#ბს-960(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 იანვარს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის #... წერილით მიღებული გადაწყვეტილების, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 7 თებერვლის #... წერილით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალოს მოსარჩელეს - მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „...ას“ გადასცეს ინფორმაცია, იმის შესახებ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს საგამოძიებო ორგანოს რომელი თანამდებობის პირების მიმართ წარუდგინა მასალები სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიების წარმართვის მიზნით, აგრეთვე, გადასცეს მის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი წერილისა და 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „...ამ“ 2018 წლის 11 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ, მან მოითხოვა ინფორმაცია 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან რომელი თანამდებობის პირების მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელი პირების შესახებ იქნა გადაგზავნილი საქმის მასალები სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და რომელი თანამდებობის პირების მიმართ გადაიგზავნა მასალები საგამოძიებო ორგანოში სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიების წარმართვის მიზნით, აგრეთვე, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით გადაგზავნილ მასალებზე დამდგარი კონკრეტული შედეგების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა ცალ-ცალკე წლების მიხედვით, იდენტიფიცირებულად.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის №... წერილით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „...ას“ 2018 წლის 11 იანვრის №... წერილის პასუხად დანართების სახით გაეგზავნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. 2013-2017 წლებში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის გამო დაჯარიმებულ პირთა შესახებ მონაცემები, დარღვევის სახის („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი) მითითებით (დანართი №1). მოსარჩელეს აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნა ბიუროსათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას არ წარმოადგენდა და კანონით განსაზღვრულ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობის გამო, ყველა შემთხვევაში, გამოიცემოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება, ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრების თაობაზე. დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ბიუროს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით ინფორმაციის გადაგზავნა შესაბამის ორგანოში არ მომხდარა. ასევე, 2018 წელს არ მომხდარა არცერთი თანამდებობის პირის დაჯარიმება დეკლარაციების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის გამო. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, ივარაუდება, რომ 2012 წელს ადგილი ექნებოდა კანონით განსაზღვრულ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობის ფაქტს, თუმცა მათზე კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ არის დაცული ბიუროში და არ არსებობს მონაცემები კონკრეტულ თანამდებობის პირთა დაჯარიმების თაობაზე. 2. 2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიში, სადაც დეტალურად არის მოცემული შემოწმებული დეკლარაციების რაოდენობა, იმ თანამდებობის პირთა მონაცემები, რომელთა დეკლარაციები შეფასდა უარყოფითად და ა.შ. (დანართი №2). ამასთან, მოსარჩელეს აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რადგან დარღვევების შეფასება და ქმედების სუბიექტური მხარის დადგენა სცილდებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას. რაც შეეხება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ თანამდებობის პირებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ვინაობის გასაჯაროებამ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, შესაძლებელია ხელი შეუშალოს უწყებაში მიმდინარე წარმოების პროცესს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა განმცხადებლისათვის მიეწოდებინა აღნიშნული თანამდებობის პირების სია.
მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „...ამ“ 2018 წლის 26 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა საჯარო სამსახურის მიერ მომზადებული/მასთან დაცული და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის წარდგენილი იმ წერილის (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) დამოწმებული ასლი, რომლითაც 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე, 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - განკარგულებები (დამოწმებული ასლების სახით), თანამდებობის პირების დაჯარიმების შესახებ.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 7 თებერვლის №... წერილით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „...ას“ 2018 წლის 29 იანვრის №... განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2017 წელს განხორციელებული, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - განკარგულებების გაცემა გამოიწვევდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაგზავნილ პირთა ვინაობის იდენტიფიცირებას, რომლის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს უწყებაში მიმდინარე წარმოების პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეწოდებინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი აქტები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ მთავარი პროკურატურის (სამართალდამცავი ორგანოს) საქმიანობას, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გადაცემა არ ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ვერ მოხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით, მათ შორის, მოპასუხის შესაგებლითაც დგინდება, რომ ბიუროს მიერ შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნის შემდეგ შესაბამისი პირების მიმართ პროკურატურაში დაწყებული იყო გამოძიება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით ისე განიხილა საქმე, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია სასამართლო უწყება სხდომის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არაუფლებამოსილი პირისათვის უწყების ჩაბარება აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სახით გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთან, არასწორად განმარტა ის. კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის ადრესატად მოაზრებულია ის ორგანო, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ან დევნა წარმოებს და ამ ორგანოს ათავისუფლებს ინფორმაციის საჯაროობისაგან და არა ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მასალები გადაუგზავნა საგამოძიებო ორგანოს. ამასთან, კასატორის მითითებით, საჯარო სამსახურის ბიურო არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს საქმის განხილვის შეწყვეტასა და მისი სხვა დროისთვის გადადებას, ასევე პრეტენზიას გამოთქვამს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე.
კასატორი ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილებას სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ნაწილში. ამასთან, კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით საკასაციო ეტაპისათვის მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე შუამდგომლობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტისთვის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „...ისთვის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა და საქმის ზეპირი მოსმენის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყო მოსარჩელის მიერ საქმეში, მათ შორის, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ი #... . საქმის მასალების მიხედვით, სწორედ აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მოსარჩელის ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც სასამართლოს უწყება ჩაბარებული აქვს ორგანიზაციის წარმომადგენელ სხვადასხვა პირს, რაც სადავოდ არ ქცეულა მოსარჩელის მიერ.
რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. მითითებული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, პირს დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა შემთხვევაში კონკრეტული პირის მიმართ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია და სწორედ ამ პირთა ვინაობის გასაჯაროება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესის სფეროს, კერძოდ, იგი ითხოვს იმ წერილის (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) დამოწმებულ ასლს, რომლითაც 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე, 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით თანამდებობის პირების დაჯარიმების შესახებ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლების გადაცემას.
მოცემული დავის გადაწყვეტისას შეფასება უნდა მიეცეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში. დასახელებული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს კოდექსის მოქმედების გავრცელებას ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. აღნიშნული მუხლი აკონკრეტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოთა და მათ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამა თუ იმ შეზღუდვით ან არ ვრცელდება აღნიშნული კოდექსის ნორმები. მითითბული მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი გამონაკლისები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებაში, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ერთ-ერთ ასეთ საქმიანობად კი აღნიშული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. ამდენად, ინფორმაცია, რომელიც მსგავსი შინაარსის შემცველია, საჯაროობას არ ექვემდებარება, რამდენადაც მითითებული საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სფეროს და დაკავშირებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ მთავარი პროკურატურის (სამართალდამცავი ორგანოს) საქმიანობას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოთხოვილი ინფორმაციის გადაცემა არ ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დათქმის - „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან“, მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებზე გავრცელება, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაცემის აკრძალვა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისთვის, ხოლო სხვა ნებისმიერი ორგანოსთვის ასეთი ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება, მოცემული დავის არსიდან გამომდინარე, აზრს უკარგავს მითითებული ნორმით დასახული მიზნის მიღწევას.
ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. აღნიშნულს ამავე მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან ამავე მუხლით პირდაპირ ჩამოთვლილ შემთხვევებში. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილება მოსარჩელის მოთხოვნა და გაეცა ფიზიკური პირების შესახებ არსებული, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა შესახებ არსებული ინფორმაცია, რაც კანონით პირდაპირ აკრძალულია.
რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ ფაქტობრივ გარემოებებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მიმდინარეობისას და, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია სადავოდ ქცეულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
საქმის სხვა დროისათვის განხილვისა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამდენად, კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და დამთავრების ერთ სხდომაზე შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გონივრული ვადით გადადოს საქმის განხილვა. კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის გადადება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოაცხადოს საქმის ზეპირი განხილვის დასრულებისთანავე, არამედ გადადოს გონივრული ვადით, თუ საქმე რთული გადასაწყვეტია. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად რთულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული კონკრეტული საქმე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.
პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული პროცესის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „...ას“ საკასაციო საჩივარზე 17.06.2019წ. #6563960 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინება;
3. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.06.2019წ. #6563960 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი