Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-144(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. კ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. კ-მა 2018 წლის 6 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი: დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 14 მაისს შევსებული დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 111610 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 89480 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №04/39290 გადაწყვეტილება. ასევე, დაევალოთ მოპასუხეებს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ. კ-ს აღუდგება 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული სარეიტინგო ქულა - 41440 და გაიცემა 2017 წლის მაისის თვიდან მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 14 მაისს შევსებული დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 111610 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; დ. კ-ის ოჯახის 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 89480 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №04/39290 გადაწყვეტილება. ასევე, მოპასუხეებს დაევალათ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ. კ-ს აღუდგება 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული სარეიტინგო ქულა - 41440 და 2017 წლის მაისის თვიდან დაუანგარიშდება მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შვიდჯერ იქნა შესწავლილი სხვადასხვა პერიოდში. ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობებიდან გამომდინარე, 2006 წლის აგვისტოდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით, ასევე, 2011 წლის მარტის თვიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით, ოჯახი იღებდა ფულად სოციალურ დახმარებას. 2017 წლის 14 მაისს მოსარჩელის ოჯახში, გრაფიკის გენერაციის საფუძველზე, სოციალურმა აგენტმა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასების მიზნით, განახორციელა ვიზიტი და შეავსო ოჯახის დეკლარაცია. სარეიტინგო ქულის შესაბამისად, 2017 წლის მაისის თვიდან ოჯახს კანონიერად შეუწყდა ფულადი სოციალური დახმარება.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2017 წლის 19 ივლისს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სოციალურმა აგენტმა კვლავ განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის ოჯახში. 2017 წლის 1 ივნისს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში შევიდა ცვლილება - ოჯახის დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ოჯახის ყველა არამომუშავე შრომისუნარიანი სტატუსის მქონე წევრი ვალდებული გახდა, დარეგისტრირებულიყო „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის მართვის ბაზრის საინფორმაციო პორტალზე, ხოლო ვადა განისაზღვრა 30 კალენდარული დღით. ვინაიდან ოჯახის დეკლარაციის შევსებიდან მეორე დღეს - 20 ივლისს, დ. კ-ს შეუსრულდა საპენსიო ასაკი, აგენტმა არასწორად ჩათვალა, რომ ერთი თვის გასვლის შემდეგ ბაზა ავტომატურად აღიქვამდა მის საპენსიო ასაკს და არ გააფრთხილა დასაქმების პორტალზე სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ. დასაქმების პროგრამა იმ დროისთვის წარმოადგენდა სიახლეს და სოციალურმა აგენტმა არასწორად გაიგო დარეგისტრირების ვადები. შრომის დისციპლინის დარღვევისთვის სოციალურ აგენტს გამოეცხადა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო 2018 წლის 20 თებერვლიდან, №04-115/კ ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან.

კომუნალურ გადასახდელებთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის წარდგენის შემდეგ, მას განემარტა, რომ აბონენტის ნომრით „...ის“ ბაზაში მოხდებოდა გადახდილი თანხის მოძიება და შემდგომში დაფიქსირება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარდგენილი ცნობა ვერ გახდებოდა კომუნალური ხარჯების გაბათილების საფუძველი.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, სადავო შემთხვევაში არ დადასტურდა. ამასთან, მოსარჩელემ ხელი მოაწერა ოჯახის ყველა დეკლარაციაზე, რაც ადასტურებს სააგენტოს თანამშრომლის მიერ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიწოდებული ინფორმაციის დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახვას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, დ. კ-ის ოჯახს განმეორებითი შეფასების მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვა შეუძლია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2017 წლის 14 მაისს, 19 ივლისსა და 5 სექტემბერს დ. კ-ის ოჯახის დეკლარაციების შევსებისა და მათ შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობდა მოსარჩელისთვის საარსებო შემწეობის გაუქმების საფუძველი „შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე“ - www.worknet.gov.ge-ზე დ. კ-ის დაურეგისტრირებლობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. თუმცა, მოცემული მოწესრიგება მოქმედებს 2017 წლის პირველ ივნისს განხორციელებული ცვლილების შედეგად. ამასთანავე, ამავე ცვლილების შედეგად, ხსენებული წესის 2017 წლის 19 ივლისის მდგომარეობით არსებული რედაქციის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, არამომუშავე შრომისუნარიან წევრს არ მიეკუთვნება საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი).

საკასაციო პალატა, სადავო შემთხვევაში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე მოსარჩელის დაურეგისტრირებლობის გამო საარსებო შემწეობის შეწყვეტის კანონიერების საკითხის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს დ. კ-ის ოჯახის შემოწმების თარიღებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მაისს დ. კ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით, გრაფიკის გენერაციის, ხოლო 2017 წლის 19 ივლისს - დ. კ-ის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, პირველი შემოწმებისას „სამუშაოს მაძიებლად“ დარეგისტრირების კანონისმიერი ვალდებულება არ არსებობდა. რაც შეეხება მეორე შემოწმებას, დადგენილია, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დ. კ-ს სწორედ სოციალურმა აგენტმა არ განუმარტა „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციის მოვალეობა და ვადები, რაც აღნიშნული აგენტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი გახდა. ასევე დადასტურებულია, რომ დ. კ-მა საპენსიო ასაკს მიაღწია 2017 წლის 20 ივლისს, შესაბამისად, მასზე 2017 წლის 20 ივლისიდან „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან პირველი შემოწმება განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებამდე, ხოლო მეორე შემოწმების მომენტისთვის მოსარჩელემ, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, არ იცოდა ასეთი ცვლილების თაობაზე და მეორე შემოწმების მეორე დღესვე მან მიაღწია საპენსიო ასაკს, www.worknet.gov.ge-ზე დაურეგისტრირებლობა მოსარჩელისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადასტურებულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა, რაც მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე