Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 118-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

დ. სულაქველიძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 იანვრის განაჩენით ვ. ჯ-. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ვ. ჯ-. სასჯელს იხდის 2003 წლის 30 აგვისტოდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2006 წლის 14 ივლისს.

2005 წლის 10 მარტს თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ვ. ჯ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 24 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.

მსჯავრდებული ვ. ჯ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ა-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის კახეთის სააღსრულებო ბიუროდან 2005 წლის 18 აპრილს გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვ. ჯ-ს მიმართ კრედიტორს თელავის ენერგოზედამხედველობის სამსახურს სასამართლო აღსრულება არ მოუთხოვია. ამის მიუხედავად ვ. ჯ-მა გადაიხადა და დანარჩენ თანხასაც გადაიხდის ეტაპობრივად პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორი ო. რ-ია ითხოვს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და წარდგინება მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. ჯ. სასჯელს იხდის 2003 წლის 30 აგვისტოდან. მან სასჯელის 1/2 მოიხადა 2005 წლის 6 თებერვალს.

თბილისის ¹.... საპყრობილის ადმინისტრაცია ვ. ჯ-ს დადებითად ახასიათებს. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილი არ ყოფილა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად.

საკასაციო პალატა, მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ჯ-ს შეფარდებული სასჯელიდან ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 1 წელი, 2 თვე და 20 დღე, დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა, დგას გამოსწორების გზაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის დადგენილების გაუქმებასა და ვ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის დადგენილება გაუქმდეს და ვ. ჯ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.