Facebook Twitter

#ბს-889(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 11 იანვარს აჭარის ა/რ მთავრობის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „...ის“ წევრმა ა. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში აჭარის ა/რ მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984./02 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის, კერძოდ, აჭარის ა/რ მთავრობაში დასაქმებული იმ საჯარო მოსამსახურეების სახელისა და გვარების შესახებ, რომლებიც 2017 წელს იმყოფებოდნენ მივლინებით, მივლინების საჭიროებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ასევე მივლინებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოხსენებითი ბარათებისა და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების მიწოდების, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან დაფინანსებული შესყიდვების, კერძოდ, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის საჭიროების დამადასტურებელი მოხსენებითი ბარათების, გამოცემული აქტების, შესყიდული საქონლის დასახელების ინფორმაციის მიწოდების დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ...ის წევრის, ა. დ-ის მიერ 2017 წლის 15 ნოემბრის #09-02-16/1054 წერილით გამოთხოვილ იქნა საჯარო ინფორმაცია, აჭარის ა/რ მთავრობის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 14 ნოემბრამდე გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულებების ასლების სახით, რომლებიც ეხება სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და ტელეფონებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ. აჭარის ა/რ მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984./02 წერილით უარი ეთქვა ა. დ-ეს საჯარო ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი არ არის უფლებამოსილი, გასცეს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. მოსარჩელეს ასევე, არ მიეწოდა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯების, სტუმრების მიღებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

მოსარჩელე მიუთითებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის პირველ ნაწილსა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ მთავრობა ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და მის დეპუტატს, მთავრობის საქმიანობასა და საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტსა და 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრული სახით გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984/02 წერილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2017 წლის 15 ნოემბრის #09-02-16/1054 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის - სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების საიდენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა დაევალა; ა. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 15 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დავალებული ინფორმაცია (სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებები და ხელშეკრულებების ასლები) საჯარო ინფორმაციად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს ამგვარი ინფორმაცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელისთვის სრულად იქნა მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია (გარდა შესაბამისი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა, რის გაცემაზეც სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს), რაც დაფიქსირებულია კონკრეტულ ბრძანებასა თუ ხელშეკრულებაში. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ბრძანებებისა და ხელშეკრულებების გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ინფორმაცია გაცემულ იქნა ცხრილის სახით, სადაც დაფიქსირებულია ყველა ის მონაცემი, რომელსაც თითოეული დოკუმენტი შეიცავს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს შეფასება, რომ საჯარო ინფორმაცია არ იქნა სრულად გაცემული, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას აჭარის ა/რ მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984./02 წერილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984/02 წერილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2017 წლის 15 ნოემბრის #09-02-16/1054 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის - სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებების (რომელშიც დაფარული იქნება მუშაკების საიდენტიფიკაციო მონაცემები) და ხელშეკრულებების ასლების გაცემა დაევალა; ა. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებაზე აჭარის ა/რ მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული განცხადების პასუხად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984/02 სადავო წერილით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გადაეცა საჯარო მოსამსახურეთა მივლინებისა და წარმომადგენლობის ხარჯებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, ვინაიდან ისინი შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.

თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2017 წლის 24 ნოემბრის #1984/02 სადავო წერილი განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. მსგავსი შინაარსის დანაწესია გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის #ბს-1020(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განმტკიცებით სახელმწიფომ უზრუნველყო საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის შესაბამისი, დაშვებული მოცულობით ღიაობა, ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირებულობა ამგვარ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ზემოხსენებული უფლება წარმოადგენს სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საჯარო ფუნქციათა შესრულებაზე სრულყოფილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 15 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ბრძანებები და ხელშეკრულებების ასლები ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა მიჩნეული საჯარო ინფორმაციად და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დავალებული მოცემული ინფორმაციის შესაბამისი ფორმით გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სხვა ფორმით (ცხრილში შეტანილი მონაცემების სახით) ასახა მის მიერ გაცემულ პასუხში, მაგრამ იგი ვერ აკმაყოფილებს განმცხადებლის ინტერესს, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, თითოეული აქტის შინაარსის შესაბამისად, უშუალოდ ამ აქტების ასლების გადაცემის გზით. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა სწორედ სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების, მოხსენებითი ბარათებისა და ხელშეკრულების ასლების გადაცემას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი