Facebook Twitter
საქმე №ბს-291(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „...მა“ 2019 წლის 27 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №04/3267 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №04/3267 გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება. მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულია სერვისის მიმწოდებლის მხრიდან მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა/გაცემა/ცივი ჯაჭვით უზრუნველყოფის დაცვის ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს სამკურნალო მედიკამენტის საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და განმახორციელებლის ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში და აღრიცხული ინფორმაციის დადარებას ელექტრონულ პროგრამაში ასახულ ინფორმაციასთან. მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელს ეკისრება საჯარიმო სანქცია დაკარგული/ნაკლული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში კლინიკის ინვენტარიზაციისას გამოვლენილია მედიკამენტის დანაკლისი. კერძოდ, სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტი კლინიკამ ვალიდაციის გარეშე მიაწოდა არაპროგრამულ პაციენტებს, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დაჯარიმების კანონიერება „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის ელექტრონულ მონაცემებსა და ფაქტობრივად არსებულ ნაშთს შორის სხვაობის გამოვლენის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებულ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაზე“, რომლის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (პროგრამის განმახორციელებელი) და სამედიცინო დაწესებულებას (სერვისის მიმწოდებელი) შორის ყალიბდება სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტების კლინიკისთვის მიწოდებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სააგენტო („პროგრამის“ მე-3 მუხლი), ხოლო სერვისის მიმწოდებელმა მედიკამენტები უნდა შეინახოს უსაფრთხოდ, გასცეს დადგენილი წესით და საგნობრივ-რაოდენობრივად აღრიცხოს სპეციალურ ჟურნალში („პროგრამის“ №1 დანართის პირველი და 2.4 პუნქტები).

ამასთან, პროგრამაში პირის ჩართვას, მის მოსარგებლედ ცნობასა და ელექტრონული ბაზის მეშვეობით რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო. ელექტრონულ ბაზაში სრულად აისახება პაციენტებისა და მათთვის გადასაცემი მედიკამენტების შესახებ სრული ინფორმაცია („პროგრამის“ №2 დანართის პირველი, მე-6, მე-11 პუნქტები). ამავე „პროგრამის“ №5 დანართი განსაზღვრავს პაციენტებზე მედიკამენტების გაცემის წესსა და პირობებს და ადგენს, რომ პაციენტზე მედიკამენტის გაცემა ფიქსირდება ელექტრონულ ბაზაში ავტომატურად, დაწესებულების თანამშრომლის მიერ, ბენეფიციარის პირადი ნომრის მითითებით. ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელს პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის (მათ შორის, „...ის“) ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, დაეკისრება საჯარიმო სანქცია „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პროგრამით“ განსაზღვრული და გამიჯნულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, რომლის ფარგლებში, სააგენტოს ევალება პროგრამის კონკრეტულ მოსარგებლეთა განსაზღვრა, მათ შესახებ ინფორმაციის პირველადი აღრიცხვა და მედიკამენტებთან ერთად აღნიშნული ინფორმაციის კლინიკისთვის მიწოდება, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას - მედიკამენტების სწორად შენახვა/გაცემა და ინფორმაციის სათანადოდ ასახვა. კლინიკის მიერ მედიკამენტის დაკარგვა ან პროგრამული ბენეფიციარის ნაცვლად სხვა პირზე გაცემა კი, კლინიკის დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ. გ-ი, დ. გ-ა და თ. ქ-ი წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული მომსახურების პირობით მოსარგებლეებს. აღნიშნული პაციენტების მკურნალობის მიზნით, სააგენტომ კლინიკას გადაუგზავნა კონკრეტულად მათთვის (კოლოფზე პაციენტის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით) განკუთვნილი მედიკამენტები (თითო კოლოფი „...ი“, რომელშიც მოთავსებული იყო 28 აბი). აღნიშნულმა ბენეფიციარებმა სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით მიიღეს ფარმაცევტული მედიკამენტი (თითო აბი), რაც აღირიცხა სპეციალურ ჟურნალში, თუმცა ელექტრონულ პროგრამაში წამლის სავალდებულო ჩამოჭრა ვერ მოხდა. სს „...ის“ მიერ აღნიშნული პროგრამული ხარვეზის მიზეზის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ხ. გ-ს, დ. გ-ასა და თ. ქ-ს შეწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობით შეზღუდვის მიზეზი გახდა. შედეგად, მედიკამენტების ფაქტობრივ და პროგრამულად აღრიცხულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის ელექტრონულ მონაცემებსა და ფაქტობრივად არსებულ ნაშთს შორის სხვაობის გამოვლენა ავტომატურად არ უნდა გამხდარიყო სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების საფუძველი, არამედ სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად უნდა დაედგინა სხვაობის გამომწვევი მიზეზები. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მოვალეობების შინაარსსა და მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიაზე. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დ. გ-ას კუთვნილი სამედიცინო ფარმაცევტული პროდუქტი მოსარჩელეს მიაწოდა 2016 წლის 18 მაისს, თ. ქ-ის კუთვნილი მედიკამენტი - 2016 წლის 1 ივნისს, ხოლო ხ. გ-ისათვის განკუთვნილი - 2016 წლის 15 ივნისს. ამ პერიოდისთვის აღნიშნულ პირებს უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა (დ. გ-ას - საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 28 აპრილის №102 ბრძანებულებით, თ. ქ-ს - 2016 წლის 25 მაისის №123 ბრძანებულებით, ხ. გ-ს 2016 წლის 31 მაისის №129 ბრძანებულებით). ამდენად, სააგენტოს მიერ კლინიკისათვის ბენეფიციარების კუთვნილი მედიკამენტების გადაცემის მომენტისათვის ისინი აღარ წარმოადგენდნენ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პროგრამის განმახორციელებლის მიერ კლინიკისათვის მიწოდებული არ ყოფილა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 2.5.2 ქვეპუნქტის მიხედვით კი, სერვისის მიმწოდებელი მედიკამენტების გაცემისას ხელმძღვანელობდა იმ ელექტრონული პროგრამით, რომლის გამართულ ფუნქციონირებაზე ვალდებულ პირსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს. მოსარჩელე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას, ენდობოდა ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხელმძღვანელობდა სააგენტოს მიერ მიწოდებული სიით და იცავდა კონკრეტული პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების გაცემის თაობაზე სააგენტოს მითითებებს. შესაბამისად, შეუძლებელი იყო, კლინიკას წინასწარ განესაზღვრა ხ. გ-ი, დ. გ-ა და თ. ქ-ი მათთვის მედიკამენტების გადაცემის მომენტში კვლავ წარმოადგენდნენ თუ არა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს. უფრო მეტიც, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა ჰქონდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო კლინიკას უნდა ეხელმძღვანელა მიწოდებული მონაცემებით.

დამატებით საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც ცენტრის მიერ წამლის ელექტრონულ პროგრამაში ჩამოჭრა ვერ განხორციელდა, პროგრამის კოორდინატორმა და ცენტრის დირექტორმა აღნიშნული ხარვეზის შესახებ შეადგინეს აქტები. ცენტრმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თავად წარუდგინა ინფორმაცია პაციენტების კუთვნილი მედიკამენტის ცენტრში არსებული ნაშთის (თითოეულის შემთხვევაში 27 აბის), ელექტრონული პროგრამით დაფიქსირებულ და ფაქტობრივად არსებულ ნაშთს შორის სხვაობისა და მათი ელექტრონულ პროგრამაში დაუფიქსირებლობის მიზეზების შესახებ, თუმცა სააგენტომ სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მოცემული გარემოებები არ გაითვალისწინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მიმწოდებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, ვინაიდან სერვისის მიმწოდებელს არ ჰქონდა ვალდებულება და არც შესაძლებლობა - გადაემოწმებინა პაციენტების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კლინიკა ვალდებული იყო, დაეცვა პროგრამით დადგენილი პირობები, რომელიც ითვალისწინებდა სააგენტოს მიერ ცენტრისათვის მიწოდებული მედიკამენტის კონკრეტული ბენეფიციარისათვის გადაცემას. ამრიგად, მოსარჩელე მოქმედებდა სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და მისი დაჯარიმების წინაპირობები არ არსებობს.

ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 2020 წლის 18 მაისის №15808 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე