№ბს-107(კ-20) 13 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. ნ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 23 იანვარს კ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის №2019/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის 2019 წლის 01 თებერვლიდან კ. ნ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და კ. ნ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 9 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის №2019/1 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - კ. ნ-ს 2019 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია და ამავე პერიოდიდან აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; 2013 წლის 9 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კ. ნ-მა 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს და მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის მიერ 2019 წლის 17 იანვარს გამოიცა №2019/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, კ. ნ-ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან, დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული №04-00-ვ/52895 წერილის თანახმად, მოქალაქე კ. ნ-ს მისი 2018 წლის 24 დეკემბრის №102930 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობოდა და წარმოშობილი უფლება წყდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი განმარტებული იყო, როგორც ანაზღაურებადი საქმიანობა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, გარდა სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობისა. განცხადებაზე თანდართული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული 2019 წლის 8 იანვრის №9171 ცნობით ირკვეოდა, რომ ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მიეკუთვნებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუშაობის პერიოდში კ. ნ-ისათვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 წლის 8 იანვრის №9171 ცნობის თანახმად, კ. ნ-ი ნამდვილად მუშაობდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 2009 წლის იანვრიდან დღემდე ასოციაციის ...ის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ... (...ს) ლარს. ამასთან, წერილით განმარტებული იყო, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენდა პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შექმნილი იყო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, არ ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა საწევრო შენატანები და არ გააჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ იყო საბიუჯეტო ორგანიზაცია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენდა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა საწევრო შენატანები და არ გააჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, კ. ნ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს პენსიის მიღების უფლების შეწყვეტის საკითხზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ განასხვავებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობის განმარტებისას ამ პირის დაფუძნების სახეებს - წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია თუ ქონების განკარგვის გზით დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, საპენსიო უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მოცემული განმარტება საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნას ადგენს არა მხოლოდ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც ნორმით განსაზღვრული გამონაკლისის გარდა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურშია, აგრეთვე იმ პირთათვის, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევიან შრომით ანაზღაურებად საქმიანობას დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის მიერ პენსიის მიღების უფლების რეალიზების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის."
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა განიმარტება, როგორც, საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ამასთან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.
განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საყურადღებოა ასევე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით და ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის - საჯარო-სამართლებრივი მიზნის კონტექსტში ტერმინის - „საჯარო საქმიანობის“ განმარტება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის №ბს-381-370(კ-13) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საპენსიო უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება, რის გამოც მას სახელმწიფო პენსიის სტატუსი გააჩნია. საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა და პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდეს ორი ფულადი გასაცემლის გაცემა, შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის მიღების გამომრიცხველი ფაქტორია, თუ პირი არის საჯარო საქმიანობის განმხორციელებელი, რაც ნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნის მომენტში პირი იმავდროულად არ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღები სუბიექტი (რაც გამორიცხავს სახელმწიფო დაფინანსებით ერთდროულად ხელფასისა და პენსიის მიღების შესაძლებლობას).“ ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დადგენის მიზანი სწორედ საბიუჯეტო სახსრებიდან პირისთვის ორი სახის გასაცემლის დაუშვებლობის პრინციპს ემსახურება.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ უკვე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტავს, რომ ადმინისტრირების ორგანომ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეაფასოს ის გარემოება, პენსიის დანიშვნის მომთხოვნი პირი ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას და ამავდროულად, იღებს თუ არა შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. განსახილველ შემთხვევაში სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას და მას არ გააჩნია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად, კ. ნ-ის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საქმიანობა არ წარმოადგენდა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელმაც თავის მხრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე