისტრაციის შედეგად, უძრავი ქონება, ფართით 192.85 კვ.მ. (ს/კ ...) თანასაკუთრებით აღირიცხა ი. და ზ. ბ-ების სახელზე. მითითებული ფართი ასევე მოიცავს კომპანიის საკუთრებაში არსებულ თბილისში, ... ის ქ. №10-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სხვენს, ფართით 41 კვ.მ, რომელიც მოსარჩელემ საკუთრების უფლებით შეიძინა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხსენებული დოკუმენტი და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ცალსახად მიუთითებს შპს „...ის“ საკუთრების ობიექტს, თუმცა ამ გარემოების მიუხედავად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ასევე დაარეგისტრირა ზ. და ი. ბ-ების თანასაკუთრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით №3/3569-16 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და შპს „ა...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილება, ი. და ზ. ბ-ების თანასაკუთრებაში 41 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილში (საკადასტრო კოდი ...). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ზ. ბ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას და ი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ი. და ზ. ბ-ების თანასაკუთრებაში 41 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ივნისის დასკვნით ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე ი. და ზ. ბ-ების ბინის ნაწილი 41 კვ.მ, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს ტერასას, მოწყობილია შპს „...ის“ კუთვნილი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების შიგნით. ამასთან, როდესაც პირი ფლობს უძრავ ქონებას, საჭირო არ არის ცალკე სხვენისა და სხვა ნაწილების რეგისტრაცია, რადგან არავინ ვარაუდობს, რომ მეზობელი აზომავს სხვენს და ცალკე დაირეგისტრირებს. სხვენი ცალკე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, როდესაც იგი სხვა მიწაზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილია. ამასთან, შიდა აზომვითი ნახაზის შექმნის ეტაპზე არ მოწმდება ვის საკუთრებაში იმყოფება კონკრეტული ფართი, შესაბამისად, შიდა აზომვითი ნახაზი არ არის პირის საკუთრების დამდგენი მტკიცებულება. ამდენად, კასატორისთვის გაურკვეველია სასამართლო რომელ დოკუმენტს მიიჩნევს მესამე პირების უფლების დამდგენად სადავო ფართზე. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო ფართზე შპს „...ის“ საკუთრებაში აღრიცხვამდე ბ-ის უპირატეს უფლებას.
კასატორი აღნიშნავს, სასამართლო ფაქტობრივად აღიარებს სადავო ფართის შპს „...ის“ რეგისტრირებულ საზღვრებში არსებობის ფაქტს, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ კასატორის კუთვნილი შენობის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, სხვენის მესამე პირთა სახელზე რეგისტრაცია მართებულია, რაც კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია.
კასატორის მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა სახეზე იყო თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევა. ასევე სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპზე. ნაცვლად ამისა, სააპელაციო სასამართლო საუბრობს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე, რაც დავის საგანთან კავშირში არ არის. კასატორის მოსაზრებით ასევე არასათანადო მსჯელობას წარმოადგენს რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის საკითხი და სარეგისტრაციოდ მითითებული დოკუმენტების ძალაში ყოფნის ფაქტი, რადგან სარეგისტრაციო დოკუმენტების ბათილად ცნობა არ შედის მოსარჩელის იურიდულ ინტერესში. კასატორი მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი, ბმა „...-ის“ კრების ოქმი და 1996 წლის 22 იანვრის სამკვიდრო მოწმობა არ არის ის სათანადო დოკუმენტაცია, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო ფართზე რეგისტრაციის საფუძველი, ხსენებული დოკუმენტების ძალაში ყოფნა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, რადგან არ ქმნიან რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული დოკუმენტები იყო თუ არა რეგისტრაციის რელევანტური საფუძველი. სასამართლო მიუთითებს ჩამოთვლილი დოკუმენტების ძალაში ყოფნაზე, თუმცა მათ ძალაში ყოფნას იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს.
კასატორის მოსაზრებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება ირღვევა, მოსარჩელის კუთვნილი შენობის სახურავით მესამე პირების მიერ საკუთარივით სარგებლობის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში მდებარე შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული, 2002 წლის 27 მარტის მდგომარეობით შედგენილი შენობის ტექნიკური პასპორტით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ამ მისამართზე არსებული შენობის საერთო ფართობი შეადგენს 2495 მ2; მათ შორის არასაცხოვრებელი ფართი - 2495 მ2 (შენობის საინვეტარიზაციო გეგმით, კერძოდ, მე-4 სართულის გეგმით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ტერასა არ არის გეგმაზე აღნიშნული) და 2015 წლის 18 ნოემბერს შპს „ა...ასა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის საგანია სწორედ ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2495 კვ.მ. ფართი, რომელშიც სადავოდ ქცეული ტერასის ფართი 41 მ2 არ არის გათვალისწინებული.
ასევე დადგენილია, რომ 1993 წლის 9 ივნისს ქ. თბილისის ...ის რაიონის №... საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელსა და ზ. ბ-ას შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ზ. ბ-ას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ქ. თბილისის ...ის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი, ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე ოთხოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 88 კვ.მ., საერთო ფართით 188 კვ.მ. სწორედ პრივატიზებული 188 კვ.მ ქონება მოიცავს სადავო 41 კვ.მ ტერასას და აღნიშნული ტერასა შეადგენს ი. და ზ. ბ-ების საცხოვრებელი ბინის განუყოფელ ნაწილს, რაც თავის მხრივ, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ივნისის N003288616 დასკვნით (4,85კვ.მ ცდომილების გათვალისწინებით).
ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ფართზე შპს „...ს“ არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, შესაბამისად, არ დასტურდება მისი საკუთრების უფლების არსებობა.ამასთან, ის გარემოება, ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ის მიმდებარედ ი. და ზ. ბ-ების ბინის ნაწილი, ფართით 41 კვ.მ., რომელიც დღეისათვის წარმოადგენს ტერასას (ღია ვერანდას) და ფაქტობრივად მოწყობილია ... ის ქუჩა №10-ში, ვერ გახდება ზ. და ი. ბ-ების სადავო ფართზე რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან სადავო ტერასაზე გააჩნიათ ძალაში მყოფი უფლების დამდგენი დოკუმენტი. რამდენადაც, სადავო რეგისტრაციის განხორციელებას წინ უსწრებდა 1993 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისის ...ის რაიონის №... საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელსა და ზ. ბ-ას შორის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც, ზ. ბ-ას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ქ. თბილისის ...ის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი, ქ. თბილისში, ...ის ქ. №15-ში მდებარე ოთხოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 88 კვ.მ., საერთო ფართით 188 კვ.მ. სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ბმა „...-ის“ 2015 წლის 2 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად (რაც სადავო რეგისტრაციის განხორციელების ერთ-ერთი საფუძველი გახდა), ამხანაგობის წევრები შიდა აზომვით ნახაზზე მითითებული ღია ვერანდის აშენების ფაქტს ადასტურებენ 80-იან წლებში და მიუთითებენ, რომ ამ დროიდან წარმოადგენს ვერანდა ...ის ქუჩა N15-ში მდებარე ბინის განუყოფელ ნაწილს.
საკასაციო საჩივრის საფუძვლებს გამორიცხავს საქმეზე დადგენილი ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ის ქუჩის №10-ში მდებარე შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულია 2002 წლის 27 მარტის მდგომარეობით შედგენილი შენობის ტექნიკური პასპორტი, რომლის მიხედვით, ...ის ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ქონება (საერთო ფართი - 2495 კვ.მ., სართულების რაოდენობა - 4) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ტექნიკურ პასპორტში, მითითებული შენობის მე-4 სართულის გეგმაზე ვერანდის ფართი არ ფიქსირდება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №10-ში მდებარე ქონება სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების არსებობის პირობებში არ მოიცავდა ვერანდის ფართს, შესაბამისად, ეს ფართი ვერ გახდებოდა ნასყიდობის საგანი ქონების შემდგომ მესაკუთრეებთან მიმართებაშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „...ის“ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, ასევე მის საფუძველზე საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია (რომელიც წინ უსწრებს მესამე პირების სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას) არ ადასტურებს სადავო ფართზე კასატორის საკუთრების უფლების არსებობას.
ასევე საგულისხმოა, რომ ძალაში არსებული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტებით ეჭვქვეშ არ დგას სადავო 41 კვ.მ. ფართზე მესამე პირთა უფლება და აღნიშნულის გათვალისწინებით ამ დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, 22-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და 23-ე მუხლით გათვალისწინებული - რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის განხილვის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-30-30(2კ-15) 02.07.15წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 13.12.2018წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე