Facebook Twitter

#ბს-550(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – რ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო; 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 3 მაისს რ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 1 ოქტომბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის #635 ბრძანებით რ. კ-ი გაათავისუფლეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით იგი აღადგინეს თანამდებობაზე და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

მოსარჩელის მითითებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც რ. კ-მა წარადგინა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში. სააღსრულებო ბიურომ მოსთხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ნებაყოფლობით აენაზღაურებინა რ. კ-ისათვის ხელფასი სრული ოდენობით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მის ანგარიშზე გადარიცხა 23 328 ლარი, რაც, მოსარჩელის მითითებით, შეადგენდა არა მთლიან ხელფასს, არამედ მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს. მოსარჩელის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1-08/2208 წერილის შესაბამისად, რ. კ-ის სამსახურში არყოფნის პერიოდში ამ თანამდებობაზე თანამდებობრივი სარგოს გარდა, დამატებით დაირიცხა 7840 ლარი. მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, დღემდე მას კუთვნილი ხელფასი სრულად არ მიუღია.

მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 29 სექტემბერს მან საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2018 წლის 20 აპრილს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს #A17031697-013/002 წერილით მას განემარტა, რომ პრემია არ შედიოდა ხელფასში და ამდენად სააღსრულებო წარმოება დასრულებული იყო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილებას.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რ. კ-ის კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) იმ ნაწილის იძულებითი წესით ამოღების დავალება მოითხოვა, რომელიც დაირიცხა პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს #635 ბრძანება; რ. კ-ი ადგენილ იქნა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის #424 ბრძანების შესაბამისად, რ. კ-ი აღდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რ. კ-ს მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო - 29 160 ლარი.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის #A17031697-013/002 წერილის თანახმად, რ. კ-ს ეცნობა, რომ აღნიშნული საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 მაისის ბრძანების საფუძველზე, იგი აღდგენილი იყო სამსახურში. ასევე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან სრულად გადაეცა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი, გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, სულ - 23 328 ლარი. რაც შეეხება მოთხოვნას იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი პრემიის ანაზღაურების შესახებ, რ. კ-ს ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განჩინება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა 2018 წლის მარტის თვეში. 2018 წლის 15 მარტს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ რ. კ-ის მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიულ სამსახურს. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურიდან 2018 წლის 18 აპრილს მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული განჩინებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, რომლის თანახმადაც „თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არ გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას როგორიცაა მაგალითად: სამსახურის მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება და სხვა. პრემიის თანამშრომელზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში“. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიც იყო პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1-08/2208 წერილის შესაბამისად, რ. კ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ იყო მითითებული ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა პრემია და დანამატი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს რ. კ-ზე გაეცა პრემია, დანამატი. ასევე, ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე გაცემული შრომითი გასამრჯელო: თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) შეადგენდა 30 320 ლარს, პრემია 7 840 ლარს. რ. კ-ზე გაცემული კომპენსაცია შეადგენდა 1160 ლარს.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 აპრილის წერილის შესაბამისად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიც იყო პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ სააღსრულებო წარმოების #17031697 საქმეზე იკვეთებოდა სააღსრულებო წარმოების დასრულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ რ. კ-ის 2017 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა სააღსრულებო ფურცელი.

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის #A17031697-004/001 წერილით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის #1-03/1070 წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2016 წლის 25 აპრილის #3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას, რ. კ-ი აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის #3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ გ. გ-ის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2017 წლის 15 მაისს #1/03/1014 მიღებული წერილის შესაბამისად, რ. კ-ის განაცდური შრომითი ანაზღაურების შესახებ შეადგენს 29160 ლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის #3/ბ-520-17 განჩინების თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინებაში მითითებულია შემდეგი: „პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატის, შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები შეესაბამებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ განჩინებაში ნათლად და მკაფიოდ იყო დაფიქსირებული პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ასეთ ანაზღაურებას, ზოგადად, პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებული იყო პირის შრომით შედეგებთან და წარმოადგენდა თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას. ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში.

სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე მიიღო შემდგომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილება, რაც სრულიად საფუძვლიანი და კანონიერი იყო. სასამართლომ გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოხმობილ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნია, რომ რ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროს დავალდებულების შესახებ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მისი (რ. კ-ის) კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს იმ ნაწილის ამოღების თაობაზე, რომელიც დარიცხულ უნდა იქნეს პრემიის სახით 7 840 ლარის ოდენობით, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის #12/48 დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

ამავე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემია გაიცემა მერის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიც იყო, მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზოგადად, პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებული იყო პირის შრომით შედეგებთან და წარმოადგენდა თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მართალია, თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პრემიის სტატუსით თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად თანხის გაცემა არ იყო დაკავშირებული პირის შრომით შედეგებთან. კასატორი მიიჩნევს, რომ პრემიის სახით გაცემული თანხა რეალურად ხელფასის დანამატს წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის #ბს-618-612(კ-16) განჩინებაზე, რომლითაც იდენტურ დავაზე ფოთის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს #635 ბრძანება; რ. კ-ი ადგენილ იქნა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის #424 ბრძანების შესაბამისად, რ. კ-ი აღდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რ. კ-ს მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო - 29 160 ლარი.

დადგენილია, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის #A17031697-013/002 წერილის თანახმად, რ. კ-ს ეცნობა, რომ აღნიშნული საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 მაისის ბრძანების საფუძველზე, იგი აღდგენილი იყო სამსახურში. ასევე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან სრულად გადაეცა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი, გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, სულ - 23 328 ლარი. რაც შეეხება მოთხოვნას იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი პრემიის ანაზღაურების შესახებ, რ. კ-ს ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განჩინება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა 2018 წლის მარტის თვეში. 2018 წლის 15 მარტს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ რ. კ-ის მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიულ სამსახურს. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურიდან 2018 წლის 18 აპრილს მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული განჩინებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, რომლის თანახმადაც, „თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არ გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას როგორიცაა მაგალითად: სამსახურის მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება და სხვა. პრემიის თანამშრომელზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში“. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიც იყო პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1-08/2208 წერილის შესაბამისად, რ. კ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ იყო მითითებული ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა პრემია და დანამატი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს რ. კ-ზე გაეცა პრემია, დანამატი. ასევე, ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე გაცემული შრომითი გასამრჯელო: თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) შეადგენდა 30 320 ლარს, პრემია 7 840 ლარს. რ. კ-ზე გაცემული კომპენსაცია შეადგენდა 1160 ლარს.

დადგენილია, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 აპრილის წერილის შესაბამისად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიც იყო პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ სააღსრულებო წარმოების #17031697 საქმეზე იკვეთებოდა სააღსრულებო წარმოების დასრულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ რ. კ-ის 2017 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა სააღსრულებო ფურცელი.

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის #A17031697-004/001 წერილით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის #1-03/1070 წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2016 წლის 25 აპრილის #3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას, რ. კ-ი აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის #3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.

დადგენილია, რომ გ. გ-ის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2017 წლის 15 მაისს #1/03/1014 მიღებული წერილის შესაბამისად, რ. კ-ის განაცდური შრომითი ანაზღაურების შესახებ შეადგენს 29 160 ლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის #3/ბ-520-17 განჩინების თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინებაში მითითებულია შემდეგი: „პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატის, შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა“.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

„ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის #12/48 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

ამავე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემია გაიცემა მერის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია აღმასრულებლის, როგორც სააღსრულებო წარმოების პროცესის უმთავრესი მონაწილის უფლება-მოვალეობანი. მითითებული მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რ. კ-ის გათავისუფლების დღიდან მის აღდგენამდე თანამდებობრივი სარგოს გარდა ყველა მოქმედ თანამშრომელზე გაცემულ იქნა თანხები პრემიის სახით, რასაც თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში, მოსარჩელეც მიიღებდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მოცემულ შემთხვევაში, პრემიის სტატუსით თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად თანხის გაცემა არ იყო დაკავშირებული პირის შრომით შედეგებთან და არ წარმოადგენდა თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას (მაგალითად, ყოველკვარტალური, სადღესასწაულო პრემია). ამდენად, თავისი არსით პრემიის სახით გაცემული თანხები ხელფასის დანამატს წარმოადგენდა და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის #ბს-618-612(კ-16) განჩინებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება. მითითებულ საქმეში მოსარჩელე წარმოადგენდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებაც, ხოლო შემდგომ კი სამსახურში აღდგენაზე უარის თქმა, სასამართლოთა მხრიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეს აუნაზღაურდა როგორც თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე, პრემიის სახით გაცემული თანხა, რამდენადაც სასამართლოთა მხრიდან დადგინდა, რომ პრემიის სტატუსით თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად თანხის გაცემა არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პირთა შრომის შედეგებს. ამასთან, გაცემული თანხმები არ ემსახურებოდა თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას. ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები ხელფასის დანამატად იქნა მიჩნეული და დაექვემდებარა ანაზღაურებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამსახურიდან ერთსა და იმავე პერიოდში ორი თანამშრომლის უკანონო გათავისუფლების შედეგად განსაზღვრული იძულებითი განაცდურის სხვადასხვაგვარი ოდენობით ანაზღაურება არღვევს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უნდა დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რ. კ-ის კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) იმ ნაწილის იძულებითი წესით ამოღება, რომელიც დაირიცხა 7 840 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რ. კ-ის კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) იმ ნაწილის იძულებითი წესით ამოღება, რომელიც დაირიცხა 7 840 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი