Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-86 (გ-20) 18 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ნ. ნ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 24 ოქტომბერს ნ. ნ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბათუმის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის უკანონო დაკავების, უკანონო ბრალდებისა და უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო მიუღებელი ხელფასის დაკისრება 9839 ლარის ოდენობით, ასევე ზიანის სახით 10 000 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება, 1800 ლარის და 1000 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მხარის მიერ მოპასუხედ მითითებულია ბათუმის რაიონული პროკურატურა, რომლის ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი, თუმცა მოპასუხე მხარის წარმომადგენლობას სასამართლოში ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი, რომლის ადგილსამყოფელიც არის ქალაქი თბილისი. ამასთან, საქმეში მოპასუხედ მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი. მოსარჩელე თავად იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამ პრინციპის გამოხატულებაა ასევე მოსარჩელის უფლება, თავად აირჩიოს მოპასუხე სუბიექტი, ვის მიმართაც წარადგენს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებად დასახელებულნი არიან ბათუმის რაიონული პროკურატურა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ბათუმის რაიონული პროკურატურის მისამართია: ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N7, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მდებარეობს თბილისში, გორგასლის ქუჩა N16-ში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა, დისპოზიციურობის პრინციპის მოქმედების ფარგლებში, მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, თავად აირჩიოს სასამართლო, რომელსაც მიმართავს. თუ კანონით დადგენილი განსჯადობის წესების მიხედვით, ერთზე მეტი სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება საქმე, თითოეული მათგანი შეიძლება წარმოადგენდეს განსჯად სასამართლოს. არჩევანის უფლება ენიჭება მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ნ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ამდენად, კანონით შეთავაზებული ალტერნატივიდან მოსარჩელემ ერთ-ერთი მოპასუხის - ბათუმის რაიონული პროკურატურის ადგილმდებარეობის მიხედვით აირჩია სასამართლო. ეს არჩევანი დაადასტურეს მოსარჩელის წარმომადგენლებმა და დააფიქსირეს მოსაზრება, რომ საქმე უნდა განიხილოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოპასუხედ დასახელებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადგილმდებარეობის გამო სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს (ამ მოტივით არც მომხდარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის გადაგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის).

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარი არგუმენტი, დავის თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი დაქვემდებარების თაობაზე. მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას ბათუმის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლობა ხორციელდებოდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გაცემული შესაბამისი მინდობილობით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოპასუხედ მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო - ბათუმის რაიონული პროკურატურა, გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ადგილმდებარეობას არ უნდა მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა ცალსახად მიუთითა, რომ ზიანის მიმყენებელ ორგანოს წარმოადგენს ბათუმის რაიონული პროკურატურა და მან ამ მოტივით დაიწყო დავა სწორედ ბათუმის რაიონული პროკურატურის მიმართ. საქმის მასალებითაც დგინდება, რომ ბათუმის რაიონულ პროკურატურას აქვს უშუალო შემხებლობა დავის საგანთან და მოპასუხის სათანადოობის საკითხი სასამართლოს მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა. ნ. ნ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა და სახელმწიფო ბრალდების მხარეს წარმოადგენდა სწორედ ბათუმის რაიონული პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 15.1 მუხლის თანახმად, თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პროკურატურის სისტემას ქმნიან: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; გ) თბილისის პროკურატურა; დ) საოლქო პროკურატურები; ე) რაიონული პროკურატურები; ვ) სპეციალიზებული პროკურატურები - ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ორგანული კანონის 13.1 მუხლის თანახმად, რაიონული პროკურატურები პროკურატურის ორგანოებია, რომლებსაც ხელმძღვანელობენ რაიონული პროკურორები. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმებიდან და ამავე ორგანული კანონის 10.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაიონული პროკურატურა წარმოადგენს პროკურატურის სისტემაში მოქმედ ორგანოს და არა საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 15.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური პროკურორი საქართველოს ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობებში წარმოადგენს პროკურატურას და საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს პროკურატურის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში პროკურატურას წარმოადგენს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული ნორმა საჭიროებს განმარტებას სასამართლოს მხრიდან, კერძოდ, უნდა განიმარტოს, გულისხმობს თუ არა სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში პროკურატურის წარმომადგენლობა გენერალური პროკურორის მხრიდან იმას, რომ ნებისმიერ სასამართლო დავაზე, რომელიც წარიმართება პროკურატურის საქმიანობიდან გამომდინარე, მხარეს უნდა წარმოადგენდეს გენერალური პროკურატურა და არა უშუალოდ ქმედების განმახორციელებელი ტერიტორიული ორგანო (საოლქო, ქალაქის, რაიონული). სასამართლოს მოსაზრებით, თუკი საკითხი ამგვარად გადაწყდება, სასამართლომ უნდა დაამკვიდროს ერთიანი პრაქტიკა, სადაც დაუშვებელი იქნება რაიონული პროკურატურის მოპასუხედ დასახელება და სათანადო მოპასუხედ მსგავსი კატეგორიის დავებისთვის ჩაითვლება მხოლოდ გენერალური პროკურატურა. ამ ეტაპზე, სასამართლოში განიხილება დავები, რომლებზეც მოპასუხეს რაიონული პროკურატურა წარმოადგენს და საქმეს განიხილავს სასამართლო რაიონული პროკურატურის მდებარეობის მიხედვით. მაგალითისთვის: N1407891-3/086-16წ. საქმეზე, სადაც მოპასუხე იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა, საქმე განიხილა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და 04.10.2016წ. გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლოს განსჯადობა ეჭვქვეშ არ დამდგარა აღნიშნულ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2017წ. N3ბ/2117-16 გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. Nბს-1010-1006 (კ-17) განჩინებით. ასევე, N3-8/17 საქმე განიხილა და გადაწყვიტა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოპასუხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართ. საქმე ამჟამად განიხილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. საქმე N2442039-3/069-18, მოპასუხის - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიმართ, განიხილა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და 09.08.2018წ. მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლოს განსჯადობა ეჭვქვეშ არ დამდგარა აღნიშნულ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.02.2019წ. 3ბ/2608-18 გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებულია საკასაციო სასამართლოში. საქმე N020310017002131776 (3/207-17) განხილული და გადაწყვეტილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, სადაც მოპასუხეს, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, წარმოადგენდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.02.2018წ. გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. N3/ბ-164-18 გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2018წ. Nბს-1034(კ-18) განჩინებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემოთ მითითებული მაგალითები ცხადყოფს, რომ ამჟამად მოქმედი სასამართლო პრაქტიკით, დასაშვებია ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, საოლქო და რაიონული პროკურატურის, როგორც მოპასუხე სუბიექტების მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დავის განხილვა, მათი ადგილმდებარეობის მიხედვით მოქმედი სასამართლოს მიერ. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.10.2019წ. N3/734-2017 განჩინებაში ასახული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, მიზანშეწონილია, ტერიტორიული განსჯადობისა და პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების საპროცესო ქმედუნარიანობის საკითხი გახდეს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამ მიზნით, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დაიწყოს დავა განსჯადობის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების დარღვევას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოშობს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადია. სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლომ ერთხელ უკვე განსაზღვრა საქმის ტერიტორიული განსჯადობით სხვა სასამართლოსთვის გადაგზავნის საკითხი, ამ პროცედურის განმეორებით გამოყენება დაუშვებელია, შესაბამისად, სახეზეა განსჯადობის თაობაზე დავის დაწყების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ნ-ის სარჩელი, მოპასუხეების - ბათუმის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და მიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ასკ-ის 26.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამასთან, მითითებული მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვებაში იგულისხმება სასამართლოებს შორის დავა არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებული დავა შეეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამრიგად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, თავად სარჩელი დისპოზიციურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, თავად ასახელებს მოპასუხე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე მოპასუხეებად დასახელებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ბათუმის რაიონული პროკურატურა. ამავდროულად, მოსარჩელემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლით გათვალისწინებული უფლება და სარჩელის წარსადგენად აირჩია ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ერთ-ერთი დასახელებული მოპასუხე - ბათუმის რაიონული პროკურატურა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული სარჩელის განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიჩნევის შესაძლებლობა არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარედ დასახელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის ადგილსამყოფელსაც თბილისი წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება პროკურატურის ორგანოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის უკანონო მსჯავრდება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თუ ვისკენ არის მიმართული სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს პროკურატურის ორგანოსთან დავის საგნის კავშირის გათვალისწინებით. ამავდროულად, უნდა შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა დავის განხილვის დაქვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარედ დასახელებულია ბათუმის რაიონული პროკურატურა და მისი ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პროკურატურის შესახებ“ 30.11.2018წ. ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს. აღნიშნული ორგანული კანონის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურატურის საქმიანობის პრინციპია ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება. ორგანული კანონის 8.1 მუხლის შესაბამისად, პროკურატურის სისტემას ქმნიან: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; გ) თბილისის პროკურატურა; დ) საოლქო პროკურატურები; ე) რაიონული პროკურატურები; ვ) სპეციალიზებული პროკურატურები - ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მითითებული ორგანული კანონის 10.1 მუხლის თანახმად, გენერალური პროკურატურა არის პროკურატურის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, ხოლო 15.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელიც ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა სათავეში უდგას პროკურატურის ორგანოების სისტემას და წარმართავს ქვემდგომი პროკურატურების საქმიანობას. პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემდგომი პროკურორი ემორჩილება ზემდგომს და ყველა პროკურორი ერთ ცენტრს - გენერალურ პროკურორს (ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება ზემდგომისადმი შეიძლება გულისხმობდეს ქვემდგომი პროკურორისათვის ზემდგომის მიერ მიცემულ მითითებათა სავალდებულო შესრულებას; ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომის წინაშე, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას; ზემდგომი პროკურორის უფლებას, თავის თავზე აიღოს ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელება ან დააკისროს ქვემდგომ პროკურორს თავისი ცალკეული ფუნქციის შესრულება და სხვ.).

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-15 მუხლი შეიცავს საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს. მათ შორის, 15.2 მუხლის, “ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობებში წარმოადგენს პროკურატურას და საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს პროკურატურის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში პროკურატურას წარმოადგენს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ორგანული კანონის 10.4 მუხლი მიუთითებს ასევე გენერალურ პროკურატურაში სტრუქტურული დანაყოფების - დეპარტამენტების და სამმართველოების არსებობაზე, რომელთა მეშვეობითაც გენერალური პროკურატურა ახორციელებს თავის საქმიანობას, ხოლო დეპარტამენტებისა და სამმართველოების ცალკეულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.2019წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულება“. აღნიშნული დებულების 5.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფია სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ამავე დებულების 6.9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონიდან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე გააჩნია სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უშუალოდ მისი ქმედებიდან არ გამომდინარეობს პირისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი. ამასთან, სასამართლოში წარმომადგენლობას (მათ შორის - ქვემდგომი პროკურატურების სახელით წარმომადგენლობას) გენერალური პროკურატურა უზრუნველყოფს მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულის - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით. რაც შეეხება რაიონული პროკურატურებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებს, აღნიშნული მოიცავს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობას შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და ისინი, როგორც პროკურატურის ერთიან სისტემაში შემავალი ორგანოები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას მოქმედებენ საქართველოს პროკურატურის სახელით.

მნიშვნელოვანია, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის დანაწესთან შესაბამისობაშია საქმეში არსებული გენერალური პროკურორის 17.12.2018წ. ბრძანება, რომლითაც გენერალური პროკურორი მის მოადგილეს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს საქართველოს პროკურატურა საერთო სასამართლოებში, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე. ამავე ბრძანებით გენერალური პროკურორის მოადგილეს მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილების საქართველოს პროკურატურის სხვა თანამშრომლისათვის გადაცემის შესაძლებლობა. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 30.07.2019წ. გაცემული N13/55121 მინდობილობით დგინდება, რომ გენერალური პროკურორის მოადგილე ანიჭებს უფლებამოსილებას გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორს, წარადგინოს საქართველოს პროკურატურა საერთო სასამართლოებში, ნ. ნ-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე.

საქალაქო სასამართლომ, საქმის ტერიტორიული განსჯადობის სადავოდ მიჩნევის დასაბუთებისას, საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელ ორგანოს წარმოადგენს ბათუმის რაიონული პროკურატურა, ბათუმის რაიონულ პროკურატურას აქვს უშუალო შემხებლობა დავის საგანთან, ნ. ნ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა და სახელმწიფო ბრალდების მხარეს წარმოადგენდა სწორედ ბათუმის რაიონული პროკურატურა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის იმ ტერიტორიის სასამართლოსათვის დაქვემდებარება, სადაც პროკურატურის ცალკეულმა ტერიტორიულმა ორგანომ განახორციელა ცალკეული საპროცესო მოქმედებები, გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრინციპებიდან. ასეთ შემთხვევებში, შესაბამისი რაიონის პროკურატურა გვევლინება, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო და სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა საჯარო სამართლის კანონმდებლობის ნაწილია, თუმცა იგი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, წარმოადგენს სამართლის დამოუკიდებელ დარგს და წესრიგდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას, პროკურატურის ორგანოების მიერ განხორციელებული ცალკეული საპროცესო ქმედებები, მათ მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, სასამართლო კონტროლს ექვემდებარება არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართალწარმოების მეშვეობით.

ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები განსხვავდება სისხლის სამართალწარმოების პრინციპებისაგან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლით განმტკიცებული საქმის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განხილვის პრინციპი უკავშირდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლში ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ საქმეთა სახეებს, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, ამ ჩამონათვალში მითითებულ საქმეთა ინდივიდუალურობის, მათი თავისებურების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, რომელ ტერიტორიაზე მდებარე სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება მოსარჩელის უკანონო დაკავებით, უკანონო ბრალდებითა და უკანონო პატიმრობაში ყოფნით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო პროკურატურა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ დავაზე დასახელებულია მოპასუხედ, არა როგორც მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ორგანო, არამედ, სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლი, რომელიც ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს მისი მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. ამ მუხლის მიზანია, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მიემართება პროკურატურის, როგორც სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი ორგანოს მიმართ, უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი პროკურატურის ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გამო, ბათუმის რაიონული პროკურატურა უშუალოდ ზიანის მიმყენებელ ორგანოდ მიიჩნია და საქმეზე დაასახელა მოპასუხე მხარედ, არ არსებობს დავის ბათუმის რაიონული სასამართლოსადმი დაქვემდებარების საფუძველი. ტერიტორიული განსჯადობის შესახებ მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, მნიშვნელობა არ აქვს რაიონული პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას განხორციელებულ იმ საპროცესო მოქმედებათა შესაძლო ბრალეულობას, რამაც მოსარჩელის უკანონო მსჯავრდება გამოიწვია. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ექსკლუზიურად მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლოში წარმომადგენლობის შესახებ, შესაბამისად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სწორედ გენერალური პროკურატურის ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, თუ კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე პროკურატურის ორგანო აწარმოებდა მოსარჩელის უკანონო მსჯავრდების გამომწვევ სისხლისსამართლებრივ დევნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მოპასუხედ მონაწილეობს ბათუმის რაიონული პროკურატურა, განსახილველი ადმინისტრაციული დავის განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადგილმდებარეობის შესაბამისი სასამართლო. საქართველოს გენერალური პროკურორის 29.10.2019წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების 1.2 მუხლის თანახმად, გენერალური პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, თბილისი, გორგასლის ქ. N24. ამდენად, სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სასამართლოში განხილულ და მიმდინარე საქმეთა კონკრეტულ ჩამონათვალზე, რომლებზეც, განსახილველი საქმის მსგავსად, მოპასუხედ დასახელებულია რაიონული პროკურატურა და საქმე განსახილველად დაექვემდებარა რაიონული პროკურატურის მდებარეობის შესაბამის სასამართლოს. საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეთა განხილვის არც ერთ ეტაპზე ეჭვქვეშ არ დამდგარა ტერიტორიული განსჯადობის საკითხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სარჩელის წარდგენისას, შესაბამისი სასამართლო უზრუნველყოფს მისი განსჯადობის საკითხის შემოწმებას და არაგანსჯადობის შესახებ დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, დასაბუთებული განჩინებით

საქმის გადაგზავნას განსჯადი სასამართლოსათვის, რაც შესაძლოა გახდეს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის წარმოშობის საფუძველი. თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს მიერ ცალკეულ საქმეთა განსჯადობის საკითხის შეფასების დაწყების საფუძველია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ, მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის პირობებშია შესაძლებელი ტერიტორიული განსჯადობის სისწორის შემოწმება (მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის წინაპირობა გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე). ამდენად, მოცემული საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა ვერ იქნება დამოკიდებული იმ გარემოებაზე, რომ სხვა მსგავს შემთხვევებში სასამართლოებს არ გამოუტანიათ დასკვნა სარჩელის არაგანსჯად სასამართლოში წარდგენის შესახებ და არ წარმოშობილა სასამართლოთა შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე