გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11-დად 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ თ. ც-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული თ. ც. არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 12 ნოემბრის განაჩენით თ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საქართველოს პრეზიდენტის 18.05.2003 წლის ¹571 განკარგულებით თ. ც. შეწყალებულ იქნა, დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ც-ის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 1996 წლის 19 სექტემბერი, ხოლო დასასრული _ 2007 წლის 19 სექტემბერი. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004 წლის 19 დეკემბერს.
2004 წლის 27 დეკემბერს ქ. რუსთავის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ თ. ც-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული თ. ც. ხასიათდება დადებითად, არის მშვიდი და თავაზიანი, აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებზე რეაგირებს დადებითად, კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, დავალებებს ასრულებს დროულად და ხარისხიანად. მსჯავრდებული თ. ც. დაავადებულია ფილტვების ტუბერკულოზით, რის გამოც 4 წლის განმავლობაში მკურნალობდა ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში. იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია სამჯერ, კერძოდ: 2000 წლის 29 დეკემბერს გამოეცხადა მადლობა ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით; 2002 წლის 29 ივლისს სანიმუშო ყოფაქცევისათვის მოეხსნა ადრე დადებული სასჯელები; 2004 წლის 27 დეკემბერს დაწესებულების დირექტორმა წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ თ. ც-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან, მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. ც. ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ თ. ც-ს მოხდილი აქვს სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი, კერძოდ კი _ 8 წელი, 4 თვე და 6 დღე. იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის წახალისებულ იქნა სამჯერ. რუსთავის ¹...დაწესებულების დირექტორი დ. ს., დირექტორის მოადგილე სოციალური სამსახურის დარგში ს. Mმ., დირექტორის მოადგილე მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და სოციალურ საკითხებში ს. ბB-., მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და სოცალური სამსახურის ინსპექტორი კ. თ., უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გ. თ., სარეჟიმო განყოფილების უფროსი ო. გ. თ. ც-ს ახასიათებენ დადებითად. საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ¹...დაწესებულების წარმომადგენელმა გ. ნ-მ თ. ც ასევე დადებითად დაახასიათა. ამასთან საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული თ. ც დაავადებულია ფილტვების ტუბერკულოზით, რის გამოც იგი ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ც-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 617-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ თ. ც-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
მსჯავრდებული თ. ც. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.