№ბს-189(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ-ი; მესამე პირები - ი. ქ-ი; დ. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 26 სექტემბერს ი. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის №1164 ბრძანების ნ. ქ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, ნ. ქ-ისა და ი. ქ-ის ოჯახების ცალ-ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, ნ. ქ-ის ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელე მხარე და ი. ქ-ის ნაცვლად მოსარჩელე მხარედ განისაზღვრა ნ. ქ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ქ-ი და დ. ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის №1164 ბრძანება ნ. ქ-ის ნაწილში; მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ნ. ქ-ისა და ი. ქ-ის ოჯახების ცალ-ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, ნ. ქ-ის ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე - ნ. ქ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის №1164 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №99) ქ. გორში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით - ნ. ქ-ი (პ/ნ: ...; სარეგ. №...), ი. ქ-ი (პ/ნ: ...) და დ. ბ-ე (პ/ნ: ... სარეგ. №...), ქ. გორი, ...ის ქ. №1, კორპ. 1, II სად. X სართ. ბინა №59, 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ბინით.
მოსარჩელე - ნ. ქ-ი სადავო აქტის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ნ. და ი. ქ-ი დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყვნენ ცალ-ცალკე საცხოვრებელი ფართებით, ვინაიდან, ისინი ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ქ-ი და ი. ქ-ი რეალურად ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ, რასაც ადასტურებდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ. ქ-ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განაცხადი შევსებული ჰქონდა დამოუკიდებლად, ხოლო ი. ქ-ს დამოუკიდებლად შვილთან - დ. ბ-ესთან ერთად. ამასთან, მათ მინიჭებული ჰქონდათ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრები, კერძოდ, ნ. ქ-ს მინიჭებული ჰქონდა სარეგისტრაციო ნომერი - №..., ხოლო ი. ქ-ს და დ. ბ-ეს სარეგისტრაციო ნომერი - №....
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ქ-ი და ნ. ქ-ი სხვადასხვა საცხოვრებელი ფართებით სარგებლობდნენ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე, რაც დადგენილი იყო საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტს მომზადებული ამონაწერებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, ასევე, ელ. ენერგიის მოხმარების აბონენტის ბარათებით. ასევე, სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებით, რომლითაც დასტურდებოდა რომ მონიტორინგი განხორციელდა ნ. ქ-ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. გორში, ...ის ქ. №63, I კორპ. III სართ. ოთახი №35-ში და ი. ქ-ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. გორში, ი. ...ის ქ. №63, I კორპ. II სართ. ოთახი №17-ში.
დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული პირები ერთობლივად არ ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად ერთ ოჯახად გაერთიანების ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს შეადგენდა.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული ოჯახების ერთ ოჯახად გაერთიანება და ერთი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესში, მოსარჩელეები დაეთანხმნენ სამინისტროს შეთავაზებას, ერთობლივად მიეღოთ საცხოვრებელი ბინა და აღნიშნული არ იყო მოულოდნელი, რამდენადაც, ეს პირები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან უახლოესი ნათესაური კავშირით (დედა, შვილი და შვილიშვილი). ამგვარი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტილება სამინისტროს (სააგენტოს) პრაქტიკაში ხშირია. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი ნება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც არანაირად არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ობიექტებთან ერთად, მოხდა გორში, ...ის ქ. №63-ში (შპს „...ი“) №1,2,3 კორპუსებში დროებით განსახლებულ დევნილთა გრძელვადიანი განსახლება, ახლადაშენებულ კორპუსებში. სხვა გარემოებებთან ერთად, გორში, ...ის ქ. №63-ში მდებარე კორპუსებიდან დევნილთა გამოყვანა განხორციელდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ხსენებულ ობიექტში, მისი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანთა ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო. შესაბამისად, იქ მაცხოვრებელი ოჯახების ახალაშენებულ კორპუსებში რიგგარეშედ, პრიორიტეტულ რეჟიმში განსახლების მიზნით, განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურები. სხვა ღონისძიებებთან ერთად, შენობაში განსახლებულ დევნილებთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ ჩამოყალიბდა ოჯახების განსახლების გეგმა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე, მისი შვილი და დედა არიან უახლოესი ნათესაური კავშირის მქონე პირები, მათ, როგორც ერთ ოჯახს შეეთავაზათ საცხოვრებელი სულადობის და ოჯახის სრულწლოვან წევრთა სქესთა შორის სხვაობით განპირობებული ოთახების რაოდენობა (ორი ოთახი). შეთავაზება ნებაყოფლობითი იყო და დევნილთა მიერ შეთავაზების მიღება ეფუძნებოდა ინფორმირებულ და ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას. 2017 წლის 27 დეკემბერს ნ. ქ-მა, ი. ქ-მა და დ. ბ-ემ „საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობის“ №231 ოქმზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ თანახმა იყვნენ, მიეღოთ ქ. გორში, ...ის ქ. №1-ში, პირველ კორპუსში, მე-2 სადარბაზოში, მე-10 სართულზე მდებარე №59 ბინა. იმავე დღეს, ყველა ზემოაღნიშნულმა პირმა ხელი მოაწერა სამინისტროს და მათ შორის გაფორმებულ „მიღება-ჩაბარების აქტს“, რითაც კვლავ დაადასტურეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვებლის უსასყიდლოდ მიღების სურვილი და არჩევანი. აღნიშნულის საფუძველზე, 2018 წლის 18 აპრილს გამოიცა მინისტრის №1164 სადავო ბრძანება ხსენებულ პირთათვის შეთავაზებული საცხოვრებლის გადაცემის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი - ნ. ქ-ის ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ნ. ქ-ის (პ/ნ: ...) სახელზე გაცემულია - №..., ი. ქ-ის (პ/ნ: ...) სახელზე - №... და დ. ბ-ის (პ/ნ: ...) სახელზე - №... დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობებით დასტურდება, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, ნ. ქ-ს მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი - №..., ხოლო ი. ქ-ს და დ. ბ-ეს მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი - №....
2017 წლის 5 იანვარს ნ. ქ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. გორი, ი. ...ის ქ. №63. ოჯახის შემადგენლობაში მითითებული იქნა: თავად - ნ. ქ-ი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში განსახლების რაიონად მიუთითა ქ. გორი, ...ის ქ. №1.
2017 წლის 15 თებერვალს, ი. ქ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. გორი, ი. ...ის ქ. №63, შპს „...ი“, I კორპ. ოჯახის შემადგენლობაში მითითებული იქნა: თავად - ი. ქ-ი და შვილი - დ. ბ-ე. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში განსახლების რაიონად მიუთითა ქ. გორი, ...ის ქ. №1.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.12.2017წ. №99 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოცემულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 18.04.2018წ. №1164 ბრძანება, რომლითაც ქ. გორში, ...ის ქ. №1-ში, ახლადაშენებულ კორპუსში, მეორე სადარბაზოში, მე-10 სართულზე მდებარე №59 ოროთახიანი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა დევნილთა ოჯახი, შემდეგი შემადგენლობით: ნ. ქ-ი, ი. ქ-ი და დ. ბ-ე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით სადავო არ არის ის გარემოება, რომ როგორც ნ. ქ-ის, ასევე ი. ქ-ისა და დ. ბ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა რიგგარეშედ, პრიორიტეტულ რეჟიმში განსახლების აუცილებლობა, ვინაიდან, მათი გამოყვანა ქ. გორში, ...ის ქ. №63-ში მდებარე კორპუსიდან განხორციელდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე (ხსენებული ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანთა ცხოვრებისათვის საფრთხის შემცველობის გამო).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ი. ქ-ისა და ნ. ქ-ის მიერ სხვადასხვა საცხოვრებელი ფართით სარგებლობას ადასტურებს საქმეში არებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამონაწერები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, ასევე ელ. ენერგიის მოხმარების აბონენტის ბარათები და სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლითაც დასტურდება, რომ მონიტორინგი განხორციელდა როგორც ნ. ქ-ის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. გორში, ...ის ქ. №63-ში, I კორპუსში, მე-3 სართულზე მდებარე №35 ოთახში), ისე ი. ქ-ის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. გორში, ი. ...ის ქ. №63-ში, I კორპუსში, II სართულზე მდებარე №17 ოთახში).
შესაბამისად, მითითებული პირები ერთობლივად არ ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, მათი ერთ „დევნილ ოჯახად“ მიჩნევის ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია 2017 წლის 27 დეკემბრის №231 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა - ლ. ს-ამ, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წ.წ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა (ნ. ქ-მა (პ/ნ: ...; სარეგ. №...), ი. ქ-მა (პ/ნ: ...) და დ. ბ-ემ (პ/ნ: ...) სარეგ. №...) ჩაიბარეს ქ. გორში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში (კორპ. 1, სად. 2, სართ. 10, ბინა №59) მდებარე 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, რასაც მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ადასტურებენ ზემოაღნიშნული პირები, თუმცა ნ. ქ-ს ამ ბინის მიღების სანაცვლოდ უარი არ უთქვამს კანონით მისთვის მინიჭებული - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების უფლებაზე. ამდენად, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ნ. ქ-ის ხელმოწერის არსებობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ცალკე რეგისტრირებული დევნილი ოჯახის (ერთი სული) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისაგან.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე