Facebook Twitter

№ბს-181(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. თ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მ. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ მ. თ-ისათვის თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის - 3000 ლარის დაკისრება მოითხოვა, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრატის 7.3 პუნქტის შესაბამისად.

სარჩელის თანახმად, მ. თ-ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა რეზერვში, ხოლო მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრებოდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ. თ-ეს, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე მ. თ-ეზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 3 000 ლარიდან 2 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით მ. თ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა ...დ 2005 წლის 8 ნოემბრიდან სამხედრო წოდება „კაპრალის“ მინიჭებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით მ. თ-ე პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 4 ნოემბრიდან.

მ. თ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის მე-... ქვეითი ასეულის მე-... ოცეულის მე-... ქვეითი ათეულის პირველი ...ე ჯგუფის ...ად.

მ. თ-ეს 2016 წლის 29 სექტემბრიდან გაუფორმდა კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

აღნიშნული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ,,სამინისტროსთვის“ აენაზღაურებინა ჯარიმის სახით 3 000 ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებდა, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდებოდა ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვებოდა მის ირგვლივ.

იმავე მუხლის 7.4.1 და 7.4.3 ქვეპუნქტების მიხედვით, 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდებოდა კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1, 9.1.4, 9.1.5, 9.1.7, 9.3.1, 9.3.2 და 9.3.3 პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით, მ. თ-ე 2016 წლის 19 დეკემბრიდან გათავისუფლდა პირველი ...ე ჯგუფის ...ის თანამდებობიდან და დაინიშნა მე-... ...ე ჯგუფის ...ის თანამდებობაზე.

მ. თ-ემ 2018 წლის 13 აგვისტოს პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ ჰქონდა სურვილი გაეგრძელებინა შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით, რადგან აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ ჰქონდა. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გაჩნდა. გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც იყო თანახმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) მ. თ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ერთნაირი პასუხისმგებლობა ანუ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, გათვალისწინებული იყო კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 7.3 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას. კონტრაქტის მიხედვით, 3 000 ლარი ერთნაირად ეკისრებოდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდებოდა იმ დროს, როდესაც მოსამსახურემ არასწორად წარადგინა თავისი მონაცემები (9.1.2 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურე სისტემატურად არღვევდა ნაკისრ ვალდებულებებს (9.1.3 ქვეპუნქტი). ამასთან, კონტრაქტით ერთნაირად ეკისრებოდა პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყვეტილიყო.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) შეადგენდა 3000 ლარს. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს გათვალისწინების ნაწილში მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას ჰქონდა ადგილი და კონტრაქტი გაფორმებული იყო თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი იყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად შეემცირებინა პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილების XVIII თავზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო პირგასამტეხლოს ამცირებს მხარის ქონებრივი მდგომარეობის და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით, რაც სახეზე არ ყოფილა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღრა მხარეთა შორის გაფორმებული წერილობით ხელშეკრულებით და არარსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სამხედრო მოსამსახურისათვის დაკისრებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) შემცირების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის უზრუნველყოფის საშუალება ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით შეადგენს - 3000 ლარს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) გათვალისწინების ნაწილში მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას ჰქონდა ადგილი და კონტრაქტი გაფორმებულია თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტა და ამის გამო ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით 3000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი იყო შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრა - 500 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის სამართლიანი და გონივრულობის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე