Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-30(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სს …ა „ე…ის“ ...ის ...მა (დღეის მდგომარეობით, სს „...ი“) 2019 წლის 22 იანვარს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის 2018 წლის 18 მაისის №04-09/3790 გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68143 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ - ...ის ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის 2018 წლის 18 მაისის N04-09/3790 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 19 დეკემბრის N04/68143 გადაწყვეტილება სს „...ოს“ 2018 წლის 12 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა, რომლებმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სს „...ომ“ ოთხ პაციენტს გაუწია მომსახურება, თუმცა კოდების არასწორად დაფიქსირების გამო, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა გაწეული მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე.

კასატორთა განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით, განმახორციელებლის მხრიდან სამედიცინო დაწესებულებას წაყენებული აქვს პირობა, სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთებისას, დააფიქსიროს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად, ხოლო შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში - გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა (ხორციელდება ელექტრონულად). სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინებები გადაიცემა ამ შემთხვევების მიმდინარეობის პერიოდში, მათ ელექტრონულად დახურვამდე. ზედამხედველობის ამ ეტაპით, განმახორციელებელი ელექტრონულად, ოპერატიულად და მიმდინარეობის პარალელურად იღებს ინფორმაციას დამდგარი სამედიცინო შემთხვევის შესახებ. თუმცა, უკვე დასრულებული მომსახურების ანაზღაურებისათვის მხოლოდ შეტყობინებათა მოდულში გადაცემული ინფორმაცია არ არის საკმარისი. სააგენტოს მიეწოდება საანგარიშგებო დოკუმენტაცია შემთხვევათა რეესტრით, რიგ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მოიცავს პაციენტის დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად. ასევე, სააგენტოს ნაბეჭდი სახით წარედგინება ფორმა 100/ა-ც. შედეგად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, რა დროსაც ხორციელდება წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემსა და მონიტორინგის შედეგებთან, მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა - ფორმა 100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან. ინსპექტირების შედეგები განაპირობებს შემთხვევის ანაზღაურების საკითხს. კერძოდ, დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ წარმოდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს. მსგავს პირობას აყალიბებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმად, შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააგენტო არ შედავებია მიმწოდებელს მკურნალობის მეთოდის არასწორად შერჩევაში. სამედიცინო დაწესებულებისადმი პრეტენზია განპირობებულია პაციენტის დიაგნოზის ურთიერთშეუსაბამოდ გადაცემით. პროგრამულად დაფიქსირდა დამატებითი კოდები და არა ძირითადი, რაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას იწვევს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააგენტომ წარდგენილი დოკუმენტაცია დეტალურად განიხილა, მოისმინა სამედიცინო დაწესებულების არგუმენტები, გამოიკვლია წარდგენილი მტკიცებულებები. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე კლინიკის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას საქმის განხილვაში, ფლობდნენ ინფორმაციას მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შესაბამისად, საქმეზე მიღებული აქტები ეფუძნება ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეულ და შესწავლილ ფაქტებს, არგუმენტებსა და მტკიცებულებებს. ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში სრულად იქნა დაცული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურები. ამრიგად, კასატორთა მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლ. ა-ას, ნ. ჩ-ას, ი. ბ-ასა და ც. ჩ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. პაციენტთათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ მიუთითებს კოდს. სადავო შემთხვევაში კი, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წარმოებისას გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ კოდები დააფიქსირა სწორედ იმ დაავადებებისა, რომლებზეც გაეწია მკურნალობა პაციენტებს. ამასთანავე, სააგენტო სადავოდ არ ხდის დიაგნოზების დასმის სისწორეს. ამ პირობებში კი, საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას, რომ კოდების არასწორად დაფიქსირება გამოიხატა პაციენტთა დაავადებების ერთდროულად რამდენიმე ძირითადი კოდით წარდგენაში, რომელთაგან ერთ-ერთი რეალურად დამატებითი იყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ძირითადი კოდი ენიჭება იმ დაავადებას, რომლის სამკურნალოდაც არის პირი კლინიკაში მოთავსებული, ხოლო დამატებითი კოდის მინიჭების საჭიროება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე პირს აღენიშნება სხვა დაავადებები ან გართულებები, რაც, ასევე, საჭიროებს სამედიცინო დახმარების გაწევას. ამასთანავე, არ არის გამორიცხული ერთდროულად რამდენიმე ძირითადი კოდის არსებობა. სადავო შემთხვევაში კი, ვინაიდან დასტურდება მიწოდებული კოდების პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დაავადებებთან შესაბამისობა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ წერილობითი განმარტება, რომ ძირითადი და დამატებითი დაავადებებიდან გამომდინარე კოდების კლასიფიკაცია არასწორად მოხდა, ვერ გახდება სამედიცინო დაწესებულების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ლ. ა-ასა და ნ. ჩ-ას შემთხვევებში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი კოდებიდან ერთ-ერთი წარდგენილი დიაგნოზით/ხანგრძლივობით საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დასტურდება; ხოლო ი. ბ-ასა და ც. ჩ-ის შემთხვევებში - გადაუდებელი თერაპიული მომსახურება სამედიცინო საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე, სააგენტოსთვის გადაცემულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიწოდებული ინფორმაცია დიაგნოზითა და ხანგრძლივობით ზუსტ შესაბამისობაშია სამედიცინო დოკუმენტაციასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 2020 წლის 5 თებერვლის №03405 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე