Facebook Twitter

ბს-553 (გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - შპს „...ი“;

მოპასუხე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 2019 წლის 19 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 28 დეკემბრის N12/71045, N12/71046 და N12/71047 გადაწყვეტილებებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 თებერვლის N04/1098 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერ სარგებლობისათვის დაკისრებული თანხის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის რეგისტაციის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „...ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა რამდენიმე მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი მოიცავს როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 28 დეკემბრის N12/71045, N12/71046 და N12/71047 გადაწყვეტილებების, ისე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 თებერვლის N04/1098 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თუმცა სამინისტროს 2019 წლის 14 თებერვლის N04/1098 გადაწყვეტილება მიღებულია შპს „...ის“ მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური). დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების და ამ ბრძანების საფუძველზე. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრი, სააგენტოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას. ამასთან, დებულების მე-2 მუხლის თანახმად, ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის (ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქ. N4) მიხედვით - ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ (სუსგ 16.04.2015წ. N721-707(გ-14)).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ფოთის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე არის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს განხილვის საგანი, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული აგრეთვე ეხება სარჩელებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხევაში, შპს ,,...ის“ სარჩელი აღძრულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. ამასთან, მხარე ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2018 წლის 28 დეკემბრის N12/71045, N12/71046 და N12/71047 გადაწყვეტილებები და მოსარჩელე განთავისუფლდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერი სარგებლობისათვის დაკისრებული თანხის გადახდისაგან. ამასთან, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 თებერვლის N04/1098 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაარეგისტრიროს სერვიტუტის უფლება მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: N44.01.29.29.

სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს ქალაქ სენაკში. ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი ,,სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით დადგინდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. გადაწყვეტილების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, ფოთის რაონული სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები და სარჩელის განსჯადი სასამართლო განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით (სუსგ 14.09.2017, Nბს-715-711 (გ-17)).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ფოთის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.

კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 28 დეკემბრის N12/71045, N12/71046 და N12/71047 გადაწყვეტილებები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 თებერვლის N04/1098 გადაწყვეტილება. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერ სარგებლობისათვის დაკისრებული თანხის გადახდისაგან გათავისუფლებასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის რეგისტაციის დავალებას.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების“ თანახმად შექმნილია სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც სააგენტოს წარმოადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური). ხსენებული დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. დებულების მე-2 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადი აქტის გამომცემი ორგანო არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი, რომელიც ქ. ფოთში მდებარეობს. ,,სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები მოცულია ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი გამოიყენება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე (სუსგ 14.09.2017, Nბს-715-711 (გ-17)).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოთა შორის კლასიკური დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვას არ ექვემდებარება, არამედ, მიაჩნია, რომ საქმე სრულიად სხვა - სენაკის რაიონული სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე, რომლის გადაჭრის უფლებამოსილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, ფოთის საქალაქო სასამართლო არ აყენებს საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვის აუცილებლობის საკითხს. ამდენად, ფოთის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსათვის გადმოგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „...ის“ სარჩელი წარმოადგენს ფოთის რაიონული სასამართლოს განსჯად დავას, რადგან ძირითადი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ქ. ფოთში მდებარეობს. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, დავა სენაკის რაიონული სასამართლოს განსჯადია, თუმცა საქმე განსახილველად არ გადაგზავნილა ფოთის საქალაქო სასამართლოში, რაც გამორიცხავს განსჯადობის თაობაზე დავის არსებობას. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ფოთის საქალაქო სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე არ არსებობს (სუსგ. Nბს-424(გ-19), 16.01.2020წ; ბს-527-527(გ-18), 17.07.2018წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე