Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-168(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს გენერალური პროკურატურა, ზუგდიდის რაიონული პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. კ-ა

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. კ-ამ 2018 წლის 5 სექტემბერს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მის სასარგებლოდ უკანონოდ დაკავების, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო, მატერიალური ზიანის ანაზღაურება 14571,90 ლარის ოდენობით (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მიუღებელი ხელფასი - 7080 ლარი, ადვოკატის ჰონორარი - 5100 ლარი, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ანგარიშზე ჩარიცხული - 1720 ლარი, ექსპერტიზის საფასური - 671,90 ლარი), ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება - 50000 ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას (ზუგდიდის რაიონული პროკურატურა) გ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 13054,90 ლარის ოდენობით, მორალური ზიანის ანაზღაურება - 7000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გ. კ-ას არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გ. კ-ასათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას გ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 11435.22 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი.

კასატორების მითითებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდა. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. გარდა ამისა, მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვე და 11 დღე, ამდენად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 7000 ლარი არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ არასწორად დაეკისრათ გ. კ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ფაქტობრივად მოცდენის მთელი პერიოდისთვის - 2017 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 15 მარტამდე, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა განისაზღვრება გამამართლებელი განაჩენის მიღების მომენტამდე. გ. კ-ას მიმართ კი გამამართლებელი განაჩენი დადგა 2017 წლის 27 ნოემბერს.

რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების სახით 5100 ლარის საქართველოს პროკურატურისთვის დაკისრებას, საკასაციო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხელშეკრულებები, მაშინ როდესაც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე“. ამასთან, საქმეში არ ყოფილა წარდგენილი ადვოკატის მიერ აღნიშნული თანხების შემოსავალში ასახვისა და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

კასატორები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრებულ ექსპერტიზის ხარჯთან - 671.90 ლართან მიმართებით, განმარტავენ, რომ ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხარჯების გაწევის ნამდვილობა და აუცილებლობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად უნდა ჩაბმულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ანგარიშსწორება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც განკარგავს ფინანსთა სამინისტრო. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა შუამდგომლობა, საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო დაკავებიდან და პატიმრობიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა. ამასთანავე, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, არ არის გასაჩივრებული გ. კ-ას მიერ, სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას, დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საქმეზე დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულ გ. კ-ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ის გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა გ. კ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ საქმეში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობასა (8 თვის და 11 დღე) და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებზე, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ას მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა (8 თვე და 11 დღე) და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 7000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. იმავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მატერიალური ზიანად აკვალიფიცირებს ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან.

განსახილველ შემთხვევაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 11 დეკემბრის N03/29734 ცნობითა და ამავე სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის 1086/კ ბრძანებით დასტურდება, რომ გ. კ-ა 2016 წლის 8 თებერვლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ...ის სატყეო უბნის ...ის ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან გადავიდა ამავე სამსახურის ...ის სატყეო უბნის ...ის ...ის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 მარტიდან გ. კ-ას შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ პერიოდში მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 590 ლარს. გ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობა განახლდა 2018 წლის 15 მარტიდან. ამდენად, მოსარჩელის უკანონოდ დაკავების, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების შედეგად შრომითი ურთიერთობის შეჩერების გამო მიუღებელი აქვს 7080 ლარი, კუთვნილი გადასახადების ჩათვლით, ამ გადასახადების გარეშე მისაღები თანხა შეადგენს 5664 ლარს.

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ადვოკატის ჰონორარის გადახდის ქვითრებითა და ექპერტიზის საფასურის გადახდის ქვითრებით დადასტურებულია თანხის გადახდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მიუღებელი შემოსავალი და გ. კ-ას მიერ გაწეული ხარჯი გამოიწვია პროკურატურის მიერ მის მიმართ ჩატარებულმა ღონისძიებებმა, არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. კ-ასათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება ერთობლიობაში ქმნის როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასავალდებულო მოწვევის მესამე პირის საქმეში ჩართვა სასამართლოს უფლებამოსილებაა, მეორე მხრივ კი, ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობა გავლენას ვერ იქონიებდა განსახილველი საქმის შედეგზე. ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორები დამატებით ვერ მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე