Facebook Twitter

#ბს-549(2კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 იანვარს გ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის, კ. ა-ის, ბ. ბ-ისა და მ. ა-ის მიმართ.

მოსარჩელემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 3044 კვ.მ მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრაციის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 31 მაისის #1574 ბრძანების, უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში საპრივატიზებო ნუსხაში უძრავი ქონების #... შეტანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 აგვისტოს #49 განკარგულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილ გადაფარვის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის 20.09.2016 წლის #109 ოქმის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ბ. ბ-ეს შორის 04.11.2016წ. გაფორმებული ნასყიდობის #115 ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 13.10.2016წ. გაცემული #102 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს უძრავ ნივთზე (ს/კ #...) გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება, რომელიც კ. ა-ის ორგანიზებით ჯერ საკუთრებაში გაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, შემდეგ კი აუქციონზე მიჰყიდა კ. ა-ის ოჯახის წევრს ბ. ბ-ეს, რომელმაც საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციიდან მეორე დღესვე ქონება თვალთმაქცური გარიგებით გადაუფორმა ასევე კ. ა-ის ოჯახის წევრს მ. ა-ეს.

მოსარჩელის მითითებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები სრულყოფილად და მის საკუთრებაში არსებული მიწა დაირეგისტრირა საკუთრებაში.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან გ. ს-ის სარჩელისა გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის, კ. ა-ის, ბ. ბ-ისა და მ. ა-ის მიმართ, ცალკე წარმოებად გამოიყო გ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება (გარდა ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში) და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილ გადაფარვის ნაწილში: უძრავ ნივთზე (ს/კ #...) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის #... გადაწყვეტილება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 3044 კვ.მ მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 31 მაისის #1574 ბრძანება, საპრივატიზებო ნუსხაში #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების შეტანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 აგვისტოს #49 განკარგულება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის 2016 წლის 20 სექტემბრის #109 ოქმი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს გაცემული #102 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ბ. ბ-ეს შორის 2016 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული #115 ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სერვისების განყოფილების უფროსის 2016 წლის 10 მაისის წერილსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2017 წლის 7 თებერვლის წერილზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის წერილი მოიცავს 2008 წლიდან არსებულ ინფორმაციას, ხოლო მოსარჩელის სახელზე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო 2008 წლამდე დაუზუსტებელი სახით; რაც შეეხება გამგებლის მოადგილის წერილს, უფლებამისილი პირი სადავო მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციას არც ადასტურებს და არც უარყოს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული დოკუმენტები ვერ აქარწყლებენ სარჩელში მითითებულ არგუმენტებს.

პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, რაც ზედდების შესახებ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ინფორმაციასთან და საქმეში არსებულ გარემოებებთან ერთად იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ საკუთრებაში დაირეგისტრირა და შემდგომ აუქციონის წესით განკარგა საჯარო რეესტრში გ. ს-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის, აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხეთა მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოცემული საკუთრების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობის დაუშვებლობის შესახებ კეთილსინდისიერ შემძენზე მითითებით. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ყოველთვის არ გამორიცხავს ხელშეკრულების და მის თანმდევი შედეგების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები მფლობელობის განხორციელების თვალსაზრისით, დაცულია მესაკუთრის ტოლფასად. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედებით დაირღვა მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი, სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც ადგილი არ ჰქონია. პალატამ აღნიშნა, რომ აუქციონში გამარჯვების შედეგად გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტები (#115 ნასყიდობის ხელშეკრულება და #102 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა) არის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი, ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რიგი საჯარო მოქმედებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება, რა გარემოებებიც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისმა და ბ. ბ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 25.10.2016წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. შესაბამისად, ძალაშია ხსენებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მ. ა-ის სახელზე განხორციელებული ბოლო სარეგისტრაციო ჩანაწერი უძრავ ქონებაზე ს/კ ....

კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრმა საქმის გარემოებების გამოკვლევის ფარგლებში შეადარა განაცხადზე წარდგენილი დოკუმენტაცია თავისთან არქივში დაცულ მონაცემებს, თუმცა, გამოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 3044.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ მოიცავდა სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ხსენებულს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2017 წლის 7 თებერვლის #798 წერილით სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადასტურებული ვერ იქნა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 3 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილობაზე უსაფუძვლო იყო.

კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს).

კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად ცალკე წარმოებდა გამოყოფილი მოთხოვნა 2016 წლის 25 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის წარმოებაც მოცემული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე შეჩერებულია, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას არ უნდა გაებათილებინა სადავო აქტები.

კასატორის - ბ. ბ-ის მითითებით, გ. ს-ს არ გააჩნია 0,386 ჰა მიწის ფართობზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც აუცილებელია მიწის პირველადი რეგისტრაციისთვის. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ ვიდრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თავის სახელზე დაირეგისტრირებდა მიწის ნაკვეთს, ის უკვე კერძო საკუთრებაში იყო რეგისტრირებული გ. ს-ის სახელზე.

კასატორი მიუთითებს მის სახელზე გაცემულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე და აღნიშნავს, რომ მოცემული ოქმის მიმართ მას გააჩნია კანონიერი ნდობა, ვინაიდან არ ჩაუდენია უკანონო მოქმედება. კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობები შეიძინა ე. გ-ისგან; აღნიშნული მიწით სარგებლობდა წლების განმავლობაში, რისთვისაც თანხა არ მოუთხოვიათ. კასატორის მითითებით, იგი დაინტერესდა აღნიშნული მიწის შესყიდვით. საჯარო რეესტრიდან კი, მიიღო ინფორმაცია, რომ ეს ფართობი საკუთრებაში არ იყო რეგისტრირებული, რის გამოც შეისყიდა აუქციონის წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანია შეფასდეს გასაჩივრებული აქტების გამოცემისას სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკუთრებას თუ საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში გ. ს-ის სახელზე.

საქმეში არსებული სარეგისტრაციო მოწმობით, საკადასტრო რუკით და მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია ...ში მდებარე 0.386 ჰა ტრაპეციის ფორმის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირობითი ნომრით - 191, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი.

საქმეში წარმოდგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებული სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო, მისი კონფიგურაცია ტრაპეციის ფორმისაა, ფართი - 3044 კვ.მ, მის მომიჯნავედ მდებარეობს #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა შ. ა-ის ოჯახის საკუთრებას, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტს ასევე წარმოადგენდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთის პირველადი სარეგისტრაციო ნომერი იყო 192 და შ. ა-ის სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო რუკაზე მომიჯნავედ ფიქსირდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში კ. ა-ეც, რომელმაც პაექრობის ეტაპზე ისიც დაადასტურა, რომ სანამ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდებოდა, მანამდე გ. ს-ს სადავო მიწის ნაკვეთი დოკუმენტის გარეშე ჰქონდა „სხვებზე“ გასხვისებული. აღნიშნულ გარემოებებს ასევე ზოგადად ადასტურებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირები.

შესაბამისად, სახეზე გვაქვს მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი სახით მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია, რასთან მიმართებითაც, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მითითებაზე, რომლის თანახმად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; პირიქით, ცალსახაა, რომ თუკი მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონის წესით განკარგულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება, ასეთივე ზედდება იარსებებდა ჯერ მუნიციპალიტეტის, ხოლო შემდეგ მოპასუხე კერძო პირთა საკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახით აღრიცხულ საკადასტრო მონაცემებთან, რისი შემოწმებაც საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა.

საკადასტრო აზომვითი ნახაზების სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან ურთიერთშედარება, მოწმეთა ჩვენებები და თავად მოპასუხე კ. ა-ის განმარტება ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, რასთან მიმართებითაც, ასევე საყურადღებოა მოსარჩელის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო რუკა (მიუხედავად დაუზუსტებელი რეგისტრაციისა), რომელიც შეიცავს მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, კერძოდ, სარეგისტრაციო ზონას სექტორს კოდების მითითებით, ნაკვეთისა და კვარტლის ნომრებს, ფართობს, მისამართს.

შესაბამისად, მითითებული გარემოებები ნათლად ასახავს უძრავი ქონების ადგილმდებარეობას, რაც ზედდების შესახებ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ინფორმაციასთან და ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ საკუთრებაში დაირეგისტრირა და შემდგომ აუქციონის წესით განკარგა საჯარო რეესტრში გ. ს-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის, აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე კ. ა-ეს 15.03.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 07.06.2019წ. №15084 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კ. ა-ეს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 15.03.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.06.2019წ. №15084 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი