საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-176(კ-20) 27 მაისი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი. მ-მა 2019 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 21 იანვრის N197 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის N197 განკარგულება. ასევე, მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, თუ რა მოიაზრება ტერმინი „შენობის“ მნიშვნელობის ქვეშ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 78-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; ანუ იმისათვის, რომ ობიექტი მიჩნეულ იქნეს შენობად აუცილებელია, რომ იგი იყოს კაპიტალური სახის. ი. მ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კი, მათ შორის 2005-2010-2014 წლების ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი:თბილისი, ...ის ქუჩის I გასასვლელი N8-ის მიმდებარედ) არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა ი. მ-მა განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დღევანდელი მდგომარეობით არსებული შენობა ახალაშენებულია და განთავსებულია ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ი. მ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება ი. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს სრულად აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რასაც არ იზიარებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახელებული სამართლებრივი ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზებას. ასევე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთის ასეთი გადანაწილება არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოები, რომლითაც დასტურდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არარსებობა და სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის მსჯელობა, რომელიც სათანადო მტკიცებულებით არ არის გამყარებული. კასატორი ასევე, მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა მოწმეთა ჩვენება, რომელიც სუბიექტურ მტკიცებულებას წარმოადგენს.
კასატორი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოცემული საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტას, რადგან არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას დამატებითი გამოკვლევის საგანი გახდება. შესაბამისად, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემილ საქმეზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, შესაფასებელია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდა თუ არა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტის სათანადოდ გამოკვლევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია კანონის ძალაში შესვლამდე (2007წ.) ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენაზე, ხოლო იმ შემთხვეში თუ საკუთრების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს ასევე აუცილებელია დადგინდეს შენობა - ნაგებობის მდგომარეობა და მისი დანიშნულება, რამდენადაც, საკუთრების უფლების აღიარებისთვის მითითებულ მახასიათებლებს არსებითი დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ტიპის შენობა, ზემოაღნიშნული ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს საკუთრების უფლების აღიარებას, მიუხედავად იმისა, შენობა დანგრეულია თუ აშენებული, ხოლო არასაცხოვრებელი ტიპის შენობის არსებობისას - კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს, რომ არასაცხოვრებელი შენობა აღიარების მომენტისათვის უნდა იყოს აშენებულ მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი კომისიას ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.
განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის 2019 წლის 21 იანვრის N197 განკარგულებით ი. მ-ს საკუთრების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ი. მ-ის საკუთრებაში ან მართლომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და შესაბამისად, არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ აღნიშნული ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი შენობა - ნაგებობა, რომელიც აშენებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით მან სახლი ააშენა ძველ საძირკველზე, რომელიც სწორედ კანონის ამოქმედებამდე იყო განთავსებული სადავო ფართზე და რომლის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 30 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ნ. მ-ისა და ლ. ჯ-ის განცხადებით ასევე დადასტურებულია, რომ ი. მ-ი 2002 წლიდან დღემდე სარგებლობს 150.00 კვ.მ. თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რომელზეც შემდეგ ააშენა შენობა-ნაგებობა(მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა 1 გასასვლელი N8-ის მიმდებარედ).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან, მითითებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება სათანადო წესით, თუმცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოუკვლევად, არასრულფასოვნად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მათ შორის, მსჯელობას იმის თაობაზე, ნაკვეთზე არსებული ბეტონის ფუნდამენტი არის თუ არა ახალგაკეთებული. აღნიშნული გარემოების დადასტურების აუცილებლობა კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მოსარჩელე, ფოტომასალაზე დაყრდნობით, სწორედ საცხოვრებელი დანიშნულების შენობის საძირკვლის არსებობაზე ამყარებს თავის მოთხოვნას. პალატის მოსაზრებით, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის, ფოტოსურათებზე ასახული გარემოებების შესწავლა-გამოკვლევა. შესაბამისად, რადგან საკითხი დამატებით, დეტალურ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არასრულფასოვნად. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთის ამავე ორგანოსათვის დაკისრება, არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა შეძლოს გამოცემული აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობის დადასტურება. სადავო შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფილია კონკრეტულ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა გამაბათილებელი, გასაჩივრებული აქტის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო. კომისია მიუთითებს მხოლოდ ორთოფოტოებზე, რომლებიც, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ი. მ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლიოს იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ფლობის ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე