Facebook Twitter
საქმე №ბს-1162(კ-18) 21 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ემ 2016 წლის 27 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დ. ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ი სამმართველოს ...ი სამმართველოს ...ს, ...ა მთავარი სამმართველოს ...ი სამმართველოს ...ს ან მათ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის, ყოველთვიურად 2202,16 ლარის (ორი ათას ორას ორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ანაზღაურების დაკისრება, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად და 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება, თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დ. ბ-ე 2015 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს ...ს თანამდებობაზე. ის ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა.
მოსარჩელის განმარტებით, დ. ბ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლი, 109-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის №... ბრძანება სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, რადგან ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, ხოლო ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს არავითარი სახის დებულებას და არ იძლევა გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის შეფასების შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანება დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; დ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე დ. ბ-ემ.
სააპელაციო ინსტანციაში დ. ბ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალება დ. ბ-ე აღადგინოს განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, ყოველთვიურად 2202,16 ლარის (ორი ათას ორას ორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ოდენობით მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენის დღემდე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. ბ-ის სასარგებლოდ 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია), თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2016 წლის 10 (ათი) კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანება. დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღადგინოს დ. ბ-ე განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა დ. ბ-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 2202,16 ლარის ოდენობით, განთავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენის დღემდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. ბ-ის სასარგებლოდ დაევალა 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია) თითოეული წლისთვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2016 წელს 10 (ათი) კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის ძირითადი საგანია დ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება. სადავო აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - დ. ბ-ის შრომითი უფლება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს დასაქმებულის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში, უნდა იმსჯელოს მოსარჩელე დ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში კი მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ეს დაკავებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ი მთავარი სამმართველოს II სამმართველოს ...ს თანამდებობა. იგი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანებით.
საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ბრძანება მიჩნეულ იქნა კანონის დარღვევით გამოცემულად და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, რაც გულისხმობს, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ასაჩივრებს როგორც მოსარჩელე დ. ბ-ე, ასევე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს სადავო აქტის გამოცემის კანონიერებაზე სრულყოფილად, გასცდეს 32.4 მუხლის ფარგლებს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით.
სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის ... ბრძანება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის ... ბრძანება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის ... ბრძანებით დადგინდა 2016 წლის 29 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის N72 ბრძანებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ცვლილების შედეგად განსხვავებულად ჩამოყალიბდა ...ის სტრუქტურა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის N ... ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული N11 დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ამდენად, დ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული სამართლებრივი აქტებით განხორციელდა დაწესებულების რეორგანიზაცია. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის პირობებში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში, თუმცა მნიშვნელოვანია, ამგვარი შემცირება არ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. საშტატო ერთეულის შემცირება უპირველესად გულისხმობს მის როგორც რაოდენობრივ, ასევე ფუნქციური ვალდებულებების კუთხით შემცირებას. შემცირებული შტატის ასახვა სხვა სახელწოდებისა თუ უწყების საფარქვეშ არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შტატების შემცირებას. მნიშვნელოვანია შეფასდეს დაწესებულების რეორგანიზაცია შინაარსობრივად, ფუნქციური უფლება-მოვალეობებისა და შტატების ოდენობის ცვლილების ანალიზის გათვალისწინებით. ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, განახორციელოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო მოხელის კანონიერი უფლებების დასაცავად, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის.
შტატების შემცირების საფუძველზე, თანამშრომლის გათავისუფლება უნდა იყოს დასაბუთებული, დისკრიმინაციული ნიშნებისგან თავისუფალი, უნდა არსებობდეს ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება, რაც გაამართლებს კონკრეტული მოხელის გათავისუფლებას სხვა მოხელესთან შედარებით. პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამგვარი ტესტის გავლის შემთხვევაში არის შესაძლებელი შტატების შემცირება საფუძვლად დაედოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას.
პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის, გადაწყვეტილება, საქმე №ბს-449-442(კ-15), სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ...საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციის განხორციელებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფს წარმოადგენდა ...ი მთავარი სამმართველო, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებდა პირველ და მეორე სამმართველოებს.
მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა მეორე სამმართველოს ...ს თანამდებობა. ...ში ასევე შედიოდა ...ი მთავარი სამმართველო, საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო), ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო. დანაყოფის უფროსს, საშტატო ნუსხის შესაბამისად, ჰყავდა ...ე, რომლის ფუნქციური ვალდებულებები გაწერილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით. 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ... მთავარ სამმართველოში გათვალისწინებული იყო მთავარი სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული, I სამმართველოში - უფროსის 1, ხოლო ...ს 1 საშტატო ერთეული; ანალოგიურად იყო გათვალისწინებული II სამმართველოშიც. ჯამში ...ში გათვალისწინებული იყო 67 საშტატო ერთეული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბერის N72 ბრძანებით 2015 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებაში შესული ცვლილებით, ...ის სტრუქტურა ჩამოყალიბდა სხვაგვარად. კერძოდ, ...ის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდა: ა) ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო, რომელიც აერთიანებდა ... განყოფილებას და საგამოძიებო განყოფილებას; ინსპექტირების სამმართველო, რომელიც აერთიანებდა ადმინისტრაციული ინსპექტირების განყოფილებასა და ფინანსური შემოწმების განყოფილებას; გ) შიდა კონტროლის სამმართველო და დ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება. საშტატო ნუსხის შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა სამმართველოს/განყოფილების ...ის ...ე, რომელსაც დაუდგინდა იგივე ფუნქციური უფლება-მოვალეობები, რაც გააჩნდა ცვლილებამდე არსებული დანაყოფის ...ის ...ეს. 2016 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოში გათვალისწინებულ იქნა სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული და ...ს 1 საშტატო ერთეული, ასევე, ...ი განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული და საგამოძიებო განყოფილების უფროსისთვის 1 საშტატო ერთეული. ჯამში ...ში გათვალისწინებულ იქნა 30 საშტატო ერთეული.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ცვლილებები, რაც გამოიხატა ფუნქციების ცვლილებების გარეშე, ორი სამმართველოს გაერთიანებაში. მოცემულ ეტაპზე დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულის შემცირებას, თუმცა ფუნქციური მოვალეობების კუთხით საშტატო ერთეულები გარკვეული რაოდენობით კვლავ დარჩა.
დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს ...ში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით დამტკიცებულ თანამდებობათა მოსალოდნელი შესაძლო შემცირების თაობაზე დ. ბ-ე ინფორმირებული იყო 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 29 ნოემბერს დ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და დაასაბუთა, თუ რატომ გახდა დ. ბ-ის გათავისუფლება პრიორიტეტული ანალოგიურ პოზიციაზე მყოფ სხვა თანამშრომლებთან შედარებით. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ დ. ბ-ეს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის პერიოდში (დასაქმებული იყო 2015 წლიდან) მიენიჭა „თავდაცვის მაიორის“ სახელმწიფო სპეციალური წოდება, მას არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, დ. ბ-ის გათავისუფლება დაუსაბუთებელია, არ იკვეთება გათავისუფლების კანონისმიერი საფუძვლები. კანონდარღვევით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დ. ბ-ის რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით სამსახურიდან განთავისუფლების უკანონობის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ სამსახურიდან განთავისუფლებამდე ...ის საშტატო რაოდენობა განისაზღვრებოდა 67 ერთეულით (ს.ფ. 35, ტ. 1), რეორგანიზაციის შემდეგ განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით (ს.ფ. 37, ტ.1), ხოლო 2017 წლის 31 იანვრის შემდეგ და 2017 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საბოლოოდ განისაზღვრა 77 ერთეულით (ს.ფ. 149, ტ.1; ს.ფ. 54 ტ. 2), ანუ სამსახურიდან განთავისუფლების მომენტისათვის არსებულზე 10 ერთეულით მეტით. საშტატო ერთეულების ამგვარი რადიკალური შემცირება, შემდეგ ამ მოტივით დასაქმებულთა განთავისუფლება, მცირე ხანში საშტატო ერთეულების პირვანდელზე მეტად გაზრდა, სააპელაციო პალატას არწმუნებს იმაში, რომ რეორგანიზაცია (შტატების შემცირებით) განხორციელდა არა უპირატესად რაიმე ობიექტური ფაქტორის გავლენით, არამედ თანამშრომელთა, მოცემულ შემთხვევაში კი, დ. ბ-ის სამსახურიდან განთავისუფლების მოტივით, რაც სააპელაციო პალატას, ბუნებრივია, უკანონოდ, ადამიანის შრომითი უფლების დარღვევად, საჯარო სამსახურის მიზნის გაუცნობიერებლობად, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დარღვევად, უპასუხისმგებლობად....მიაჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანება დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თანამდებობაზე აღდგენა. პალატამ ყურადღება მიაქცია მასზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის N08 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულება, რომლითაც განისაზღვრა ინსპექციის სტრუქტურა. ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის სახით ჩამოყალიბდა სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველო, სადაც გაერთიანდა ინსპექტირების სამმართველო და ...ი სამმართველო. მითითებულ დებულებაში თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის N92 ბრძანებით შევიდა ცვლილება და ...ის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფად მიეთითა ინსპექტირების მთავარი სამმართველო, რომელიც მოიცავს სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოსა და სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს. სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოში გათვალისწინებულია სამმართველოს ...ს 2 საშტატო ერთეული. ამასთან, მოცემული თანამდებობის ფუნქციური უფლება-მოვალეობები იდენტურია დ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისა.
პალატა მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს N62 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის თანახმად, სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს ...ს საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი), მათ შორის სამართლის მიმართულებით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომით (...) დასტურდება, რომ დ. ბ-ემ დაამთავრა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო. მოცემული ბრძანებით დამტკიცდა მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალი დანართი N4-ის შესაბამისად. N4 დანართის თანახმად, სამართლის მიმართულების დარგს/სპეციალობას წარმოადგენს როგორც სამართალმცოდნეობა, ასევე საერთაშორისო სამართალი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დ. ბ-ე აკმაყოფილებს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც დადგენილია სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს ...ს თანამდებობისთვის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს ...ს თანამდებობა; მოსარჩელე აკმაყოფილებს აღნიშნული თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ხოლო დ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტს.
მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ქმნის დ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს ...ს თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა დ. ბ-ის მითითებულ თანამდებობაზე აღდგენა.
მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
მითითებული ნორმა წარმოადგენს დასაქმებული პირის სამართლებრივ გარანტიას, რომ იგი უკანონოდ გათავისუფლებისა და შემდგომ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სრულად დაკმაყოფილდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო მიუღებელი შემოსავლით. დადგენილია, რომ დ. ბ-ის შრომითი ანაზღაურების მოცულობა იყო ხელზე ასაღები 2202,16 ლარი. დადგენილია, რომ დ. ბ-ემ ისარგებლა 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 27 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით (10 კალენდარული დღე), რაც აუნაზღაურდა 957,46 ლარით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 2202,16 ლარის ოდენობით, განთავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე და 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება, თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, (2016 წელს 10 კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით, ანუ მისი გამოკლებით) უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, საქმის გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარდა სრულყოფილად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა. აღნიშნული კი დ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის №... ბრძანებით დ. ბ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის №... ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსი - თავდაცვის მაიორი დ. ბ-ე გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს ...ს თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის №... ბრძანებით ცვლილება შევიდა თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის №... ბრძანების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსი - თავდაცვის მაიორი დ. ბ-ე გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს ...ს თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №... ბრძანებით ცვლილება შევიდა თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულებაში. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის№... ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული №11 დანართი ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, რომლითაც გაუქმდა ...ის ...ი მთავარი სამმართველო. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2016 წლის 28 ნოემბრიდან.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით დამტკიცებულ თანამდებობათა მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის №... ბრძანებით 2016 წლის 29 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში განსახორციელებელი სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან და მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამოქალაქო პირთა გაფრთხილების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს.
2016 წლის 28 ოქტომბრის №... წერილით დ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №4339 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის №957 ბრძანების შესაბამისად, სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მაიორი დ. ბ-ე გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს ...ს თანამდებობიდან 2016 წლის 28 ნოემბრიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას, ლიკვიდაციასა და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
დაწესებულების რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 97-ე მუხლი იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №... ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულებაში, აღნიშნული ბრძანებით მთლიანად გაუქმდა ...ის ...ი მთავარი სამმართველო და საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო) და შესაბამისად, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის, ...ი მთავარი სამმართველოს პირველი და მე-2 სამმართველოები. დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად ჩამოყალიბდა ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო, რომელშიც თავის მხრივ, ჩამოყალიბდა ...ი და საგამოძიებო განყოფილებები. ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა შემდეგი: ა) გეგმავს/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის (მათ შორის, უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფის დაცვა) მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას) მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; ე) ახორციელებს ...ის მიერ გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე. ამრიგად, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელშიც გაერთიანდა ...ი და საგამოძიებო სამმართველოების ფუნქციები.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის №... ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ...ლ მთავარ სამმართველოში ითვალისწინებდა 17 საშტატო ერთეულს, ხოლო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ 8 საშტატო ერთეული.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის თანდართული დებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება. აღნიშნული დებულების თანახმად, გაუქმდა ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო და ...ში ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეულები.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სტრუქტურული რეორგანიზაციასა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით დ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა 2016 წლის 28 ოქტომბერს №... წერილით, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანების შესაბამისად, ...ის ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა 2017 წლის 31 იანვრიდან. ამგვარად, 2016 წლის 28 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე პერიოდი მოიცავს სამ თვეს და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო სამი თვით ვერ დააყოვნებდა დ. ბ-ის საკითხს (ვერც სხვა თანამშრომლისას) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანების გამოცემამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეცა აქტი დ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ მისი გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება დ. ბ-ის თანამდებობაზე აღდგენას, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო შეიჭრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები იმ კუთხით, რომ არ იქნა შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, აკმაყოფილებდა თუ არა დ. ბ-ე ახლებურად ჩამოყალიბებული ...ის სტრუქტურით გათვალისწინებული რომელიმე საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სასამართლოს უნდა ემსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე აღადგინა დ. ბ-ე ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე, რომ არ გამოუკვლევია, იყო თუ არა მითითებულ თანამდებობაზე სხვა პირი დანიშნული, რითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო კონკრეტული პირის ინტერესებსაც, რომელიც კონკურსის საფუძველზე არის ...ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე და შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო აღნიშნული პირი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოეწვია განსახილველ საქმეში. შესაბამისად, დ. ბ-ის ინტერესის დაკმაყოფილებით, სააპელაციო სასამართლომ შელახა სხვა პირის კანონიერი უფლება.
კასატორის მოსაზრებით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის №4346 საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
კასატორის განმარტებით დღეის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე დანიშნულები არიან თავდაცვის პოლკოვნიკი დ. თ-ე და თავდაცვის ვიცე პოლკოვნიკი ვ. ბ-ი, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის №4346 საქართველოს კანონის რედაქცია, განსხვავებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტისგან, არ ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილი საჯარო მოსამსახურის გამო სხვა მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებას.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ბ-ის სასარგებლოდ 2015-2018 წლების პერიოდის გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე და მიუთითებს, რომ დ. ბ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში 2015 წლის 16 თებერვლიდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში ისარგებლა შვებულებით 2016 წლის 17 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით - 10 კალენდარული დღე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით“.
კასატორის მოსაზრებით, შვებულებით სარგებლობა წარმოადგენს მოხელის უფლებას ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. შვებულების გამოყენება მოქალაქის უფლებას წარმოადგენს და მისი გამოყენება დამოკიდებულია ამ უფლების რეალიზაციაზე. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს შვებულების მოთხოვნით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარი ეთქვა მას შვებულებით სარგებლობაზე. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემას. იგი წარმოადგენს პირის უფლებას გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული შვებულების უფლება. გარდა ამისა, 2015-2016 წლების პერიოდში, როცა დ. ბ-ეს არ უსარგებლია შვებულებით, მას მითითებულ პერიოდში მიღებული აქვს თითოეული თვის შრომის ანაზღაურება. შესაბამისად, კანონი არ უშვებს გამონაკლისს შრომის ანაზღაურებასთან ერთად მოხელემ მიიღოს გამოუყენებელი შვებულებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა, რის გამოც კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია 2015-2016 წლების გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნების საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ განსახილველი დავის საგანს შეადგენს დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების კანონიერება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. ბ-ის განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე აღდგენის დავალება; დ. ბ-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 2202,16 ლარის (ორი ათას ორას ორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ოდენობით, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენის დღემდე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. ბ-ის სასარგებლოდ 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება (ფულადი კომპენსაცია), თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2016 წლის 10 (ათი) კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ დ. ბ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში მუშაობდა 2015 წლიდან, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მას დაკავებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ი მთავარი სამმართველოს II სამმართველოს ...ს თანამდებობა.
თავდაცვის მაიორ დ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლი, 109-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის №... ბრძანებით განსაზღვრული სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება.
ამასთანავე დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს ...ა. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის“ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ა (შემდგომში - ...ა) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში - კანონმდებლობა) დადგენილი წესით. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №72 ბრძანების ამოქმედებამდე, ...ის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში - დანაყოფი): ა) ...ი მთავარი სამმართველო; ბ) ინსპექტირების მთავარი სამმართველო; გ) საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო); დ) ანალიტიკური სამმართველო; ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო. ...ი მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან: ა) I სამმართველო; ბ) II სამმართველო. დებულების ამავე რედაქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ...ი მთავარი სამმართველო: ა) გეგმავს/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის (მათ შორის, უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფის დაცვა) მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას) მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს. მე-8 მუხლი კი ადგენს, რომ საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო) ახორციელებს ...ის მიერ გამოვლენილი დანაშაულის გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულებაში 2016 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაერთიანდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის შემადგენლობაში შემავალი ...ი სამმართველო და საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო), კერძოდ, შეიცვალა მითითებული დებულების მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, ...ის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში - ერთეული): ა) ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო: ა.ა) ...ი განყოფილება; ა.ბ) საგამოძიებო განყოფილება; ბ) ინსპექტირების სამმართველო: ბ.ა) ადმინისტრაციული ინსპექტირების განყოფილება; ბ.ბ) ფინანსური შემოწმების განყოფილება; გ) შიდა კონტროლის სამმართველო; დ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება. ამგვარად, მითითებული ცვლილებები შეეხო დებულების მე-6 და მე-8 მუხლებს, კერძოდ, ამოღებულ იქნა მე-8 მუხლი და მე-6 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო: ა) გეგმავს/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის (მათ შორის, უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფის დაცვა) მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას) მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს; ე) ახორციელებს ...ის მიერ გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის საშტატო ნუსხაში განხორციელდა ცვლილებები, რაც გამოიხატა თანამდებობებისთვის გათვალისწინებული ფუნქციების ცვლილებების გარეშე ორი სამმართველოს გაერთიანებაში. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის №... ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები და თავიდან დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურა N1-N18 დანართების შესაბამისად. მე-11 დანართით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 26 სექტემბრიდან (ბრძანების ამოქმედებიდან) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ა ჩამოყალიბდა ჯამში 67 შტატით, მათ შორის - ...ის ...ი მთავარი სამმართველოს II სამმართველო - 8 საშტატო ერთეულით, სადაც სამმართველოს ...ს შტატი განისაზღვრა 1 ერთეულით.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის №... ბრძანებით დამტკიცებულ №11 დანართში კვლავ განხორციელდა ცვლილებები, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 28 ნოემბერს. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ...ი და საგამოძიებო სამმართველოები ჩამოყალიბდა ერთ სამმართველოდ - ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოდ, სადაც შემცირდა შტატების რაოდენობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის შტატების რაოდენობა სულ განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით.
საგულისხმოა საქმეზე დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებით 2017 წლის 31 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ახალი დებულება. დებულების თანახმად, კვლავ თავიდან ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის სტრუქტურა, კერძოდ, მე-4 მუხლის თანახმად, …ის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი): ა) ...ი სამმართველო: ა.ა) კონტროლის სამმართველო; ა.ბ) …ი სამმართველო; ბ) სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველო: ბ.ა) ინსპექტირების სამმართველო; ბ.ბ) …ი სამმართველო; გ) სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველო: გ.ა) ინსპექტირების სამმართველო; გ.ბ) …ი სამმართველო; დ) საგანგებო დავალებათა მთავარი სამმართველო: დ.ა) ინსპექტირების სამმართველო; დ.ბ) …ი სამმართველო; ე) სტატისტიკური აღრიცხვისა და კვლევების სამმართველო; ვ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო: ვ.ა) საქმისწარმოების განყოფილება; ვ.ბ) …ი აღრიცხვისა და არქივის განყოფილება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის მთავარი სამმართველოს ...ს თანამდებობა წარმოადგენდა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობას და მოპასუხეს დაავალა მოსარჩელის აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენა ისე, რომ არ უმსჯელია, რამდენად არსებობს რეალურად კანონით გათვალისწინებული საშუალება, რომ დ. ბ-ე დაინიშნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის მთავარი სამმართველოს ...ს თანამდებობაზე, რადგან პირდაპირ სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ...ს თანამდებობაზე აღსადგენად გადამწყვეტია აღნიშნული პოზიციის ვაკანტურობა.
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო განაცხადის იმ ნაწილს, რომლითაც კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი და საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17) 28.09.2017წ. განჩინება) „ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება“. განსახილველ შემთხვევაში აღძრული სარჩელით სწორედ საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლად გამოტანილი აქტია სადავო, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარების შესაძლებლობა გასაჩივრებული აქტის კანონიერების შესახებ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს სადავო აქტის საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის ნაწილში, თუმცა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. საგულისხმოა, რომ დ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელის გამოცემის დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს უსაზღვრავს ამ უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელების ვალდებულებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მე-6 მუხლით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მე-7 მუხლი ადგენს ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამგვარად, შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანება კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძელობლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ დაწესებულების რეორგანიზაციით გათვალისწინებული შტატების შემცირება წარმოადგენს დასაქმებულის დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის უპირობო საფუძველს, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. 97-ე მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლავს. ამასთან, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. ამასთან, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (სუს. №ბს-1367-1325(კ-07) 10.03.09წ. გადაწყვეტილება). აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანებით უტყუარად უნდა დგინდებოდეს, რომ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობა და ახლად შექმნილი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მოხელე ვეღარ აკმაყოფილებს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 ოქტომბრის №... ბრძანებით 2016 წლის 29 ნოემბრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირებით. სადავო არ არის, რომ დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობათა მოსალოდნელი შესაძლო შემცირების თაობაზე, დ. ბ-ისათვის ცნობილი გახდა 2016 წლის 28 ოქტომბერს. 2016 წლის 28 ნოემბრიდან ძალაში შესული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაუქმდა დ. ბ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის …ი მთავარი სამმართველოს II სამმართველოს ...ს თანამდებობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ეს ცვლილება მიიჩნია დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძვლად. ამგვარად, მართალია, გაუქმდა დ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა, მაგრამ საკასაციო პალატის მოსაზრებით მხოლოდ აღნიშნული არ ქმნიდა საშტატო ერთეულის ფუნქციურად არარსებობის ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. ბრძანების ამ კუთხით დასაბუთებით ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პირის შრომითი უფლების დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ შეზღუდვას. აღნიშნულის გარდა, არ მომხდარა საკითხის შესწავლა - აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელე ახლებურად ჩამოყალიბებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სტრუქტურით გათვალისწინებული რომელიმე საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. როგორც სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 9 მარტს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის …ი მთავარი სამმართველო გაუქმდა და ახლად ჩამოყალიბებულ სამმართველოში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ერთი ...ის შტატი, რომელზეც 2 ...ე ვერ დაინიშნებოდა და დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყდა, რომელ ...ეს უნდა დაეკავებინა არსებული ვაკანსია. შესაბამისად, დ. ბ-ე დაექვემდებარა დათხოვნას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას არ შეიცავს გასაჩივრებული ბრძანება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ არის შეფასებული და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის ასახული დასაბუთება მოსარჩელის პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მოტივაცია, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დ. ბ-ე რატომ არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე. მოსარჩელის გათავისუფლებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და დაასაბუთა, თუ რატომ გახდა დ. ბ-ის გათავისუფლება პრიორიტეტული ანალოგიურ პოზიციაზე მყოფ სხვა თანამშრომლებთან შედარებით. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დ. ბ-ეს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის პერიოდში (დასაქმებული იყო 2015 წლიდან) მიენიჭა „თავდაცვის მაიორის“ სახელმწიფო სპეციალური წოდება, მას არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო თავად დაედგინა მთელი რიგი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში. ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების №11 დანართით (ძალაში შევიდა 2016 წლის 28 ნოემბრიდან) გათვალისწინებულ იქნა სამმართველოები, რომელშიც განისაზღვრა სამმართველოს უფროსებისათვის თითო საშტატო ერთეული ...ის თანამდებობაზე. ამგვარად, დამსაქმებელი, საშტატო ერთეულების შემცირების პირობებშიც, ვალდებული იყო გამოეკვლია, შეეფასებინა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოეცა, მოტივაცია იმის შესახებ, დ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციური მოვალეობები, რომელი თანამდებობისთვის იქნა გათვალისწინებული და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სამინისტრომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას. ასევე, თუ საერთოდ გაუქმდა ფუნქციური მოვალეობები, რომელსაც დ. ბ-ე ასრულებდა თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოს ერთმნიშვნელოვნად უნდა დაედგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. ბ-ე სხვასთან შედარებით ვერ აკმაყოფილებდა ან საერთოდ ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების №11 დანართით გათვალისწინებული საშტატო ერთეულებიდან რომელიმე თანამდებობისთვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამგვარად, არამართებულია კასატორის მოსაზრება, რომ 2016 წლის 28 ნოემბრიდან …ის …ი მთავარი სამმართველოს გაუქმება ქმნიდა დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, შტატების შემცირების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა ენიჭება არა თანამდებობის გაუქმებას, არამედ თანამდებობისათვის გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გაუქმებას ან სხვა თანამდებობისთვის გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებთან შერწყმას. ზემოაღნიშნულ გარემოებათა დადგენის გარეშე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ კონკრეტულად მოსარჩელე დ. ბ-ის უფლება-მოვალეობები გაუქმდა და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე არსებულ სამმართველოს ...ს თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ სამმართველოს ...ს თანამდებობაზე.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე, არ დასტურდება გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანებით, რამდენადაც სადავო აქტი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად ჩამოყალიბებულ დასაბუთებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დგინდება, რომ დ. ბ-ის სამსახურიდან განთავისუფლებამდე …ის საშტატო რაოდენობა განისაზღვრებოდა 67 ერთეულით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების №11 დანართით რეორგანიზაციის შემდეგ განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით, ხოლო 2017 წლის 31 იანვრის შემდეგ და 2017 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საბოლოოდ განისაზღვრა 77 ერთეულით, ანუ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების მომენტისათვის არსებულზე 10 ერთეულით მეტით. ამდენად, გასაჩივრებული აქტის უკანონოდ აღიარების საფუძვლით ბათილად ცნობის პირობებში, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმსჯელოს მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული საშტატო ნუსხის შესაბამისად მოსარჩელის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმების თაობაზე, რათა უკანონოდ დაირღვეს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. ამგვარად, უკანონოდ გათავისუფლების გონივრული ვარაუდი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კანონით დაგენილი წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიში შტატების შემცირებისა და პირის დასაქმების შეუძლებლობის შესახებ ერთმნიშვნელოვნად დასაბუთებული მოსაზრებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაძლია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების კანონიერების მტკიცების ტვირთი. ამდენად, მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეესაბამება მოცემული საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო განაცხადის გაზიარების შესაძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანება დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. საქმის გარემოებების გამოკვლევისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობას შედეგად მოსდევს პირის თავდაპირველ უფლებებში აღდგენა, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხიც კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს მის მიერ არაერთგზის გაკეთებულ განმარტებაზე, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის კანონიერება უნდა დადგინდეს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნების დანარჩენ ნაწილს, კერძოდ, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ნაწილში, დავა უნდა გადაწყდეს დავის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შესული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ახალი კანონი ზემოქმედებს კანონის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან (ნორმის გადაუდებელი მოქმედება). მოცემულ შემთხვევაში ნორმა ეხება აწმყოში მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამართლებრივ ურთიერთობებს და ფაქტებს (სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), სახელდობრ, ამ თვალსაზრისით არის შესაძლებელი საუბარი განსახილველ შემთხვევაში უკუქცევით ძალაზე (კანონის ე.წ. არანამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭება კანონისთვის), რომელიც საჯარო სამართალში დასაშვებია (სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის სფეროს გარდა)). კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან უფლება-მოვალეობებზე ზემოქმედება მისი საყოველთაობის გამოვლენაა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტში მისი მოქმედების წესის აღნიშვნაზე. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ აგრეთვე მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ მიმდინარე სამართალურთიერთობაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს უფლება-მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის თარიღიდან (იხ. სუს. გ. №ბს-595-595(2კ-18) 17.04.2019წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულ მოხელეს ანიჭებდა განთავისუფლების უკანონოდ ცნობის, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლისა და თანამდებობრივი სარგოს მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში ითვალისწინებდა მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამასთანავე, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს (თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო საჯარო დაწესებულებამ უნდა მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ამჟამად მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 118-ე მუხლზე მითითებით სათანადო ნორმის საფუძველზე სამსახურში აღდგენის საკითხის შეფასება მართებულად მოახდინა, სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მართებულად მიუთითა 118-ე მუხლით გათვალისწინებულ სამსახურში აღდგენის პროცედურაზე, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით საქმის რეალური, იმჟამად არსებული გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, 118-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ დაავალა დ. ბ-ის აღდგენა განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე, რის გამოც ერთგვარი წინააღმდეგობა შეიქმნა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილს შორის. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, დ. ბ-ის სამსახურში აღდგენის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის სამმართველოს ...ს თანამდებობაზე აღდგენის რეალური შესაძლებლობის არსებობა, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხზე, რის შემდეგაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაეწყვიტა დ. ბ-ის სამსახურში აღდგენის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტური იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის სამმართველოს ...ს თანამდებობა, მოსარჩელე ექვემდებარებოდა სადავო თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მითითებული თანამდებობა დაკავებული იყო სხვა მოხელის მიერ, 118-ე მუხლის მიხედვით, დ. ბ-ე ექვემდებარებოდა სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობას უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი ერთმანეთისგან განასხვავებს სამუშაოზე აღდგენის პროცედურებსა და მექანიზმს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ ის გარემოება, დ. ბ-ე აკმაყოფილებდა თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ს თანამდებობისთვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე კითხვაც კი არ დასმულა და საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული, რამდენად ვაკანტური იყო აღნიშნული თანამდებობა, რასაც არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დ. ბ-ის სამსახურში აღდგენის საკითხის შეფასებისას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის სასამართლოსათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც არ შეასრულა იმავე კოდექსის მე-17 მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულება სათანადო შესაგებლისა და მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. რაც შეეხება სადავო თანამდებობის სხვა პირთა მიერ დაკავების თაობაზე საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას და საკასაციო საჩივარზე დართულ ბრძანებებს, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალური ფარგლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, დაუშვებელია საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი არ დასმულა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ამდენად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს საკასაციო საჩივრის იმ მიზეზების საფუძვლიანობაზე, რომლებიც არ ყოფილა ქვედა ინსტანციის სასამართლოში მითითებული. თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული გარემოების მიუთითებლადაც, სააპელაციო პალატას არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს …ის სამმართველოს ...ს თანამდებობის ვაკანტურობის საკითხის გარკვევის გარეშე ამ თანამდებობაზე დ. ბ-ის აღდგენის შესახებ, რითაც სააპელაციო სასამართლო წინააღმდეგობაში მოვიდა გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი გამორიცხავს სასამართლოს მიერ პირდაპირ სადავო თანამდებობაზე აღდგენას ასეთი თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების დროს, 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის პირდაპირ აღდგენას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონით შემოტანილი რეგულაციით მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ამგვარად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისთვის საკმარის საფუძველს წარმოდგენს კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სასამართლომ გადაწყვიტა კანონით ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ისე, რომ არ მისცა მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობა აღნიშნული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თავად მიეღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებულ ნაწილში დავა უნდა გადაწყდეს დავის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შესული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის ზემოთ მითითებულ დისპოზიციაზე და მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამგვარად, მოპასუხის მხრიდან დ. ბ-ის მოთხოვნილ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის დამატებითი შეფასების საჭიროების პირობებში, ამ ეტაპისათვის არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს დ. ბ-ის შრომითი მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მიერ მითითებულ თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენისა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების (ფულადი კომპენსაციის) საკითხს, აღნიშნულზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 7 მარტს №ბს-651-644(2კ-16) საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; ამდენად, დასაქმებულის უფლება - ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით, უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. საქართველო „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მონაწილეა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით), რომელიც აღიარებს შვებულების უფლების გამოყენებას და ავალდებულებს ამ კონვენციის მონაწილე ყველა მხარეს უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა. ამასთან, კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, „ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“.
წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. კანონის აღნიშნული დანაწესი ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საშუალებას იძლევა, თუმცა არა უმეტეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. იმავე შინაარსის რეგულაციას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის №4346-Iს საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, „მოხელეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს“. ამგვარად, მოსარჩელის მოთხოვნა 2015-2016 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ნატურით (ფულადი კომპენსაციით) ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, 2017-2018 წლების ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ნატურით (ფულადი კომპენსაციით) ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება 2017-2018 წლებში მოსარჩელეს არ წარმოშობია. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი და დღეს მოქმედი იმავე სახელწოდების კანონი ითვალისწინებს მხოლოდ 2 წლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას და შესაბამისად, 2 წელზე მეტი ვადით გამოუყენებელი შვებულებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის დაუშვებლობის გათვალისწინება ეროვნულ კანონმდებლობაში გამყარებულია „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-5 მუხლის დანაწესით, რომლის თანახმად, „ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“. განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 29 ნოემბრის №... ბრძანების გამოცემის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ბ-ეს შორის, როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა დასრულდა (შეწყდა) და ურთიერთობამ გადაინაცვლა დავის რეჟიმში. ამდენად, 2017-2018 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების უფლება არ წარმოშობილა, შესაბამისად, მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის პირობებში, არსებობს აქტის გამომცემი ორგანოს მიმართ 2017-2018 წლების იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა, რომლის გადაწყვეტა დამოკიდებულია დ. ბ-ის შრომითი მოწყობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული წესით გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის შინაარსზე. აღნიშნულის გათვალისწინებითაც 2017-2018 წლების ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ნატურით (ფულადი კომპენსაციით) ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი დ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ... ბრძანება;
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კანონით დადგენილი წესით, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმების თაობაზე;
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. ბ-ის სასარგებლოდ დაევალოს 2015-2016 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია) თითოეული წლისთვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2016 წელს 10 (ათი) კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით;
7. დ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე