საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-257(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ები“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სს „ს...მა“ (უფლებამონაცვლე - სს „...ები“) 2018 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის №2017/30/10/02 აქტისა (7.1 პუნქტის ნაწილში) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №04/34914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, გასაჩივრებული აქტის 7.3 და 7.4 პუნქტების ფარგლებში გამოყენებული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში შემცირება. აღნიშნული სარჩელი, განსჯადობის წესების დაცვით, გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში დარიცხული ჯარიმის - 1 886.36 ლარის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, ასევე, სამედიცინო დაწესებულებამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო სს „ს...ის“ უფლებამონაცვლის - სს „...ების“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის ოდენობის შემცირებაზე სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „...ების“ სარჩელი ჯარიმის ოდენობის შემცირების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემცირდა სს „ს...ის“ ხობის ჰოსპიტალის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხობის ფორმის შევსების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №04/38718 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის №2017/30/10/02 შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმები შემდეგი სახით: შემოწმების აქტის 7.1. პუნქტში ძირითად თანხაზე - 4791.06 ლარზე დარიცხული ჯარიმა - 11639.41 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 1164 ლარით; შემოწმების აქტის 7.3. პუნქტში ძირითად თანხაზე - 887.92 ლარზე დარიცხული ჯარიმა - 1886.36 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 189 ლარით; შემოწმების აქტის 7.4. პუნქტში ძირითად თანხაზე - 10805 ლარზე დარიცხული ჯარიმა - 22745.74 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 2275 ლარით. დანარჩენ ნაწილში სს „...ების“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
კასატორების მოსაზრებით, სადავო პირგასამტეხლო, თავისი ბუნებით, მიეკუთვნება კანონისმიერ პირგასამტეხლოთა კატეგორიას, ვინაიდან მისი ოდენობა და განსაზღვრის წესი ზუსტად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით. მისი ოდენობა არ ყოფილა დადგენილი და შეთანხმებული მხარეთა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებში, არამედ განისაზღვრა შესაბამისი ნორმატიული აქტით, როგორც ეს კანონისმიერი პირგასამტეხლოს ბუნებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, მოცემული პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს არ შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ, მართალია, ორივე სასამართლოს მიერ გამოყენებულია კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არასწორად განიმარტა მისი ცალკეული ნორმები.
კასატორები დამატებით აღნიშნავენ, რომ დაუსაბუთებელია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის ათჯერ შემცირება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს დარიცხული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და მისი ოდენობის გონივრულობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით. სადავოდ არ არის ქცეული, რომ კლინიკამ დაარღვია ნორმატიული აქტების მოთხოვნები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისას პაციენტების დოკუმენტაციის შევსებისა და შენახვის თვალსაზრისით, რის გამოც დასახელებული „პროგრამის“ საფუძველზე, დაევალა სახელმწიფოსგან ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნება და დამატებით დაეკისრა ჯარიმა მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისას, მითითებული ნორმით დარიცხული ჯარიმის ოდენობის კანონიერების შესწავლისას, უნდა განისაზღვროს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება.
საკასაციო პალატა, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებაზე (საქმე №ბს-284-284(გ-18)), რომელშიც განიმარტა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ საფუძველზე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ხსენებული პროგრამის მოსარგებლეებზე მიწოდებას ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი სამართალსუბიექტების მეშვეობით, მათი უშუალო მონაწილეობით. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მათ მიერ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებაზე. ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან... „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილე მიმწოდებლების განსაზღვრა სსიპ სოციალური სააგენტოს მხრიდან ხდება არა ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ კონკურსის ჩატარების გზითა თუ შერჩევის სხვაგვარი ფორმებით, არამედ უშუალოდ მიმწოდებელთა ნების გამოვლენით. მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობითი დასტურის გაცხადებით ავტომატურად უერთდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშობა შეთანხმება... ხსენებული ურთიერთობის წარმოშობა ხდება არა ცალმხრივად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეხედულებით, არამედ მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. მითითებული შეთანხმება ორმხრივად გამოვლენილი ნების შედეგია, შესაბამისად, მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) მიერ სურვილის გამოხატვა და მასში მონაწილეობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცხადება წარმოადგენს მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს.“
ამრიგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულების ურთიერთობა, სადავო შემთხვევაში, გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, რომლის დარღვევისთვისაც გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციების დაკისრების შესაძლებლობა. აღნიშნული საჯარიმო სანქციის ბუნების შესაფასებლად კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან... პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად... საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1158-1104-2014). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლით დადგენილი საჯარიმო სანქციები, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რადგან გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან და დაკავშირებულია კლინიკის ძირითადი ვალდებულების (სათანადო მომსახურების გაწევის, დოკუმენტაციის დადგენილი წესით შევსების) ჯეროვნად და დროულად შესრულებასთან. თუ კლინიკა არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მას შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. ამდენად, სს „...ისთვის“ დაკისრებული, სადავოდ გამხდარი სანქცია განხილულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილ პირგასამტეხლოდ. ასეთი პირგასამტეხლო კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი.
პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის შესწავლისას საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მის ოდენობაზე. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 ოქტომბრის №2017/30/10/02 შემოწმების აქტის 7.1. პუნქტით კლინიკას დაევალა ძირითადი თანხის დაბრუნება 4791.06 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის სახით დაეკისრა 11 639.41 ლარი; 7.3. პუნქტით - ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 887.92 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 1886.36 ლარი; 7.4. პუნქტით - უკან დასაბრუნებელ თანხას შეადგენს 10 805.27 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს - 22 745.74 ლარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ 2017 წლის 30 ოქტომბრის №2017/30/10/02 შემოწმების აქტით განსაზღვრულ, სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელ თანხასთან - 16483.98 ლართან (4791.06+887.92+10805) ერთად პირგასამტეხლოს სახით 36271.51 ლარის (11639.41+1886.36+22745.74) დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძირითადი სანქციის ოდენობა და ამ სანქციიდან გამოანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა ცხადყოფს მის შეუსაბამო სიდიდეს. საბოლოო ჯამში მიღებული პირგასამტეხლოს ოდენობები არის ძალიან მაღალი და სცდება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს (პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შესრულების პრევენცია და არა პირის გამდიდრება). შესაბამისად, სადავო პირგასამტეხლო მართებულად დაექვემდებარა შემცირებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ განისაზღვრა გონივრული ოდენობით, დარღვევის ბუნების, დამდგარი შედეგების, ძირითადი თანხის ოდენობის მხედველობაში მიღებით (მსგავს სამართლებრივ საკითხზე იხილეთ, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-497-497(კ-18)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 2020 წლის 7 აპრილის №11575 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე