Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-251(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ა-მა 2018 წლის 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MOC 8 18 00957898 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელე კ. ა-ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MOC 8 18 00957898 წერილობითი მიმართვა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე კ. ა-ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მოსარჩელის დათხოვნის დღემდე - 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურების დაანგარიშების ვალდებულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია, „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება არ არის გაუქმებული, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად 2000 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შეიქმნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამასთან, 1999 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, რომლის მე-15 მუხლის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდათ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2010 წლის 1 ოქტომბერს „პატიმრობის კოდექსით“ ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, ახალი კანონი კი სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე სოციალური გარანტიების საკითხის მომწესრიგებელ ნორმას არ შეიცავდა. კერძოდ, მათზე 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე აღარ გაიცემოდა სახელმწიფო კომპენსაცია და 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მათზე აღარ ვრცელდება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, კ. ა-ისთვის ნამსახურები წლების დაანგარიშება განხორციელდა კანონიერად, შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში - 2010 წლის 1 ოქტომბრამდე და არა მისი სამსახურიდან გათავისუფლების - 2013 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კ. ა-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ნამსახურების შეღავათიანი პირობებით გაანგარიშების მიზნით ჩასათვლელი წლების (2010-2013წწ.) განსაზღვრა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდათ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის მე-17 მუხლი ადგენდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც განსაზღვრული იყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“, რომელმაც გააუქმა საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ და რომელიც აღარ არეგულირებდა სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე სოციალური გარანტიების საკითხს, თუმცა 2014 წლის 16 აპრილს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან. მითითებულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და გარდაცვალების გამო; განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც აქვთ ამ კანონის საფუძველზე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის (დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქციით) თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. კერძოდ, მოცემული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას და ადგენს იმ პირობებს, რა პირობების დაცვითაც უნდა მოხდეს მე-5 პუნქტში აღნიშნული ნამსახურობის 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშება. ამასთან, ორივე ზემოაღნიშნული ნორმა ემსახურება საერთო მიზანს, კომპენსაციის დანიშვნას.

გარდა აღნიშნული ნორმატიული საფუძვლებისა, „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ ნამსახურობის წლების დაანგარიშების წესი. კერძოდ, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწად-ნახევრის ანგარიშით.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №MOC 8 18 00957898 წერილობითი მიმართვით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ. ა-ს უარი ეთქვა 2013 წლის 25 სექტემბრამდე, შეღავათიანი პირობებით ნამსახურობის ნუსხის შედგენაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს, შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ვერ ჩაითვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში. ამავე წერილით განმცხადბელს ეცნობა, რომ მისი სასჯელაღსრულების სიტემაში ნამსახურები საერთო პერიოდი (2010 წლის 1 ოქტომბრამდე), შეღავათიანი დაანგარიშებით შეადგენს 19 წელს, 4 თვეს და 6 დღეს.

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ მართალია, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელების მიმართ კომპენსაციის მიღების საკითხთან დაკავშირებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი და „პატიმრობის კოდექსი“ არ შეიცავდა 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მსგავს ჩანაწერს, თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ დროის გარკვეულ პერიოდზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კომპენსაციის მიღების საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა პირდაპირი საკანონმდებლო რეგულაცია, კომპენსაციის მიმღებ პირს არ უნდა შეეზღუდოს მისი მიღების უფლება ვინაიდან, ნამსახურობის დაანგარიშება იმთავითვე შეეხება და გულისხმობს წარსულში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებასა და შეფასებას. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედი „პატიმრობის კოდექსი“ არ შეიცავდა იქამდე მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მსგავს ჩანაწერს, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მის მიმართ 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მოთხოვნებს. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ დაანგარიშებისას 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება უნდა გავრცელდეს კ. ა-ის სასჯელაღსრულების სიტემაში მუშაობის სრულ პერიოდზე და არა მხოლოდ ნაწილზე. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე