Facebook Twitter

ბს-584 (გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - გ. მ-ი;

მოპასუხეები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-მა 2019 წლის 08 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 06 ნოემბრის N... წერილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 თებერვლის N1-1/96 ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) რეგისტრირებულ უფლებაში, გ. მ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახზის შესაბამისად, ცვლილების განხორციელების თაობაზე, ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით გ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა რამდენიმე მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი შეიცავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის მიერ 2018 წლის 06 ნოემბერს მიღებული N... წერილის, კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი). დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრი, სააგენტოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას. ამასთან, დებულების მე-2 მუხლის თანახმად, ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის (ქ. თელავი, ერეკლე მე-2-ის ქ. N6) მიხედვით - თელავის რაიონული სასამართლოს მიერ. კოლეგიის მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ერთად, მოპასუხეს აგრეთვე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით გ. მ-ის სარჩელი ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისა და განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-16, მე-18, მე-20 მუხლებზე და აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში სახელმწიფო ქონების იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემას. ამავე დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების“ თანახმად, შექმნილია სააგენტოს კახეთის მომსახურბეის ცენტრი, რომელიც სააგენტოს წარმოადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი).

თელავის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის 2002 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად, მოიჯარეს მიეცა აღნაგობის უფლება იჯარის საგანზე - მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე თანხმობას გასცემს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კანონიერ ინტერესს და მიზანს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნაგობის უფლებიდან გამომდინარე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში. აღნიშნულისათვის საჭიროა მესაკუთრის მიერ ნების გამოვლენა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებაზე. შესაბამისად, სარჩელი უკავშირდება და გამომდინარეობს მოსარჩელესა და მეიჯარეს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან და მიმართულია მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისკენ, მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში. ამდენად, ხელშეკრულების შესრულებისა და უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა ერთიდაიგივეა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლობის შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების 38-ე მუხლის თანახმად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტული სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს არა სააგენტოს მომსახურების ცენტრის, არამედ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, რათა არ მოხდეს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და სააგენტოს მომსახურების ცენტრის მიმართ არსებული სარჩელების თავმოყრა მხოლოდ ერთ სასამართლოში. კოლეგიის მითითებით, სადავო ტერიტორია მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში, რაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს თელავის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.

კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 06 ნოემბრის N... წერილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 თებერვლის N1-1/96 ბრძანება. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დავალებას.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების თანახმად, შექმნილია სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც სააგენტოს წარმოადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი). ხსენებული დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. დებულების მე-2 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადი აქტის გამომცემი ორგანო არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც ქ. თელავში მდებარეობს. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლობის შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების 22-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის - თელავის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები მოცულია თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოთა შორის კლასიკური დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე. თელავის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვას არ ექვემდებარება, არამედ, მიაჩნია, რომ საქმე სრულიად სხვა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე, რომლის გადაჭრის უფლებამოსილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, თელავის რაიონული სასამართლოს არ აყენებს საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვის აუცილებლობის საკითხს. ამდენად, თელავის რაიონული სასამართლოს მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსათვის გადმოგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. მ-ის სარჩელი წარმოადგენს თელავის რაიონული სასამართლოს განსჯად დავას, რადგან ძირითადი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო თელავში მდებარეობს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, დავა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განსჯადია, თუმცა საქმე განსახილველად არ გადაგზავნილა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რაც გამორიცხავს განსჯადობის თაობაზე დავის არსებობას. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თელავის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე არ არსებობს (სუსგ. Nბს-424(გ-19), 16.01.2020წ; ბს-527-527(გ-18), 17.07.2018წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს თელავის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, დაუბრუნდეს თელავის რაიონულ სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე