#ბს-666(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 მაისს ააიპ ...მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 24/2017 განკარგულების, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 ბრძანებისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-44 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, ააიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებებით გაუარესდა მათი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე-98-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემული ბრძანებები გამოიცა ისე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დაწყების შესახებ არ ეცნობა მოსარჩელეს და არ იქნა უზრუნველყოფილი მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელის მითითებით, მან გაასაჩივრა აღნიშნული აქტები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი და 2017 წლის 18 აპრილის #24 განკარგულებით არ დააკმაყოფილა ის. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული განკარგულება კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოპასუხედ ასევე მიეთითა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 24/2017 განკარგულება; მოსარჩელე - ა(ა)იპ „...ის“ სარჩელზე, მოპასუხე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-41 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელე - ა(ა)იპ „...ის“ სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-41 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსთვის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.
კერძო საჩივრებთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ის ფაქტი, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს (დირექტორის) ბრძანებები, არ ნიშნავს, რომ გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან ასეთად მიჩნევისათვის აუცილებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტის შემადგენლობა, რაც სახეზე არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი.
სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ დაუდგენია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ წარმოშობდნენ შედეგებს, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთი მხრივ, დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალება იყო, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე გამოსცა განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებების ძალაში დატოვების შესახებ, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებები არ მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, რასთან დაკავშირებითაც მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ისინი შეიცავს ამ ნორმით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამასთან, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.
კასატორის მითითებით, 2017 წლის 28 აპრილს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ააიპ „...ის“ მიმართ და მოითხოვა არამიზნობრივად გახარჯული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი. კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331.1 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით და განჩინებით შეეჩერებინა საქმის წარმოება ზემოაღნიშნული დავის გადაწყვეტამდე, რადგან ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე ააიპ „...ს“ იურიდიული ინტერესი ვეღარ ექნებოდა, როგორც სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებების, ისე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების მიმართ, მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აღარ მიაყენებდა მოსარჩელე ააიპ „...ის“ კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ასეთი მოცემულობის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იქნებოდა 262.2 მუხლის საფუძველზე, მიეღო სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 24/2017 განკარგულება; მოსარჩელე - ა(ა)იპ „...ის“ სარჩელზე, მოპასუხე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-41 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-41 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში ა(ა)იპ „...ის“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, რაც შესულია კანონიერ ძალაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, რომლის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების საკასაციო საჩივრის ფარგლებში გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის #24/2017 განკარგულება, რომლითაც ა(ა)იპ „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-41 ბრძანებები, რასთან მიმართებითაც აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დაადგენდა გასაჩივრებული ბრძანებები იყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის აქეტები, თუ ისინი წარმოადგენდნენ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტებს. აღნიშნული გარემოების დადგენა კი, პირდაპირ კავშირშია საბოლოო შედეგთან, რაც უკანონოს ხდის საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაშია შესული გადაწყვეტილებით ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტად არის მიჩნეული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებები, შესაბამისად, ინფორმაციული ხასიათის შეტყობინების ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 24/2017 განკარგულებაც უსაფუძვლოა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე გამოსცა განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებების ძალაში დატოვების შესახებ, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკასაციო საჩივარზე 06.06.2019წ. №05501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ს/კ 203851509) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ს/კ 203851509) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.06.2019წ. №05501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი