Facebook Twitter

ბს-1134 (გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპს „...ო“;

მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „...ომ“ 2019 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, შპს „...ოსა“ და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის 2013 წლის 08 ნოემბერს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „...ოს“ სასარგებლოდ მოპასუხისათვის 176 930 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის N01-4/135 ბრძანებით შპს „...ოს“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 1 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). აღნაგობის ვადა განისაზღვრა 49 წლით. შპს „...ოს“ მიწის ნაკვეთი გადაეცა ...ის მშენებლობისათვის. ამასთან, განისაზღვრა, რომ მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღმოჩნდა, რომ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლების მოპოვება შეუძლებელია, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება წარმოადგენს შეცდომით დადებულ გარიგებას. ამდენად, არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის გადახდილი თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „...ოს“ სარჩელი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რადგან მოთხოვნა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან. სასამართლოს მითითებით, სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რაც განსახილველი დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დავად მიჩნევის ერთ-ერთი საფუძველია. ამასთან, მნიშვნელოვანია დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდეს. მოცემულ შემთხვევაში, აქტები, რომელთა საფუძველზეც დაიდო სადავო ხელშეკრულება, საჯარო სამართლის ნორმებით მოწესრიგებულ სამართალურთიერთობას ეფუძნება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის N01-4/135 ბრძანება თავისი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით (მათ შორის მოსასვენებელი სივრცის მოწყობის ვალდებულება) მხარეთა შორის დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მისი დადების მიზანს წარმოადგენდა ინვესტიციის განხორციელება, რაც სარგებელს მოუტანდა მუნიციპალიტეტსაც. ამდენად, სახეზეა სამართლებრივი ურთიერთობის საჯარო ინტერესი.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით, შპს „...ოს“ სარჩელი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლებამოვალეობებით. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს, კერძოდ, ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსის მიხედვით განისაზღვრება. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ისარგებლოს კერძო სამართლით გათვალისწინებული საშუალებებით.

სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო საკითხი ფორმალურად ადმინისტრაციული დავის მსგავსია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ფორმალურ მხარეს, არამედ დავის შინაარსს. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულება მოსარჩელეს არ აღჭურავს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით. სადავო ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა კერძო-სამართლებრივი უფლების რეალიზაცია და კერძო პირს სარგებლობაში გადასცა ქონება. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ შპს „...ოსათვის“ მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება არ გულისხმობს მხარეებს შორის ვერტიკალური, ქვემდებარეობითი ურთიერთობის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების იმპერატიული ნების გამომხატველ სუბიექტს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავა ეხება სახელმწიფო ქონების კერძო პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემას და არა სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას, კერძო პირისათვის საკუთრებაში გადაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის N01-4/135 ბრძანების ბათილად ცნობა და შპს „...ოს“ სასარგებლოდ მოპასუხისათვის 176 930 ლარის გადახდის დაკისრება. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 08 ნოემბრის N01-4/135 ბრძანების თანახმად, შპს „...ოს“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრძანება გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული აღნაგობის პირობები. აღნაგობის პირობების თანახმად, აღნაგობის უფლების მიმღებ პირს ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ...ის აშენების მიზნით. ამასთან, შპს „...ო“ ვალდებული იყო ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე 155 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და ამავე ქუჩაზე, ქუჩის გამყოლი ზოლის მიერ დაკავებული 245 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთან აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღმოჩნდა, რომ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლების მოპოვება შეუძლებელია, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება წარმოადგენს შეცდომით დადებულ გარიგებას. ამდენად, არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის გადახდილი თანხა. მოსარჩელე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, უნდა დადგინდეს სადავო ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი.

საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, არამედ ძირითადი, უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად ხელშეკრულების დადებას. სხვაგვარად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას მიენიჭებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება. შესაბამისად, მის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს. ამასთან, მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი.

კონკრეტულ შემთხვევაში, აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულ პირს - შპს „...ოს“ სათანადო საფასურის სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა შესაბამისი საფასური უძრავი ქონებით სარგებლობის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარე ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების (რეალაქტის) განხორციელების მოვალეობის წარმოქმნას, ხელშეკრულების დადების შედეგად მხარის საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „...ოს“, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადასცა უძრავი ქონება. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოქმნის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. ამასთან, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

სადავო ბრძანების (რომელიც გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან) გამოცემის საფუძვლად მითითებულია ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი და მე-5 მუხლი. აღნიშნული წესის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების ან/და შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულს აგრეთვე ითვალისწინებს დღეს მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-78 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტიც. ამდენად, აღნაგობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „...ოსათვის“ მის მიერ გადახდილი აღნაგობის ქირის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ურთიერთობა კერძოსამართლებრივი ხასიათისაა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ შპს „...ოსათვის“ …თან ერთად მოსასვენებელი სივრცის მოწყობის ვალდებულების დაკისრება, თავისთავად არ ნიშნავს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების პირობას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად, დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელშიც ადმინისტრაციული ორგანო არ არის აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით. ამასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა (სუსგ 29.06.2017წ., №ბს-73-72(კ-17); 29.06.2017წ. №ბს-959-950(კ-16)).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ოს“ სარჩელი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე