Facebook Twitter

№ბს-124(2კ-20) 13 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების (შპს „...ი“-ს მიერ წარმოდგენილ DIS150000054-01 საჩივართან დაკავშირებით) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით, შპს „...ი“ საქმეში ჩაება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს „...ის“ მიერ წარდგენილ DIS150000054-01 საჩივართან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და შპს „...მა.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილ DIS150000054-01 საჩივართან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის №197 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით განსახორციელებელი სატენდერო პროცედურების ჩატარების მიზნით. აღნიშნული ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვრა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარის და წევრების შემადგენლობით.

აღნიშნული ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად პრეამბულაში მითითებული იყო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი“, რომელიც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2015 წლის 1 ივლისიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა კონკურსი საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე C№T150000054. საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე, კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სასურველი იყო ჰყოლოდა კონკრეტული დარგის სპეციალისტები, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, მათ შორის, ჰიდროლოგი 10 წლიანი მინიმალური ზოგადი პროფესიული სამუშაო გამოცდილებით.

შპს „...ის“ მიერ წარდგენილ იქნა ტექნიკური დოკუმენტაცია ზემოაღნიშნულ ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით.

აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავდა შპს „...სა“ და კომპანიის მიერ სპეციალისტად წარდგენილ გ. ხ-ესთან (ჰიდროლოგი) წინარე შეთანხმებას, საჭიროების შემთხვევაში პირის დასაქმებისა და მის მიერ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე. წარდგენილი იყო ასევე გ. ხ-ის საინფორმაციო ანკეტა, რომელიც შეიცავდა გ. ხ-ის ხელმოწერას, დიპლომის ასლსა და პირადობის მოწმობის ასლს.

2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა გ. ხ-ემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „...ის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია. მან 2014 წლის ბოლოს ხელი მოაწერა შპს „...თან“ არსებული კონტრაქტის დასრულებაზე. ასევე მიიღო პასუხი, რომ მომავალში მასთან თანამშრომლობა შპს ,,...ის“ 2015 წლის პროექტებში არ განიხილებოდა. აღნიშნულის შემდეგ მას რაიმე შეთავაზება თანამშრომლობაზე ან საკონკურსო პროექტში მონაწილეობაზე შპს ,,...ისგან“ არ მიუღია, შესაბამისად CT№150000054 ელექტრონულ კონკურსში წინარე ხელშეკრულებაზე და საინფორმაციო ანკეტაზე ხელი მას არ მოუწერია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 2 ნოემბრის №3 ოქმით შეიქმნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლისათვის მუშა ჯგუფი. მუშა ჯგუფს დაევალა დოკუმენტაციის შესწავლა და მისი წარდგენა კომისიის სხდომაზე.

2015 წლის 6 ნოემბერს შპს „...მა“ განცხადება წარადგინა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ C№T150000054 ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 2015 წლის 28 ოქტომბერს 12:01 საათზე, პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში დაფიქსირდა პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასები. ასევე საჩივრის ავტორი სადავოდ მიიჩნევდა საკონკურსო კომისიის კომპეტენციის საკითხს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის №5 ოქმის თანახმად, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო განხორციელდა შპს „...ის“ დისკვალიფიკაცია C№TI50000054 კონკურსიდან. ამავე ოქმის მიხედვით, მეორე პრეტენდენტს - შპს „ს...ა“-ს განესაზღვრა სამი სამუშაო დღე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენისათვის. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ საკონკურსო კომისია იმსჯელებდა აღნიშნული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დკუმენტაციის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის №220 ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 2014 წლის 13 ნოემბრის №197 ბრძანებაში, მათ შორის, შესაბამისი ბრძანების სახელწოდებაში და გათვალისწინებული იქნა, რომ აღნიშნული ბრძანებით „სატენდერო“ კომისიასთან ერთად ასევე შეიქმნა „საკონკურსო“ კომისიაც. ცვლილება შევიდა პრეამბულაშიც და ბრძანების გამოცემის საფუძვლად ნაცვლად სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესისა“, მითითებულ იქნა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

2015 წლის 11 ნოემბერს შპს „...მა“ საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის №5 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ფაქტი, ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასების დაფიქსირებას და მათ მიერ არ იყო ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედება, ვინაიდან, კომისია თავის გადაწყვეტილებას აფუძნებდა იმგვარ მტკიცებულებაზე (გ. ხ-ის განცხადება), რომელიც არ ჰქონდა გამოკვლეული.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის DIS150000054-01 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნულ კონკურსთან მიმართებით დადგინდა სატენდერო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის №5 სხდომის ოქმის გაუქმება და სათანადო წესით შექმნილი კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ჩატარება, ვინაიდან, სატენდერო კომისია მიჩნეულ იქნა არაუფლებამოსილ ორგანოდ, რის გამოც მის მიერ გამოცემული აქტი გამოცემისთანავე ითვლებოდა არარად. საბჭოს შპს „...ის“ საჩივარში მითითებული სხვა საკითხები არ შეუფასებია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” წესის მე-4 მუხლზე და განმარტა, რომ კონკურსს ატარებდა საკონკურსო კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნიდა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებოდნენ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა იყო არასაკმარისი, კომისიის წევრებად შეიძლება დანიშნულიყვნენ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი იყო, რომ საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობდა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. მე-4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეული ყოფილიყვნენ ასევე შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარდგენილ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის №5 ოქმით განსაზღვრულ სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული კონკურსის კომისიის წევრთა შემადგენლობაზე და მიუთითა, რომ მისი შემადგენლობა შესაბამისობაში იყო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული აქტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკონკურსო კომისიის შემადგენლობასთან, შესაბამისად, აპელანტების მითითება რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის №5 ოქმი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ იყო დაუსაბუთებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის №5 ოქმი გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკითხის განხილვის დროს უნდა არსებითად ემსჯელა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კანონიერების საფუძვლებზე, რაც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. აღნიშნული კი თავის მხრივ, ქმნიდა გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და შპს „...მა“.

