Facebook Twitter

№ბს-166(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. კ-ე; მესამე პირი - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეული).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 ივლისს ჯ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 7 ივლისის №2306 ბრძანების ბათილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და მოსარჩელისათვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისათვის განკუთვნილი ყოველთვიური კომპენსაციის - 45 ლარის, 2014 წლის ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 7 ივლისის №2306 ბრძანება; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჯ. კ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელისათვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისათვის, 2014 წლის ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური კომპენსაციის სახით - 45 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაევალა.

საქალაქო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 17 დეკემბრის №980 ბრძანებით, ჯ. კ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 22 აპრილის №3/1998-14 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 17 დეკემბრის №980 ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 1 აპრილს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჯ. კ-ეს ჩაუტარდა გასაუბრება.

აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე გაიცა დასკვნა, რომ ჯ. კ-ე, 2008 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ სოფ. ...ში. ჯ. კ-ის მეუღლე მუშაობდა ქ. თბილისში, მისი სამივე შვილი დაიბადნენ ქ. თბილისში და საშუალო განათლებაც მიიღეს ქ. თბილისში. თავადაც, 2011 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისში. მისი სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით იგი კვირაში მინიმუმ 4 დღე უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, სადაც გააჩნდა საკუთრებაც. შესაბამისად მიჩნეული იქნა, რომ ჯ. კ-ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და ჯ. კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული 2014 წლის 25 ივლისის MIA 1 14 01424253 წერილის თანახმად, ჯ. კ-ე 2008 წლამდე და დღესაც ნამდვილად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში, რასაც ადასტურებდნენ ამავე მისამართზე მცხოვრები მეზობლები - ც. ს-ი და ნ. ხ-ე.

სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის 2016 წლის 11 მაისის №MES 4 16 00494632 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ჯ. კ-ე ნამდვილად მუშაობდა ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლაში ...ის მასწავლებლად 1985 წლიდან 2011 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, მისი საათობრივი დატვირთვა 2005-2006 სასწ/წელს შეადგენდა 5 საათს კვირაში (დასვენების დღეები სამშაბათი და ოთხშაბათი), 2006-2007 სასწ/წელს საათობრივი დატვირთვა შეადგენდა 9 საათს კვირაში (სამუშაო დღეები ყველა დღე ოთხშაბათის გარდა) და 2007- 2008 სასწ/წელს 10 საათი კვირაში (დასვენების დღე ოთხშაბათი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 7 ივლისის №2306 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 23 ივნისის №01-02/06-6975 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ჯ. კ-ეს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმართველი ერთეულის 01.05.2013წ. №242 დასკვნის მიხედვით, ჯ. კ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ ...) მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში. მას პირად მფლობელობაში ჰქონდა ხეხილის ბაღი და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. აღნიშნული დაადასტურეს ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა: ნ. კ-ემ, ნ. ტ-მა, ნ. ყ-მა და ზ. კ-ემ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს შს სამინისტროს მიერ 25.07.2014წ. გაცემული MIA 1 14 01424253 წერილი, რომლის თანახმად, ჯ. კ-ე 2008 წლამდე და დღესაც ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში, რასაც ადასტურებენ ამავე მისამართზე მცხოვრები მეზობლები - ც. ს-ი და ნ. ხ-ე. საყურადღებოა, რომ საქალაქო სასამართლოს 13.11.2017წ. სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა ნ. ხ-ემ და ც. ს-მა დაადასტურეს ჯ. კ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, თუმცა მიუთითეს, რომ აღნიშნულ ბინაში მოსარჩელეს მუდმივად არ უცხოვრია და იგი მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებული აქტის საფუძვლად შედგენილ დასკვნაში კვლავ დაეყრდნო ჯ. კ-ის №... საჯარო სკოლაში მუშაობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა 13.11.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ. კ-ის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, მართალია, ჯ. კ-ე თბილისში მუშაობდა, თუმცა იგი ყოველდღიურად მიდიოდა სოფლიდან თბილისში და იმავე დღეს ბრუნდებოდა უკან, ვინაიდან, სოფელში ეწეოდა სოფლის მეურნეობას, რასაც ყოველდღიური მოვლა სჭირდებოდა. შესაბამისად, იგი უმეტეს დროს ატარებდა სოფელში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ჯ. კ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების, მხარეებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებები და დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ჯ. კ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმიც საცხოვრებელ ადგილს ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონოდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ჯ. კ-ის 2005 წელს აღებულ პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №5, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, 2009 წლის დეკემბერში აიღო პირადობის მოწმობა სოფელ ...ის მისამართით.

კასატორის განცხადებით, ვინაიდან მოსარჩელის ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა ერთმანეთს, აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ იგი ცხოვრობდა მისი რეგისტრაციის მისამართზე ქ. თბილისში, რაც ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ 2009 წელს საცხოვრებელის რეგისტრაციის შეცვლის მიზანი იყო დევნილის სტატუსის უკანონოდ მოპოვება და სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ სარგებლის მიღება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს ქ. თბილისში, მისმა შვილებმა ქ. თბილისში დაამთავრეს სკოლა და მეუღლე დღემდე მუშაობს №... საჯარო სკოლაში.

კასატორი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შედგენილ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურეს 2008 წლამდე და მის შემდგომ მოსარჩელის ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტი, ხოლო შემდგომ შეცვალეს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოს განუცხადეს, რომ ჯ. კ-ე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სოფელ ...ში საკუთრება და ფლობდა საცხოვრებელ სახლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ფაქტი არ ადასტურებს მოსარჩელის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. კასატორი ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებული მტკიცებულებების სანდოობას და თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები კრიტიკულად არ შეუფასებია სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცველდ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სოფელ ...ში, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გააჩნდა საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმართველი ერთეულის 01.05.2013წ. №242 დასკვნის მიხედვით, ჯ. კ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ ...) მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში. მას პირად მფლობელობაში ჰქონდა ხეხილის ბაღი და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. აღნიშნული დაადასტურეს ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა: ნ. კ-ემ, ნ. ტ-მა, ნ. ყ-მა და ზ. კ-ემ. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს მიერ 25.07.2014წ. გაცემული MIA 1 14 01424253 წერილის საწინააღმდეგოდ, საქალაქო სასამართლოს 13.11.2017წ. სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა ნ. ხ-ემ და ც. ს-მა დაადასტურეს ჯ. კ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, თუმცა მიუთითეს, რომ აღნიშნულ ბინაში მოსარჩელეს მუდმივად არ უცხოვრია და იგი მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში. რაც შეეხება, კ. კ-ის სკოლაში მუშაობის ფაქტს, საქალაქო სასამართლოში 13.11.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ. კ-ემ აღნიშნა, რომ მართალია, ჯ. კ-ე თბილისში მუშაობდა, თუმცა იგი ყოველდღიურად მიდიოდა სოფლიდან თბილისში და იმავე დღეს ბრუნდებოდა უკან, ვინაიდან სოფელში ეწეოდა სოფლის მეურნეობას, რასაც ყოველდღიური მოვლა სჭირდებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები გაბათილდა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებები), ხოლო კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობის მხოლოდ ეჭვქვეშ დაყენება, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტირების (დასაბუთების) გარეშე, ვერ გახდება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე