საქმე №ბს-1298(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - შ. ჩ-ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი მ. ბ-ი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 სექტემბერს შ. ჩ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელ მ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ბ-ის მიმართ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად, საქმე შ. ჩ-ის სარჩელისა გამო მ. ბ-ის მიმართ, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით შ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; საქმე გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა მოპასუხისა და მოთხოვნის დაზუსტება. 2019 წლის 18 სექტემბერს შ. ჩ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შ. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა მოპასუხე პირთა წრის დაზუსტება, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება.
2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შ. ჩ-მა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შ. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა მოპასუხე პირთა წრის დაზუსტება. 2019 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შ. ჩ-მა და მოპასუხედ მიუთითა აღმასრულებელი მ. ბ-ი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ჩ-ის სარჩელის განსჯადი სასამართლო იყო ბათუმის საქალაქო სასამართლო, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) განისაზღვრა დავათა ტერიტორიული განსჯადობის წესი. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის პირველი ნაწილის (საერთო განსჯადობა ) თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით სხვა განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია: აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მ. ბ-ი. მოპასუხის მისამართია: ქ. ბათუმი, ხიმშიაშვილის ქ. №7 (მოსარჩელე უთითებს 2019 წლის 3 ოქტომბრის განცხადებაში). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს მოპასუხის - აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ. ბ-ის მიმართ, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სარჩელი გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებას და 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი შ. ჩ-ი, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია მ. ბ-ი, რომელიც არის იურდიული პირის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი (იმავდროულად აჭარის რეგიონალური სტრუქტურული დანაყოფის აღმასრულებელი). მოპასუხე მ. ბ-ი მოსარჩელეს თავდაპირველ სარჩელში მოხსენიებული ჰყავს, როგორც საქართველოს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, მისამართი ქ. თბილისი. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2018 წლის 5 ოქტომბერს წარდგენილ სარჩელში მოსარჩელეს მოპასუხედ მ. ბ-თან ერთად მითითებული ყავს თბილისის სააღსრულებო ბიუროც. ამასთან, მოგვიანებით საბოლოო დაზუსტებულ განცხადებაში მოპასუხედ მითითებულია მხოლოდ აღმასრულებელი მ. ბ-ი. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელმა მ. ბ-მა დაარღვია მოცემული გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები, კერძოდ, ნაცვლად 400 ლარისა, მოსარჩელეს დაურიცხა 133 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში აღმასრულებლის მოქმედება, რაც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ხასიათს ატარებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სამართლებრივი დავა არ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმე და წინამდებარე სარჩელი ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით, რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს; ა) (ამოღებულია) ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალიწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხების თაობაზე; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების თაობაზე.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი ნაწილით აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე კანონის მე-5 მუხლით აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების-სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალიწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულებას ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე - აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომში აღმასრულებლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით (განსჯადობა) განსაზღვრულია დავათა ტერიტორიული განსჯადობის წესი. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის პირველი ნაწილის (საერთო განსჯადობა) თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და იგი ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამავე კოდექსით სხვა განსხვავებული წესია დადგენილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხიმგებლობის განსაკუთრებული წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზით, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - შ. ჩ-ი, ხოლო მის მიერ მოპასუხედ დასახელებულია მ. ბ-ი, რომელიც არის აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, დავის საგანია მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლომ შეაფასა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ სარჩელი მიმართულია მ. ბ-ის, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის აღმასრულებლის და არა, როგორც ფიზიკური პირის წინაღმდეგ, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან სადავოა, საჯარო მოხელის აღმასრულებელ მ. ბ-ის ქმედება, რასაც მოსარჩელის აზრით, შედეგად მოჰყვა მატერიალური და მორალური ზიანი. დავის შინაარსიდან, თავად მოსარჩელის მოთხოვნიდან, ზემოთ გაანალიზებული ნორმატული მასალიდან და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის დათქმიდან გამომდინარე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოთხოვნა უშუალოდ მიმართულია საჯარო მოსამსახურის მიერ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას მიყენებულ შესაძლო მატერიალურ და მორალურ ზიანზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის სააღსრულებო ბიურო და მისი აღმასრულებელი მ. ბ-ი ამ შემთხვევაში ვერ იქნება მოპასუხე სახელმწიფოს სახელით და მოპასუხეა იურიდიული პირი, სსიპ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელის შესაძლო გადაცდომაზე (იურიდიული მისამართი და ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული დავა წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, შ. ჩ-ის სარჩელის საგნობრივი განსჯადობით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით და ამ ეტაპზე სასამართლოებს შორის სადავოა საქმის ტერიტორიული განსჯადობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, კონკრეტული დავის თავისებურებები. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი.
საკასაციო სასამართლომ №ბს-2(გ-20) საქმეზე 2020 წლის 27 იანვარს გამოტანილ განჩინებაში განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების სპეციფიკა და აღსრულების მრავალეტაპიანი პროცედურა, გამორიცხავს სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე დავებთან მიმართებით ცალსახა მიდგომის განვითარების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ერთიანი, ცენტრალიზებული მოწყობის მიუხედავად, სააღსრულებო წარმოება, კანონის საფუძველზე და კანონისავე შესაბამისად, ხორციელდება ცალკეულ ეტაპებად, რაც განაპირობებს ინდივიდუალურად აღმასრულებლის და აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებათა დისტანცირებას და შესაძლებელს ხდის, აღსრულების მრავალსაფეხურიანი ციკლიდან, ერთ-ერთი მათგანი გამოიყოს ცალკე და დაექვემდებაროს დამოუკიდებელ სამართლებრივ კონტროლს. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს კრედიტორისა და მოვალის უფლებას გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი განსაზღვრავს ქვემდებარეობის საკითხს და ადგენს, რომ აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია იმავე ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნა, რომელიც ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამდენად, აღმასრულებლის ცალკეული ქმედების მიღმა, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მიეკუთვნება უშუალოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, ისევე როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს და არა აღმასრულებლის კომპეტენციაა იძულებით აუქციონის ჩატარება (69-ე მ.), მათ შორის, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევა (147-ე მ.). იძულებითი აუქციონის ჩატარებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიაკუთვნებს ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული წესი, რომლის 1.1 მუხლი ადგენს: 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: სასამართლოებმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავების განსჯადობის განსაზღვრისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინონ თუ რას ხდის სადავოდ მოსარჩელე - აღმასრულებლის ქმედებას, თუ უშუალოდ იძულებით აუქციონს ან/და განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რაც არსებითად ცვლის სასამართლოს განსჯადობას, რამეთუ პირველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს აღმასრულებელი, რომლის ადგილსამყოფელი ემთხვევა ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მასზე ვრცელდება იმ სასამართლოს იურისდიქცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო. მე-2 შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რაც განაპირობებს აღნიშნული კატეგორიის დავების თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაქვემდებარების აუცილებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - შ. ჩ-ი, ხოლო თავად მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია მ. ბ-ი, რომელიც არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი; დავის საგანია მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძველია ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელმა მ. ბ-მა დაარღვია გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები, კერძოდ, ნაცვლად 400 ლარისა, მოსარჩელეს ჩაურიცხა 133 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში აღმასრულებლის მოქმედება, რომელმაც მოსარჩელის მოსაზრებით გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.
შ. ჩ-ის სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანზე - ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მის მიერ №ბს-747(გ-19) საქმეზე 2019 წლის 4 ივნისის განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომ - აღმასრულებელი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღმასრულებელს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს იგი და აღნიშნული მოქმედებები ემსახურება საჯარო-სამართლებრივ მიზანს. ამასთან, აღმასრულებლის მოქმედებები გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ამდენად, აღმასრულებელი მ. ბ-ი განიხილება, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, რომელიც აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებისას მოქმედებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით.
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით, რომელის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ საკითხს განსაზღვრავს სწორედ აღმასრულებელი მ. ბ-ის სამართლებრივი სტატუსი და ის გარემოება, რომ სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების გამოყენებით, სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეაფასოს მ. ბ-ის ქმედება, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მისთვის შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხედ დასახელებული მ. ბ-ი არის აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №1132 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის სააღსრულებო ბიუროს“ დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, აჭარის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. დებულების მე-3 მუხლით ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. მე-6 მუხლის შესაბამისად ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის და შუახევის რაიონები. მე-10 მუხლის თანახმად, ბიურო უფლებამოსილია ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას; ბ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი; გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, თავად სარჩელი დისპოზიციურია, რაც ნიშნავს იმას, რომ განმცხადებელი სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, თავად ასახელებს მოპასუხე მხარეს. განმცხადებელი მოპასუხედ ამ შემთხვევაში ასახელებს მ. ბ-ს, როგორც სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, რაც უკვე ქმნის სარჩელის იმ სასამართლოსათვის განსჯადობით გადაგზავნის საფუძველს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული პირი (სსსკ 15.1 მუხ.) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №1132 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის სააღსრულებო ბიუროს“ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №6, შ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე