Facebook Twitter

ბს-314(კს-19) 28 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2019წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. უ-მა და ა. უს-მა 06.02.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხის 24.01.2017წ. N... და N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტისა და მათი შედეგების აღმოფხვრის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2018წ. განჩინებით ა.უს-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2018წ. გადაწყვეტილებით ა. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. უ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, კერძოდ: არ წარმოადგენდა დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება 06.02.2019წ. გაეგზავნა ა. უ-ის წარმომადგენელ ზ. ვ-ს მისამართზე: თბილისი, ...ს .... „...ს ფოსტის“ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი უკუგზავნილის მიხედვით ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მიტანილ იქნა მისამართზე: თბილისი, ...ს ... და ჩაბარდა ზ. ვ-ის მეუღლეს ნ. ქ-ეს (პ.ნ. ...), რომელიც ხელს აწერს სასამართლოში წარდგენილ უკუგზავნილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2019წ. განჩინებით ა. უ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.09.2018წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. უ-ის წარმომადგენლის ზ. ვ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება ადრესატთან უნდა გაგზავნილიყო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რადგან წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ აპელანტს გზავნილის მიღება სურდა ელექტრონული ფორმით. გასათვალისწინებელია, რომ სარჩელის წარდგენაც ელექტრონული ფორმით განხორციელდა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დედის ავადმყოფობის გამო ხშირად უწევდა არა თავის, არამედ დედის მისამართზე ყოფნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა, ადრესატისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსკ-ის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2019წ. განჩინება ა. უ-ის წარმომადგენელ ზ. ვ-ს გაეგზავნა მის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ფაქტობრივი ადგილსამყოფელის, ძირითადი მისამართის გრაფაში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ს ... (ტ1, ს.ფ.1; ტ.2, ს.ფ. 147). საქმეში დაცულია „...ს ფოსტის“ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი უკუგზავნილი (ტ.2, ს.ფ.164), რომლის მიხედვით ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ფოსტის მიერ მიტანილ იქნა მისამართზე: თბილისი, ...ს ... და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს: ადრესატის - ზ. ვ-ის მეუღლეს ნ. ქ-ეს. აღნიშნულს ადასტურებს უკუგზავნილზე ნ. ქ-ის პირადი ნომრის მითითება და მისი ხელმოწერა, რომლის ნამდვილობა, სადავო არ გამხდარა. მნიშვნელოვანია, რომ ზ. ვ-ი არ ხდის სადავოდ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების მისი მეუღლისათვის ჩაბარებას.

კერძო საჩივრის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ გაიგზავნა ელექტრონული ფორმით სააპელაციო საჩივარში აღნიშნული მითითების არსებობის მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფორმაში შესაბამისი გრაფის მონიშვნით ხდება აპელანტის მზაობის დაფიქსირება, რომ სასამართლოსაგან გაგზავნილი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული გულისხმობს მხარის თანხმობას საჭიროების შემთხვევაში წერილობითი მასალები გაეგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუმცა არ წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას წერილობით დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შესახებ. სსკ-ის 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70.3 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ამასთანავე, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამდენად, სასამართლოს მიზანია უზრუნველყოს ადრესატისათვის გზავნილის დროული ჩაბარება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას გაგზავნის კონკრეტული საშუალების, ფორმისა და მისამართის შერჩევის მიზანშეწონილობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქმეში მითითებულ განცხადებებში, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ა. უ-ის წარმომადგენლის ძირითად მისამართად მითითებულია: თბილისი, ...ს გამზ. .... ამასთანავე, საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე ზ. ვ-ს სასამართლოს კორესპონდენციები არაერთხელ გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად (იხ. მაგ.: ტ.1, ს.ფ. 257, 303, 341, 353 და სხვ.). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სააპელაციო პალატა ახდენდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნას, აღნიშნული განჩინების მხარისათვის ჩაბარების კონკრეტული მომენტის ზუსტად განსაზღვრა გადამწყვეტია ხარვეზის შევსების ვადის დადგენისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართლზომიერია სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხარის წარმომადგენლის ძირითად საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კორესპონდენცია პირველი გაგზავნისთანავე ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა - ადრესატ ზ. ვ-ის მეუღლემ (ტ. 2, ს.ფ. 163).

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019 წ. განჩინებით ა. უ-ს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებიდან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ა. უ-ის წარმომადგენელს ზ. ვ-ს (წარმომადგენლობა დასტურდება 25.01.2017წ. N... მინდობილობით, რომელიც ძალაშია 2027 წლის 24 იანვრამდე (ტ.1, ს.ფ. 145)) გაეგზავნა და უფლებამოსილ პირს - მის მეუღლეს ჩაბარდა 09.02.2019წ., თუმცა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადაში მხარეს ან მის წარმომადგენელს არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, არსებობდა ა. უ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. უ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.02.2019წ. განჩინება ა. უ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-ე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე