Facebook Twitter

ბს-311(2კ-19) 28 მაისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. დ-ემ 26.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.12.2016წ. დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.09.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.09.2017წ. ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.12.2016წ. დადგენილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.10.2018წ. განჩინებით მოსარჩელე ი. დ-ეს და მოპასუხეებს: ე. ქ-ესა და ნ. ღ-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად უძრავი ქონება (ს.კ....) ეკუთვნის ე. ქ-ესა და ნ. ღ-ს, რომლებიც ქონებას ფაქტობრივად ფლობენ 1950 წლიდან და განხორციელებული აქვთ სხვადასხვა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები. მორიგების თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ი. დ-ე და მისი ოჯახი ფაქტობრივად არ ფლობდა და არ სარგებლობდა სადავო ფართით, ისინი პასუხს არ აგებენ ამ ქონებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა, რის გამო დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს უკანონოდ განხორციელებულ სამშენებლო საქმიანობაზე და მის დემონტაჟზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა. რ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობა არ ყოფილა მის მიერ განხორციელებული, ამასთან, მას არც დემონტაჟის შესაძლებლობა ჰქონდა, რადგან ობიექტის მფლობელობას წლების განმავლობაში ახორციელებდა ტ. ქ-ის ოჯახი. პალატამ მიიჩნია, რომ მეზობლებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავით, საპატრულო პოლიციის 26.12.2016წ. ოქმით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე ვერ ახორციელებდა ფაქტობრივ ბატონობას ობიექტზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებულ იქნა, როგორც უნებართვო მშენებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება იყო დაედგინა სამშენებლო სამართლადარღვევის გამოსწორებაზე ვალდებული პირი, ემსჯელა რ. დ-ის მიერ დარღვევის გამოსწორების ობიექტურ შესაძლებლობაზე. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირი, ამ მიზნით უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოახდინოს ადგილზე დათვარიელება, გამოკითხოს მოწმეები და შეისწავლოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. წარმოების ხელახლა ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე სამოქალაქო დავაზე მიღწეული მორიგების შინაარსი, რომელიც სადავო ქონებაზე კონკრეტული პირების უფლებრივ მდგომარეობას ეხება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენა, უნებართვო რეკონსტრუქცია. ახალი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების შემთხვევაში. კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კონკრეტული პირი, რის გამო პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას არსებულ ფართის მესაკუთრეს უნდა დაკისრებოდა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მითითებით მიცემულ ვადაში დარღვევის გამოსწორება იყო შეუძლებელი, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.

საქმის მასალბით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო 26.12.2016წ. დადგენილებით რ. დ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით, ხოლო ფართის ახალ მესაკუთრეს ი. დ-ეს დაეკისრა უნებართვო სამუშაოების დემონტაჟი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ... საკადასტო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მოიცავს სამ შენობა-ნაგებობას (50,99 კვ.მ., 35,86 კვ.მ., 1,53 კვ.მ.), რომლებზეც საკუთრების უფლება ასევე აღრიცხულია. 28.06.2016წ. მითითების მიხედვით დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლზე ნაწარმოები იყო უნებართვო რეკონსტუქცია, კერძოდ, ფასადის მხრიდან გაუქმებული იყო საზაფხულო ფართი და მოწყობილი იყო საცხოვრებელი ფართი, ასევე დამატებით მოწყობილი იყო სათავსო და სველი წერტილი. სადავო აქტების გამოცემისას სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ უნებართვოდ მიჩნეული ნაგებობების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის ფაქტი და აღნიშნულის გათვალისწინებით არ შეუფასებიათ ნაგებობის დემონტაჟის შესაძლებლობა.

საქმის მასალებით დგინდება აგრეთვე, რომ რ. დ-ის ოჯახსა და მის მეზობლებს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ს.კ. ... უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დამატებით წარდგენილ იქნა საპატრულო პოლიციის 26.12.2016წ. რეაგირების ოქმი, რომელშიც მითითებული იყო მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტის, სასამართლოში დავის მიმდინარეობის, რ. დ-ის მიერ დემონტაჟის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მათთან წარდგენილი მტკიცებულებები, არ დაადგინეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირი, არ გამოიკვლიეს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.10.2018წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგება, რომელიც სწორედ ს.კ.... უძრავი ქონების მფლობელობას, მასზე განხორციელბულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ნივთის უფლებრივ მდგომარეობას ეხება. მორიგების აქტის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ, რომ ე. ქ-ე და ნ. ღ-ი უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობენ 1950 წლიდან და განხორციელებული აქვთ სხვადასხვა სარეკონსტრუქციო -სამშენებლო სამუშაოები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე