ბს-573(კ-19) 28 მაისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჭ-ემ 17.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ მატერიალური ზიანის - 1589 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1199 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.01.2012წ. წერილისა და 29.04.2013წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ჭ-ემ განახორციელა აივნის მოწყობის სამუშაოები და გაწია გარკვეული ხარჯი. ქ. თბილისის მერიის 17.10.2013წ. განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსხურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ქ. თბილისის მერიის 17.10.2013წ. განკარგულება მართლზომიერად იქნა ცნობილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. მშენებლობის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის ბათილად ცნობის შემდეგ, მ. ჭ-ის მიმართ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და მოსარჩელის მიმართ გაიცა მითითება. დარღვევის გამოსწორების მიზნით მ. ჭ-ემ მოახდინა მიშენების დემონტაჟი, რის გამო შეწყდა სამშენებლო სამართლადარღვევის საქმის წარმოება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. აღმჭურველი აქტის მიმართ, რომლის შესაბამისადაც ჩაატარა სამშენებლო სამუშაოები და გაწია ხარჯი. სწორედ აღნიშნული აქტის ბათილად ცნობამ წარმოშვა ასევე აივნის დემონტაჟის საჭიროება. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევამ მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი. პალატამ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 96-ე მუხლის საფუძველზე, ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჯეროვნად ჩატარებისას უნდა დადგინდეს განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა, უნდა შეფასდეს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. უკეთუ მხარე ვერ წარადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ ყველა დოკუმენტს, მაშინ მისი სასარგებლო გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული, ხოლო უკეთუ განმცხადებლის მიერ დოკუმეტაციის სრულად წარუდგენლობის მიუხედავად, ორგანო მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ სწორედ ადმინისტრაციული ორგანო ხდება დამდგარ უარყოფით შედეგზე პასუხისმგებელი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ემ ორგანოში ბმა-ს ოქმი წარადგინა იმ სახით, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იყო მოთხოვნილი. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნილ იქნა ამხანაგობის 2/3 დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტის თანხმობა, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული ამხანაგობის წევრთა 2/3 ხმებით მიღებული თანხმობისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ. კასატორი თვლის, რომ მ. ჭ-ეს ზიანი არ მიდგომია არქიტექტურის სამსახურის აქტით, აღნიშნული აქტი იყო აღმჭურველი, მ.ჭ-ეს დაუდასტურდა აივნის მოწყობის შესაძლებლობა. ამდენად, მ. ჭ-ისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია აღნიშნული აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობამ. კასატორმა აღნიშნა, რომ არქიტექტურის სამსახურის 22.08.2012წ. გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეს დაევალა სწორედ ამხანაგობის წევრთა 2/3 უმრავლესობის თანხმობის დამადასტურებელი ოქმის წარდგენა. ამის მიუხედავად მ. ჭ-ემ წარადგინა ბმა-ს განსხვავებული ოქმი, რითაც განზრახ შეცდომაში შეიყვანა ადმინისტრაციული ორგანო, ამდენად, გამოირიცხება მისი კანონიერი ნდობა აღმჭურველი აქტის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით, 05.01.2012წ. მ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა კორპუსის ფასადზე აივნის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურება. არქიტექტურის სამსახურის 11.01.2012წ. წერილით მ. ჭ-ეს განემარტა, რომ სამსასხურს შესაძლებლად მიაჩნდა აივნის მოწყობა, თუმცა წარსადგენი იყო გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ნოტარიალურად დამოწმებული ამხანაგობის წევრთა კრების ოქმი ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის შესახებ - სავალდებულო 2/3 დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტის თანხმობით. 17.08.2012წ. მ. ჭ-ემ კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, რომლის 22.08.2012წ. გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ საკითხზე მსჯელობის მიზნით წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (ამხანაგობის წევრთა სავალდებულო დამსწრე 2/3-ით თანხმობით) ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. ამის შემდგომ - 29.08.2012წ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამსახურმა ხელახლა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით, სავალდებულო ამხანაგობის 2/3 დამსწრე წევრთაგან ნახევარზე მეტის თანხმობით. მ. ჭ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 15.03.2013წ. ბმა „...ას“ კრების ოქმი, რომლის თანახმად, კრებას დაესწრო 36 ბინის მესაკუთრე, რაც შეადგენს 67%-ს, კრებამ მოისმინა ფასადზე აივნის მოწყობის საკითხი და ხმათა 37%-ით გადაწყვიტა, რომ მ.ჭ-ისათვის მიეცა აღნიშნული აივნის მოწყობის თანხმობა. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ მ. ჭ-ის განცხადების განხილვისას არქიტექტურის სამსახურს წარედგინა აგრეთვე თავისი 11.01.2012წ. წერილი. აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეს დაუდასტურდა არსებულ ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ჭ-ემ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები და კორპუსის ფასადზე მოაწყო აივანი, რაც უდავოდ ადასტურებს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილების - აღმჭურველი აქტის საფუძველზე მ. ჭ-ის მიერ კონკრეტული სამშაოების შესრულებას, აივნის მოწყობის მიზნით შესაბამისი ხარჯის გაწევას.
საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 09.09.2013წ. ქ. თბილისის მერიას წარედგინა ბმა „...ას“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვის შედეგად ქ. თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილება გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, გადაწყვეტილების მიღებისას არქიტექტურის სამსახურის მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ქ. თბილისის მერიის 17.10.2013წ. განკარგულება გასაჩივრდა სასამართლო წესით, თუმცა სასამართლომ მისი ბათილად ცნობა არ მოახდინა, რადგან მიიჩნია, რომ არქიტექტურის სამსახურის ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების გამოცემისას უგულებელყოფილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია განცხადებაზე თანდართული მასალები. ამდენად, საქმის მასალებით, მათ შორის კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დასტურდება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილების არამართლზომიერება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების საფუძველზე მოაწყო მ. ჭ-ემ აივანი, რომელიც მოგვიანებით მოანგრია სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.04.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად მის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზნით.
კასატორის მოსაზრება, რომ მ. ჭ-ემ განზრახ შეცდომაში შეიყვანა ადმინისტრაციული ორგანო, არ არის დასაბუთებული. მ. ჭ-ემ არქიტექტურის სამსახურს წარუდგინა სწორედ ის დოკუმენტაცია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა მოთხოვნილი. სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მასთან წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შეფასება, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევა და სათანადო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა. უკეთუ მ. ჭ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის, არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამატებითი, სათანადოდ შედგენილი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ განუხორციელებია. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ თავის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მასთან წადგენილი დოკუმენტაციის სათანადო შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღება, რამაც მ. ჭ-ეს მიაყენა მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.02.2019წ. N00219 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე