გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 150-დად 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულქველიძე (მომხსენებელი),
თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჩ ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასაჯელის ზომად შეეფარდა თავისაუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
მას დანიშნული სასჯელის მოხდა უმთავრდება 2007 წლის 30 აპრილს, ხოლო სასჯელის 2/3 ნაწილი მოიხადა 2004 წლის 30 აგვისტოს.
მსჯავრდებული მ. ჩ. 2002 წლის 16 მაისიდან სასჯელს იხდის გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ მას დაწესებულების შინაგანაწესი და რეჟიმის მოთხოვნები არ დაურღვევია, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, მიცემულ დავალებებს ასრულებს კეთილსინდისიერად, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დგას გამოსწორების გზაზე. დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებისათვის ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია რამდენჯერმე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გეგუთის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ განიხილა წარდგინება და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2005 წლის 5 აპრილის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის ორი მესამედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე.
პალატის სხდომაზე განხილვისას გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის დადგენილება მ. ჩ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ. ჩ-ას პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გეგუთის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულ მ. ჩ-ას თაობაზე შედგენილ დოკუმენტებში (დახასიათება, წარდგინება) მოცემული გარემოებები სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისას. მსჯავრდებულმა სასჯელის ორი მესამედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2004 წლის 30 აგვისტოს. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას არ აქვს რეჟიმის დარღვევა, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, მიცემულ დავალებებს ასრულებს კეთილსინდისიერად, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია რამდენჯერმე, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე. ამდენად, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ მოტივებს, კერძოდ, იმას, რომ მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი 2 წელი და 25 დღე და ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც მსჯავრდებულ მ. ჩ-ას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, პალატა არ მიიჩნევს ჯეროვან და დასაბუთებულ საფუძვლად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული მ. ჩ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ვადამდე პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და საქართველო სსკ-ის 72-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ჩ-ას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის დადგენილება Mგეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული მ. ჩ. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.