გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 61-დად 15 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
დ. სულაქველიძე
განიხილა იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პროკურორ ლ. Nნ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის დადგენილებაზე მ. კ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 30 მარტის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
მ. კ-ი სასჯელს იხდის 1994 წლის 30 დეკემბრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2006 წლის 30 დეკემბერს. დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2003 წლის 30 დეკემბერს.
2004 წლის 14 ივლისს გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ მ. კ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 27 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა წარდგინება. ამის შემდეგ გეგუთის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა 2005 წლის 6 იანვარს განმეორებით მიმართა წარდგინებით წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მ. კ-ის ვადამდე პირობით განთავისუფლების თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 31 იანვრის დადგენილებით დააკმაყოფილა დირექტორის წარდგინება და მ. კ-ი გაათავისუფლა სასჯელისაგან ვადამდე პირობით.
კერძო საკასაციო საჩივრით საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი ლ. Nნ-ძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე მ. გ-ს დადგენილება მ. კ-ის სასჯელისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ არის უკანონო, რისთვისაც ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და მ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ მ. კ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. კ-ს სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში მან სანიმუშო ყოფაქცევით დაამტკიცა, რომ დაადგა გამოსწორების გზას, გამოეცხადა მადლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციამ ის დადებითად დაახასიათა და იშუამდგომლა მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.
პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მ. კ-ს შეფარდებული სასჯელიდან _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთიდან _ მოხდილი აქვს 10 წელზე მეტი და მას ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 1 წელი, 9 თვე და 15 დღე. საყურადღებოა ისიც, რომ მ. კ. თითქმის თვეზე მეტია, განთავისუფლდა და დაუბრუნდა ოჯახს. ასეთ ვითარებაში სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად მისი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება პალატას მიზანშეუწონლად და არასამართლიანად მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის დადგენილება მ. Kკ-ის სასჯელისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.