ბს-289 (კ-19) 25 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჯ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. მ-მა 20.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის 31.10.2016წ. N3034 ბრძანების ბათილად ცნობის და სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2017წ. გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ჯ. მ-ის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11..2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჯ. მ-ის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ასევე უნდა გაუქმდეს მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე და საქმეზე გ. ჯ-ის რეზერვისტის მოწმობის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი განჩინებები. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და კასატორი სოფ. ...ის მუდმივ მაცხოვრებლად არ მიიჩნია. კასატორს ჰყავს მეუღლე და შვილები, რომლებზეც როგორც მეუღლეს და დედას გააჩნია მოვლის და ზრუნვის პასუხისმგებლობა. სწორედ შვილებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და კონფლიქტის ზონიდან გასარიდებლად კასატორი იძულებული შეიქმნა შვილები უსაფრთხო ადგილას წაეყვანა, რაც საბოლოოდ გახდა მისი ოჯახის თბილისში გადმოყვანის საფუძველი, ხოლო თავად პერიოდულად აკითხავდა ოჯახს ...იდან თბილისში. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს ზემოაღნიშნულ გარემოებას და მიიჩნიეს, რომ კასატორი სოფ. ...ში პერიოდულად ცხოვრობდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სოფ. ...ში ჰქონდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობდა და იყენებდა სამეურნეო დანიშნულებისათვის. საქმეში წარმოდგენილია ჯ. მ-ის პირადობის მოწმობის ასლი, საიდანაც დგინდება, რომ ჯ. მ-ის საცხოვრებელი და სარეგისტრაციო მისამართი 2007 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით იყო სოფ. ...ი. საქმეში დაცულია ასევე ქურთის ტერიტორიული ორგანოს ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ჯ. მ-ი ცხოვრობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გ. ჯ-ე, ჯ. მ-ის შვილი, აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე სწორედ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანების საფუძველზე. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება კასატორის მყარი და უწყვეტი შემხებლობა, მათ შორის ცხოვრების ფაქტი სოფ. ...თან, რაც ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთანავე, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსკ-ის 105-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცულია ქურთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 18.03.2016წ. გაცემული ცნობა N98, რომლის მიხედვითაც ჯ. მ-ი პერიოდულად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ქურთის ტერიტორიული ორგანოს ცნობა მიუთითებს ჯ. მ-ის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია ასევე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს მიერ 07.06.2007წ. გაცემულია ცნობა N22, რომელიც მიუთითებს თუ რა ოდენობის მიწაა გამოყოფილი ჯ. მ-ზე სოფ. ...ში საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით. აღნიშნულ ცნობაში არ არის მითითებული ჯ. მ-ის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტზე. აღსანიშნავია აგრეთვე საქმეში დაცული დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 23.09.2016წ. ჯ. მ-თან ჩატარებული გასაუბრებისას შედგენილი კითხვარი, რომელშიც ჯ. მ-ი თავად მიუთითებს, რომ ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, შვილები 2001-2012 წლებში სწავლობდნენ თბილისის სხვადასხვა საშუალო სკოლაში, მეუღლის სამუშაო ადგილი მდებარეობს ასევე თბილისში, კასატორი ამავე კითხვარში აღნიშნავს, რომ სოფ. ...ში შაბათ-კვირას და არდადეგების პერიოდში ჩადიოდა.
კასატორის მითითება, რომ მისი ქმარ-შვილი ცხოვრობდა თბილისში, ხოლო თვითონ პერიოდულად ჩადიოდა ...იდან თბილისში მათ მოსანახულებლად არ ასაბუთებს კასატორის განცალკევებით ცხოვრებას, რადგან ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურდება, ივარაუდება, რომ მეუღლეები ერთად ცხოვრობენ. ამ დაშვების უარსაყოფად, მეუღლეების მიერ სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილის არჩევის დასადასტურებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პირადობის მოწმობაში მისამართად სოფ. ...ის მითითება ადასტურებს ...ში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრაციის) მისამართს. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ჯ. მ-ის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ამასთანავე, დაუსაბუთებელია მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე და საქმეზე გ. ჯ-ის რეზერვისტის მოწმობის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი განჩინებების გაუქმების მოთხოვა, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მოწმეთა დაკითხვაზე შუამდგომლობა კასატორს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუკმაყოფილა, თუმცა მხარემ ვერ უზრუნველყო მოწმეთა წარმოდგენა სასამართლო პროცესზე და არც შესაბამის საპატიო მიზეზზე მიუთითებია, ამდენად სააპელაციო სასამართლო მოქმედებდა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება დამატებითი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებულ შუმადგომლობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 104.1 მუხლის შესაბამისად არ მიიღო ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში მონაწილე მხარეებს უშუალოდ არ ეხებოდა და შესაბამისად არ ჰქონდა საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე