Facebook Twitter

№ბს-105(კ-20) 13 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა დ. კ-ის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 17 ოქტომბერს დ. კ-მა, ს. კ-მა და დ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, „იძულებით გადაადგილებული პირისათვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1741 და ამავე სამინისტროს 2017 წლის 22 სექტემბრის №1742 ბრძანებების ბათილად ცნობის და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

2017 წლის 20 ნოემბერს დ. კ-მა და ს. კ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და აღნიშნეს, რომ წარდგენილ სარჩელში შეცდომით იქნა მითითებული დ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით დ. კ-ისა და ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების - დ. და ს. კ-ებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვა ინფორმაცია 1993 წლამდე მოსარჩელე დ. კ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს წერილობითი მიმართვით მას ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე დ. კ-ი 1993 წლამდე ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის სოფელ ...ში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 აგვისტოს ცნობის თანახმად, მოსარჩელე დ. კ-ი 1993 წლამდე ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში ოჯახთან ერთად. იმავე მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 მარტის ცნობით, მოსარჩელე დ. კ-ი ოჯახთან ერთად 1993 წლამდე პერიოდულად ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში.

ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, მოსარჩელე დ. კ-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2017 წლის 18 მაისს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ იგი დაიბადა ... წელს დაიბადა ქ. სოხუმში, 1979 წელს დაქორწინდა ქ. სოხუმში, 1992 წელს დატოვა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმში, სადაც იგი ცხოვრობდა მამის, ხოლო შემდგომ ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისი შვილები სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელი ...ს საშუალო სკოლაში და სკოლაში სწავლის პერიოდში მის შვილებს უვლიდნენ მისი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი.

ამასთან, მოსარჩელე დ. კ-მა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2014 წლის 27 მაისს შევსებულ კითხვარში მიუთითა, რომ თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმში დატოვა 1990 წლის აგვისტოში.

სოფელი ...ს საჯარო სკოლის 2015 წლის 19 ივნისის ცნობით, მოსარჩელე დ. კ-ის შვილები - ს. და ხ. კ-ები 1987-1998 წლებში სწავლობდნენ ...ს საშუალო სკოლაში.

მოსარჩელე დ. კ-ის მეუღლეს არ აქვს მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 27 ოქტომბრის წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ მოსარჩელე დ. კ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. სოხუმი ...ის გზატკეცილი №33, ბინა 54. აღნიშნული ცნობა ძირითადად დაეფუძნა მოსარჩელე დ. კ-ის და მისი დის ს. გ-ას ახსნა-განმარტებებს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე დ. კ-ის მცირეწლოვანი შვილები საშუალო სკოლაში სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელ ...ში და მისი მეუღლე ცხოვრობდა აღნიშნულ სოფელში, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ თვითონ მოსარჩელე დ. კ-ი მუდმივად ქ. სოხუმში ცხოვრობდა და მხოლოდ არდადეგებზე ნახულობდა ოჯახს. ამასთან, მოსარჩელე დ. კ-მა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2014 წლის 27 მაისს შევსებულ კითხვარში მიუთითა, რომ თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმი დატოვა 1990 წლის აგვისტოში, რაც არ შეესაბამება მის მიერვე, 2017 წლის 18 მაისს გასაუბრებისას მითითებულ ინფორმაციას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ შესაბამის ადგილზე პერიოდულად გადაადგილება (თუნდაც ასეთ ადგილზე დროებით ყოფნა) არ წარმოადგენს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის სამართლებრივ წინაპირობას, რამდენადაც, პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დგინდება ისეთი გარემოებებით, რომლებიც უკავშირდება პირის ნათესაურ კავშირებს, ძირითადი საქმიანობის ადგილს და ა.შ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა და ს. კ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით დ. კ-ისა და ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა და ს. კ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ მოცემულ შემთხვევაში ცხოვრების ფაქტის დადგენისათვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დ. კ-ის აფხაზეთში ცხოვრების ფაქტს ადასტურებს და ეს არის მისი საპენსიო საქმე, რომელიც 1993 წლის შემდგომ რაც ის იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი სახლი, გადმოიტანა ტყიბულში, როცა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მიღება მკაცრად ადმინისტრირებადი იყო. შესაბამისად, კასატორების აღნიშვნით, ის ფაქტი, რომ საპენსიო საქმე 1993 წლის შემდეგ გადმოვიდა ტყიბულში პირდაპირ მიუთითებს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და აქარწყლებს იმ ეჭვს, რომ თითქოს დ. კ-ი პენსიის მისაღებად დადიოდა მხოლოდ სოხუმში.

კასატორები აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1993 წლამდე ცხოვრების ფაქტი ისე დაადგინა, რომ არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებებზე, მაგალითად როგორიცაა საკომლო ჩანაწერი და თუ დ. კ-ი 1990 წლიდან ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის, სოფელ ...ში, ის აუცილებლად მოხვდებოდა საკომლო წიგნშიც. კასატორების მითითებით, დ. კ-ი ცხოვრობდა სოხუმში მამის სახლში. მის შვილებს კი უვლიდა დედამთილი და მამამთილი, რომლებიც იყვნენ …ის …ები. სასამართლოებმა ფაქტობრივად ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრეს მშობლის საცხოვრებელი ადგილი მაშინ, როდესაც, კასატორების მითითებით, პირიქით უნდა გაეკეთებინათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დ. კ-ის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით დ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი ს. კ-ის ნაწილში განუხილველი დარჩა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დ. კ-ის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად პირად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგენილიყო მოსარჩელის - დ. კ-ის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების კითხვარის თანახმად, დ. კ-ი აღნიშნავს, რომ დაიბადა ... წელს, ქ. სოხუმში, მე-8 კლასამდე სწავლობდა სოფელ ...ში, მე-8 კლასის შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. …ის №... ...ოს სკოლაში. 1970-1979 წლებში მუშობდა ...ო ...ში ...დ. 1979 წელს დაოჯახდა ქ. სოხუმში. 1981 და 1983 წლებში მისი შვილები დაიბადნენ ქ. ქუთაისში. მეუღლე მ. კ-ი წარმოშობით არის ტყიბულის რაიონის სოფელ ...დან. მეუღლე მ. კ-ი 1981-1987 წლებში სწავლობდა ... უნივერისტეტში. მეუღლე გარდაიცვალა 2014 წელს. დ. კ-ის განმარტებით, მისმა შვილებმა სწავლა დაიწყეს სოფელ ...ში, თავად კი ამ პერიოდში ცხოვრობდა ქ. სოხუმში, რადგან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მკურნალობდა. მოსარჩელის განმარტებით სოხუმი დატოვა 1992 წელს შვილებთან ერთად. ოკუპირებული ტეროტორიიდან წამოსვლის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ...ში, ხოლო ამჟამად ცხოვრობს ქ. ქუთაისში ნათესავთან.

საქმეში წარმოდგენილი სოფელ ...ს საჯარო სკოლის მიერ 2015 წლის 19 ივნისს გაცემული ცნობის შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელე დ. კ-ის შვილები - ს. და ხ. კ-ები 1987-1998 წლებში სწავლობდნენ ...ს საშუალო სკოლაში.

დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. კ-ის მეუღლეს არ ჰქონდა მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 აგვისტოს ცნობის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე დ. კ-ი 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის, სოფელ ...ში. ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2017 წლის 18 მაისს გასაუბრებისას დაფიქსირებული ინფორმაცია მუდმივი საცხოვრებლის 1992 წელს დატოვების თაობაზე, არ ემთხვევა კასატორის მიერ 2014 წლის 27 მაისს შევსებულ კითხვარში მითითებულ ინფორმაციას - ქ. სოხუმის 1990 წელს დატოვების შესახებ. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კასატორის შვილები სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელ ...ში და არ ცხოვრობდნენ ქ. სოხუმში, ამდენად, ასევე ეჭვქვეშ დგება დ. კ-ის მიერ ქ. სოხუმის შვილებთან ერთად დატოვების ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დ. კ-ს არ უდასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ქ. სოხუმში, რაიმე შრომითი აქტივობა ან სხვა მნიშვნელოვანი სახის ყოფითიკავშირები, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუდმივი მკურნალობის ფაქტი, შეუძლებელია იმ გარემოების მტკიცება, რომ დ. კ-ი ქ. სოხუმში ცხოვრობდა ოჯახის, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისაგან განცალკევებით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დ. კ-ის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე