Facebook Twitter
№ბს-188(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ.2თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ფ-ე; მესამე პირები - მ. ყ-ა; პ. ფ-ე; ჯ. ფ-ე).


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 25 ოქტომბერს მ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის №01-536/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში ჩაებნენ მ. ყ-ა, პ. ფ-ე და ჯ. ფ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის №01-536/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ-ე, მ. ყ-ა, პ. ფ-ე და ჯ. ფ-ე არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათ მიმართ გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები, რომელთა თანახმად, მ. ფ-ის, პ. ფ-ის და ჯ. ფ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, სოფელი ...ა. მ. ყ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, სოფელი ...ი. მ. ფ-ის, მ. ყ-ას, პ. ფ-ის და ჯ. ფ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს სამეგრელო ზემო-სვანეთი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №40, ყოფილი საერთო საცხოვრებელი.
მ. ფ-ის ოჯახს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წინასწარი შეფასებით მიანიჭა 7.5 ქულა, კერძოდ, 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები; 3 ქულა - ოჯახის წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი; 2.5 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულით).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 5 ივნისს ერთ-ერთ საკითხად განიხილა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქ. ზუგდიდში ...ას ქ. №7-ში მდებარე კორპუსში არსებული 240 ბინის განაწილების საკითხი. კომისიამ ოთხი ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით განახორციელა კენჭისყრის პროცედურა იმ 11 დევნილ ოჯახს შორის, რომლებსაც შევსებული განაცხადის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ 6.5 ქულა. კომისიამ გაითვალისწინა დევნილ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი პირობები, ასევე განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №22) მ. ფ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო. კერძოდ, მისი ქულა შეადგენდა 5.5 ერთეულს. კრიტერიუმში „მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს“ დააკლდა - 2 ქულა.
საქალაქო სასამართლომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, მ. ფ-ე (ოჯახის წევრები: მ. ყ-ა, პ. ფ-ე, ჯ. ფ-ე) რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, კორპუსი №40. ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 53240 ერთეულს (ქულის მინიჭების თარიღი 20.04.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 21.03.2017 წელი).
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბენეფიციარ ჯ. ფ-ეს დანიშნული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის სოციალური პაკეტი 18 წლამდე (2028 წლის 5 იანვრამდე). ფულადი გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 180 ლარს. მისი დიაგნოზი იყო ცერებრული დამბლა, სპასტიკური კვადრიპლეგია. მას ჰქონდა ფსიქო-მოტორული განვითარების მკვეთრი შეფერხება, რის გამოც თავს ვერ იჭერდა, ვერ ბრუნდებოდა, არ დადიოდა და არ ლაპარაკობდა, მზერას აფერხებდა მოძრავ საგნებზე. თავის ტვინის კვლევის შედეგად გამოვლინდა ზომიერად გამოხატული ჰიდროცეფალია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ. ფ-ეს ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება სტენოკარდიის შეტევებით, წელის მალების ოსტეოქონდროზი, გამოხატული ალერგიური სინდრომით, ასტენო ნევრასთენული სინდრომი, პოსტოპერაციული ჰიპოთირეოზი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ განსაზღვრავდა კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილი იყო შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრიტერიუმს - „საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია) მინიჭებული ჰქონდა - 2 ქულა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მძიმე საცხოვრებელი პირობები დაკავშირებული იყო მხოლოდ ისეთ შენობა-ნაგებობასთან, რომელიც ფაქტობრივად არ იყო განკუთვნილი ადამიანთა საცხოვრებლად და მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კანონმდებელი მიუთითებდა რა მინიმალურ საცხოვრებელ პირობებზე, ამავე დროს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებდა ვალდებულებას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართი დეტალურად შეესწავლა ადგილზე, მოეძიებინა შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, კაპიტალურ შენობა-ნაგებობაში არსებულ ფართში ცხოვრება ავტომატურად არ გულისხმობდა ამ ფართის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ყოფნას. აღნიშნული გარემოება არ დგინდებოდა არც საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები არ იძლეოდა საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან, მოსარჩელისათვის წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირების მიზეზი გახდა საცხოვრებელი ფართის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმი. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ფოტომასალა არ ქმნიდა აპლიკანტის საცხოვრებელი პირობების რეალურად აღქმის შესაძლებლობას, სასამართლოს არ უქმნიდა შინაგან რწმენას, რამდენად მძიმე ან ნაკლებად მძიმე იყო მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელესთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული ოჯახის წევრის - ჯ. ფ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, იგი საჭიროებდა შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არსებობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელის საცხოვრებლის მდგომარეობა და მოცემული ნორმის შინაარსი წინააღმდეგობაში იყო ერთმანეთთან. იძულებით გადაადგილებულმა პირმა მ. ფ-ემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ შევსებული განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 7.5 ქულით (2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები; 3 ქულა - ოჯახის წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი; 2.5 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით)).
კასატორის მითითებით, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება. შემოწმების შედეგად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა 2 ქულა, როგორც მძიმე საცხოვრებელი პირობებისათვის დადგენილი კრიტერიუმი, ხოლო დარჩენილი 5.5 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მოსარჩელე დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით. კასატორის განმარტებით, აპლიკანტის დროებით სარგებლობაში არსებული ფართი, თავისი მდგომარეობით, არის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი (საერთო საცხოვრებელი) და ის ნამდვილად არ შეესაბამება „მძიმე საცხოვრებელ პირობებს“. სარჩელზე დართული ფოტომასალით აშკარად ჩანს, რომ შენობა არის მრავალსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, შენობის და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი (ინტერიერი) კეთილმოწყობილია თანამედროვე ავეჯით, სრულად უზრუნველყოფილია სათანადო კომუნიკაციებით, კონსტრუქციული თვისებებით, ტიხრებით, ჭერით, იატაკით, სართულების დამაკავშირებელი კიბით და სხვა მახასიათებლით, ნამდვილად ვარგისია საცხოვრებლად და მეტნაკლებად შეესაბამება კეთილმოწყობილ საცხოვრებელს.
ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოცემულ აპლიკანტთან მიმართებით „მძიმე საცხოვრებლის“ კატეგორიაში მინიჭებული 2 ქულის გაუქმების თაობაზე კანონიერია.
კასატორის მითითებით, სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია, ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელესთან მიმართებით „მძიმე საცხოვრებელი პირობების“ კატეგორიაში მინიჭებული 2 ქულის გაუქმება და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული დანართი №6 („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) და დანართი №7 („სოციალური კრიტერიუმი“) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახის სხვის სახლში ცხოვრება (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით - 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1.5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით -1 ქულა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ფ-ის ოჯახს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წინასწარი შეფასებით მიანიჭა 7.5 ქულა, კერძოდ, 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები; 3 ქულა - ოჯახის წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი; 2.5 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულით).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 5 ივნისს ერთ-ერთ საკითხად განიხილა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქ. ზუგდიდში ...ას ქ. №7-ში მდებარე კორპუსში არსებული 240 ბინის განაწილების საკითხი. კომისიამ ოთხი ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით განახორციელა კენჭისყრის პროცედურა იმ 11 დევნილ ოჯახს შორის, რომლებსაც შევსებული განაცხადის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ 6.5 ქულა. კომისიამ გაითვალისწინა დევნილ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი პირობები, ასევე განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №22) მ. ფ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო. კერძოდ, მისი ქულა შეადგენდა 5.5 ერთეულს, ვინაიდან, კრიტერიუმში „მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს“ დააკლდა - 2 ქულა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის დროებით სარგებლობაში არსებული ფართი არ შეესაბამება „მძიმე საცხოვრებელი პირობების“ კრიტერიუმს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი „მძიმე საცხოვრებელი პირობები“ არ არის დაკავშირებული მხოლოდ ისეთ შენობა-ნაგებობასთან, რომელიც ფაქტობრივად არ არის განკუთვნილი ადამიანთა საცხოვრებლად, ვინაიდან, კანონმდებელი ხაზგასმით მიუთითებს რა მინიმალურ საცხოვრებელ პირობებზე, აღნიშნულს არ უკავშირებს ოჯახის მხოლოდ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაში ცხოვრებას, არამედ მიუთითებს გარემო პირობების მინიმალურ საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე.
ამასთან, კასატორის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - ჯ. ფ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დევნილი ოჯახისათვის 2.5 ქულის მინიჭება, არ ათავისუფლებს მას გადაწყვეტილების მიღების და ოჯახის მინიმალური საცხოვრებელი პირობების დადგენის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" 28-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე - საცხოვრებელ პირობებზე, მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს, ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე



ნ. სხირტლაძე