Facebook Twitter

საქმე №ბს-1363(კ-18) 4 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. თ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გასჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - საიჯარო ქირისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 10 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ზ. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ზ. თ-ისთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 5 665,35 ლარისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს - 5 301,20 ლარის გადახდის დაკისრება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. თ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარი ქირის - 5 665,35 (ხუთი ათას ექვსას სამოცდახუთი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; ზ. თ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 301,20 (ხუთი ათას სამას ერთი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ. თ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2015 წლის 10 ნოემბრიდან 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდა სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5608.85 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება: ა) 2015 წლის 10 ნოემბრიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1317.75 ლ (217.83+1075.47+24.45); ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე- 6248.10 ლარი. (1033+5101.36+113 ლ. 74); გ) ზ. თ-ის გადახდილი საგარანტიო თანხები 1957 ლარი (169+1750+38) ჩაეთვალოს საიჯარო ქირაში და საბოლოოდ ზ. თ-ს გადასახდელად დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა 2015 წლის 10 ნოემბრიდან - 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით - 5608. 85 ლარის ოდენობით (1317.75+6248.10-1957=5608.85); ზ. თ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით თითოეული ხელშეკრულებიდან - გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ 243 დღეზე - 2016 წლის 1/I-დან 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით - 321.84 ლარი (53.46+262.44+5.94): 4) ს/კ ... -ზე 2015 წლის 10 ნოემბრიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდელი 217.83ლ 0.1% 243 დღეზე - 53.46 ლარი (217.83x 0.1:100 x243); 5) ს/კ ...-ზე 2015 წლის 10 ნოემბრიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდელი 1075.47ლარის 0.1% 243 დღეზე - 262.44 ლარი (251075.47 x 0.1 : 100 x 243); 6) ს/კ ... -ზე 2015 წლის 10 ნოემბრიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდელი 24.45 ლარის 0.1% 243 დღეზე - 5.94 ლარი ( 24.45 x 0.1 : 100 x 243); დანარჩენ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორო სადავოდ ხდის ზ. თ-ისათვის 5665,35 ლარის ნაცვლად 5608,85 ლარის დაკისრებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში სწორად იმსჯელა საიჯარო ქირის გამოთვლის პრინციპზე, მაგრამ სასამართლომ არასწორად გამოთვალა საიჯარო ქირის ოდენობა, რომელიც წარმოდგენილი სარჩელით სწორად და მკაფიოდ დგინდებოდა.

კასატორი ასევე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს და ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხდელი თანხის: 1559 ლარის, 7697 ლარისა და 175 ლარის 0,1%.

კასატორი ასევე არ ეთანხმება, სასამართლოს მიერ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლითა და 3.1.7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 6.3 და 6.5 მუხლებით დაკისრებული, სამივე ხელშეკრულებიდან გამოდინარე პირგასამტეხლოს - 3000 ლარის გაუქმებას და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და შეუძლებელიც კი, ხელშეკრულებაში ჩადებული თითოეული პირობის მნიშვნელობის განმარტება, გაშლა და დაფიქსირება ამავე ხელშეკრულებაში, რადგან მასში ამა თუ იმ პირობის გათვალისწინება იმთავითვე გულისხმობს, რომ აღნიშნული პირობა კრედიტორისათვის მნიშვნელოვანია და შესასრულებლად სავალდებულოა. თოთოეული ვალდებულების მიმართ კრედიტორს გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი, რომ იგი შესრულდება და თანაც დათქმულ ვადაში. სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებიც სწორედ მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების თავისუფლებაზეა აგებული, რაც ხელშეკრულებათა პირობების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრას ნიშნავს, ხოლო ამგვარი, მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განმარტება დარღვეული ვალდებულების უმნიშვნელობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, არარელევანტურია და ეწინააღმდეგება მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც არ არსებობს ამ ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან ზ. თ-ის გათავისუფლების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამარლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება.

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრსა და ზ. თ-ს შორის 2015 წლის 10 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის დაკისრება.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრსა (მეიჯარე) და ზ. თ-ს (მოიჯარე) შორის 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა სამი საიჯარო ხელშეკრულება, რომლებითაც ზ. თ-ს 15 წლის ვადით იჯარით გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 22487 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...), 139947 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) და 5008 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად, მოიჯარეს ქონების სარგებლობისათვის ყოველწლიურად უნდა გადაეხადა 22487 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საიჯარო ქირა 1559 ლარი, 139947 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 7697 ლარი და 5008 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 175 ლარი, რომელიც ამავე ხელშეკრულებების 2.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.

ასევე დადგენილია, რომ ზ. თ-ის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების შესაბამისად, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში (საკადასტრო კოდი: ...; ...; ...) მდებარე ქონების იჯარის გაფორმების მიზნით ზ. თ-ის მიერ გადახდილია საგარანტიო თანხები შემდეგი სახით: 2015 წლის 15 ოქტომბერს 38 ლარი (საკადასტრო კოდი: ...); 2015 წლის 29 ოქტომბერს 175 ლარი (საკადასტრო კოდი: ...); 2015 წლის 29 ოქტომბერს 169 ლარი (საკადასტრო კოდი: ...). სწორედ იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 30 აგვისტოს N…, N…, N… ბრძანებებით ცალმხრივად შეწყდა ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო განაცხადი წარმოდგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი საიჯარო ქირის სრული ოდენობით დაკისრების, გადაუხდელი თანხის 0,1%-ისა და საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 581-ე და 592-ე მუხლები და სწორად განმარტა გამოყენებული ნორმების შინაარსი. ასევე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ქირა გადახდილი უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილი უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. ამგვარად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ იჯარის ხელშეკრულება წარმოადგენს ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც იმავდროულად სასყიდლიან ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეიჯარის ძირითადი ვალდებულება მოიჯარისთვის ნივთის გადაცემაში გამოიხატება, ხოლო მოიჯარის ძირითად ვალდებულებას საიჯარო ქირის გადახდა წარმოადგენს. ამასთანავე, საიჯარო ქირის გადახდის წესი და ვადა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე, სწორედ მხარეები განსაზღვრავენ ქირის სახეს და გადახდის წესს, თავის მხრივ, მოიჯარემ სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს იჯარის ქირის გადახდა, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა იჯარის წლიური ღირებულების 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადახდის ვალდებულების შესახებ არ გამომდინარეობს 2015 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებიდან. ასევე, კასატორის მიერ მითითებული წესით საიჯარო ქირის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ქირის გადახდის წესს. შესაბამისად, არამართებულია აღნიშნული საიჯარო ქირიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 0,1% გამოთვლის შესახებ მოთხოვნაც. ამასთან, საგულისხმოა, რომ მთელი წლის საიჯარო ქირის ღირებულების მოთხოვნა მაშინ, როცა მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაიწყო 2015 წლის 10 ნოემბერს არ შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს.

საკასაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ითვალისწინებს ნების გამოვლენის განმარტებას, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აღნიშნულის და კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები 2015 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულების არსებობისა და ნაწილ ვალდებულებათა მიმართ შესრულების შეუძლებლობის შესახებ.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე