საქმე #ბს-497(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე;
მოსარჩელე _ მ. ა-ი;
მოპასუხეები _ სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია;
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა 2017 წლის 07 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის - 3 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის რელიგიური ორგანიზაციის - სსიპ ...ოს ...ე. მ. ა-ის განმარტებით, საპასპორტო-სავიზო კონტროლისა და თანმდევი საბაჟო პროცედურების გავლის დროს არაერთხელ გამხდარა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. კერძოდ, 2017 წლის 24 მარტს, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს, საპასპორტო მონაცემების შემოწმების შემდგომ, საზღვარზე მყოფმა პირმა მოსთხოვა გაჩერებულიყო და დალოდებოდა. შემდგომ მოსარჩელე შეიყვანეს ცალკე ოთახში და ჩაუტარეს როგორც პირადი, ისე ბარგის შემოწმება. შემოწმების პარალელურად უსვამდნენ კითხვებს გამომგზავრებისა და დანიშნულების ადგილის შესახებ, აგრეთვე იმ წიგნების შინაარსის თაობაზე, რომლებიც თან ჰქონდა. შემოწმების შემდგომ მ. ა-ს გამოართვეს პასპორტი, გადაუღეს ფოტო და გაატარეს საზღვარზე. აღნიშნული პროცედურა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, რის გამოც მოსარჩელემ ვერ მიუსწრო ტრანსპორტს, რომლითაც უნდა ემგზავრა. მ. ა-ის განცხადებით, ანალოგიური ფაქტები განხორციელდა 2017 წლის 18 აპრილსა და 16 მაისს, თუმცა ამჯერად მოსარჩელე 30 წუთით შეაყოვნეს საზღვარზე. არც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში მ. ა-ისათვის არ განუმარტავთ მისი შემოწმების მიზეზი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს რელიგიური და რელიგიური გაერთიანების კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით მ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კოლეგიის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, არამედ სახეზეა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სამართალწარმოება, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე, დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარით, რომელიც აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. ხსენებული კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, „დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ ამდენად, კოლეგიის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის თაობაზე სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, კოლეგიამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ N411-406(გ-16), 2016 წლის 23 ივნისი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით საქმე, მ. ა-ის სარჩელის გამო, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ; დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის მიმართ საქართველოს საზღვრის კვეთისას შესაბამისი უწყების თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციული ქმედება, რაც, სარჩელის მიხედვით, გამოიხატა მოსარჩელის შემოწმებაში, მის სხვა ოთახში გაყვანასა და სხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ პრეცენდენტული სამართალი განვითარებულია იმ მიმართულებით, რომ ცალკე აღებული მე-14 მუხლი არ ქმნის დამოუკიდებელ და სრულყოფილ უფლებას, ეს უფლება კავშირშია და დამოკიდებულია სხვა - უკვე არსებით და თვითმყოფად, დამოუკიდებელ უფლებაზე და განიხილება ამ დამოუკიდებელი უფლების ჭრილში და აუცილებლად მასთან ერთად. ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის ამ პრინციპისა და პრაქტიკის შესაბამისია ეროვნული კანონმდებლობა. კოლეგიამ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის 1-ლ, მე-3 და მე-4 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ხსენებული კანონის გამოყენება შესაძლებელია როგორც კერძო, ისე საჯარო სამართალურთიერთობაში. ამდენად გაუმართლებელია მსჯელობა, რომ მითითებული კანონი სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსის მქონეა და ყველა დავა, რომელიც მისი გამოყენებით უნდა გადაწყდეს, სამოქალაქო-სამართლებრივია. აღნიშნულს, კოლეგიის მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინება ადასტურებს (მაგ: Nბს-411-406; Nბს-610-604), კერძოდ, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ დისკრიმინაციულ ქმედებას, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ისე საჯარო სფეროში. ამდენად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებული ყველა დავის სამოქალაქო საქმეების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში მოქცევა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული იუსტიციის სფეროდან, ხოლო საგნობრივი განსჯადობის ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვევს საჯარო დაწესებულებების ისეთი ქმედებების თაობაზე დავების დაქვემდებარებას სამოქალაქო სამართალწარმოებისადმი, რომლებიც გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე კერძო სამართლის სუბიექტის ანალოგიური ქმედება.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, გაუგებრობას ქმნის ის გარემოება, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების მომწესრიგებელი პროცესუალური ნორმები სამოქალაქო საპროცესო კოდექსში აისახა, რაც პალატის მოსაზრებით, ერთ-ერთი არგუმენტია ასეთი დავის სამოქალაქო სამართალწარმოების გზით განხილვის სასარგებლოდ, თუმცა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმის განსჯადობას არ განაპირობებს დისკრიმინაციული ხასიათის დავის განხილვის მომწესრიგებელი ნორმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განთავსება. დისკრიმინაციული შინაარსის მქონე სარჩელის განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო ნორმებს თავისუფლად გამოიყენებს ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო. კოლეგიის მოსაზრებით, რომელი კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებით თანასწორად სარგებლობის გამორიცხვასაც ეხება სარჩელი, იმ კატეგორიით უნდა განისაზღვროს დავის საგნობრივი ხასიათიც. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესაბამისი უწყების თანამშრომლების მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას რელიგიური და რელიგიური ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშნით. კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმის განსჯადობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სარჩელის ელემენტებისა და სამართალურთიერთობის ცალკეული კომპონენტების განსაზღვრა. დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივ დავის კერძო-სამართლებრივ დავად მიჩნევა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავის საჯარო სამართლებრივ მოთხოვნას კერძო-სამართლებრივი ნორმების მეშვეობით ასაბუთებს. წინამდებარე სარჩელი განხილვისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარით და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობითაც, რადგან სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების კანონიერება, რაც სასაზღვრო პუნქტზე კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილების ფარგლების დადგენის გარეშე შეუძლებელია. ამასთან მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონკრეტული ქმედების აკრძალვა წარმოადგენს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დავაზე სათანადო მოპასუხის საკითხიც უწყებათა კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, თავისთავად არ წყვეტს საგნობრივი განსჯადობის საკითხს, არამედ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ. ა-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა და მორალური ზიანის 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში. ამდენად, დისკრიმინაციული ქმედება შესაძლოა მომდინარეობდეს საჯარო დაწესებულების მხრიდან და ჩადენილ იქნეს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, რაც გამორიცხავს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების მხოლოდ სამოქალაქო კატეგორიის საქმეების განსჯადი სასამართლოების მიერ განხილვას.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII3 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხის მომწესრიგებელი ნორმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განთავსება გავლენას ვერ იქონიებს დავის საგნობრივ განსჯადობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლო არ არის შეზღუდული გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII3 კარით დადგენილი წესები ( იხ. სუსგ. Nბს-377-374(გ-17), 2018 წლის 01 აგვისტო; Nბს-724(გ-19), 2019 წლის 04 ივნისი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არის რელიგიური ორგანიზაციის - სსიპ ...ოს ...ე. საქართველოს საზღვარზე შემოსვლის დროს საბაჟო პროცედურების გავლისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც გამოიხატა უფლებამოსილი პირების მიერ მის დაუსაბუთებელ შეყოვნებასა და შემოწმებაში. ამასთან, საზღვარზე შეამოწმეს მისი ბარგი და კითხვები დაუსვეს ბარგში არსებული წიგნების შინაარსთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა შეუძლებელია სასაზღვრო პუნქტზე კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილების ფარგლების დადგენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევა მოითხოვს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა მიერ თავიანთი საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კანონიერების შემოწმებას, რაც სცილდება სამოქალაქო დავების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას. საზღვარზე შემომავალი მგზავრისა და მისი ბარგის დათვალიერება ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავის სამოქალაქო წესით განხილვა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციის სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში (იხ. სუსგ Nბს-171(კ-19), 2019 წლის 07 მაისი).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად ითხოვს დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრას. კერძოდ, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 28 ივნისს წარდგენილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ითხოვს მოპასუხეებისათვის მ. ა-ის მიერ საზღვრის კვეთისას მისი დაუსაბუთებლად, ახსნა-განმარტების გარეშე დისკრიმინაციული მოტივით დაყოვნებისა და პირადი და ბარგის შემოწმების აკრძალვას. ამდენად, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული მოქმედებისაგან თავის შეკავება წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სახეა. აღნიშნული გარემოება დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის სარჩელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ქ. ცინცაძე