კასატორი - შპს „...ი“ მიუთითებს, რომ მისი დისკვალიფიკაცია კონკურსიდან განხორციელდა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ასევე სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებულ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ პრინციპებს, კერძოდ, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას.

კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში უმთავრეს გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტმა არ შექმნა საკონკურსო კომისია და 2014 წლის 13 ნოემბრის №197 ბრძანებით შექმნილ სატენდერო კომისიას დაუქვემდებარა კონკურსი, მაშინ როდესაც 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანების მე-4 მუხლით დადგინდა საკონკურსო კომისიის შექმნის ვალდებულება. ამდენად, კონკურსი ჩაატარა კომისიამ, რომელსაც ნორმატიული აქტით უკვე აღარ გააჩნდა მისი ჩატარების უფლებამოსილება.

ამასთან, კასატორი სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ განცხადებით, რასაც დაეფუძნა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ვერ ხდებოდა განმცხადებლის (გ. ხ-ის) იდენტიფიცირება (არ იყო მითითებული პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი არ ეკუთვნოდა განმცხადებელს ან მისი ოჯახის წევრს). ასევე კასატორის განცხადებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელოვანი ისეთი გარემოება, როგორიცაა სისტემაში ფასების დაფიქსირება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პრობლემატურ საკითხად მიიჩნევს სატენდერო და საკონკურსო კომისიის ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხს და არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას, რომელმაც ფორმალური ხასიათის დარღვევად მიიჩნია საკონკურსო კომისიის ნაცვლად სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. კასატორი აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ფორმალურ მოთხოვნებზე აგებული, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ხოლო სპეციალურ კანონში არსებული დათქმით, საკონკურსო კომისიის შექმნა სავალდებულო პირობაა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამასთან, დავების განხილვის საბჭომ იმსჯელა მხოლოდ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, კონკურსს ატარებდა და საკონკურსო პროცედურებს ახორციელებდა თუ არა სპეციალურად საამისოდ შექმნილი საკონკურსო კომისია თუ 2013 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისია, რომელიც თავისი არსით, არ წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს განსახილველი შემთხვევისათვის. შემსყიდველს, შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის უნდა შეექმნა საკონკურსო კომისია, რომელიც იქნებოდა უფლებამოსილი ორგანო. ამდენად, კასატორის მოსაზრებით შესაბამისი კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საკითხზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, კასატორებმა საკასაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 13 ნოემბრის №197 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით განსახორციელებელი სატენდერო პროცედურების ჩატარების მიზნით. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვრა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგენლობით. აღნიშნული ბრძანების გამოცემის ერთ - ერთ საფუძვლად პრეამბულაში მითითებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი“, რომელიც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2015 წლის 1 ივლისიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის №220 ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 2014 წლის 13 ნოემბრის №197 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების სახელწოდებაში გათვალისწინებული იქნა, რომ აღნიშნული ბრძანებით „სატენდერო“ კომისიასთან ერთად ასევე შეიქმნა „საკონკურსო“ კომისიაც. ამასთან, ცვლილება შევიდა პრეამბულაში და ბრძანების გამოცემის საფუძვლად ნაცვლად სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესისა“, მიეთითა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც დარეგულირებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობის საკითხი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად კი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის შემადგენლობა სრულ შესაბამისობაში იყო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული აქტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკონკურსო კომისიის შემადგენლობასთან, იმ პირობებში, როდესაც კომისიის წევრები და მათი დანიშვნის წესი/დამნიშვნელი უფლებამოსილი პირი - როგორც ძველი, ისე ახალი რეგულირების ფარგლებში იყო იდენტური, ხოლო კომისიის სახელწოდების ცვლილება („სატენდერო კომისია" - „საკონკურსო" კომისია) არ წარმოადგენს ისეთი ტიპის არსებით დარღვევას, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების ავტომატურად არარა აქტად ცნობის ფაქტობრივ მოცემულობას შექმნიდა.

რაც შეეხება, შესაბამისი კომისიის მიერ განხორციელებულ სხვა შესაძლო პროცედურულ დარღვევებს, იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეს გარემოებები საერთოდ არ შეუფასებია, სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად სწორად მიიღო გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...ს“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 21.02.2020წ. №79 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2020წ. №79 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე