Facebook Twitter

ბს-337 (კ-19) 25 ივნისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი.მ. მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.მ. მ. ზ-ემ 03.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.01.2017წ. №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.03.2017წ. №5601 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი.მ. მ. ზ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ი.მ. მ. ზ-ემ დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, მან განახორციელა სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით ხე-მასალის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ დადასტურებული იყო ი.მ. მ. ზ-ის მიერ სამეწარმეო მიზნით ხე-ტყის გადატანა, შესაბამისად სავალდებულო იყო ზედნადების გამოწერა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზედნადების არსებითი ხარვეზებით გამოწერა უთანაბრდება ზედნადების არარსებობას, კერძოდ, ი.მ. მ. ზ-ის მიერ გამოწერილი იქნა ზედნადები დადგენილი წესის დარღვევით, მასში მითითებული რეკვიზიტები არ იძლეოდა ტრანსპორტირებული მასალის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ფირნიშის ნომრების მიუთითებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად ფირნიში არის მრგვალი ხე-ტყის კანონიერების წარმოშობისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი მეშვეობით შესაძლებელია საქონლის იდენტიფიკაცია. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმება მოიცავს აგრეთვე პირის მიერ მითითებულ მონაცემებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებას. სააპელაციო პალატის მითითებით ვინაიდან ი.მ. მ. ზ-ის მიერ გამოწერილი ზედნადები შევსებული იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით, კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.01.2017წ. №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.03.2017წ. №5601 ბრძანება.

განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი.მ. მ. ზ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ გამოწერილი ზედნადები იძლეოდა ტრანსპორტირებული მასალის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, მასში მითითებული იყო მხარეთა რეკვიზიტები, თარიღი და საქონლის ღირებულება, აგრეთვე საქონლის ჩამონათვალი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესის გამოყენება არასწორია, ვინაიდან ის კანონქვემდებარე აქტია, ხოლო იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი საგადასახადო კოდექსი არ ადგენს სასაქონლო ზედნადების არასწორად შევსების გამო სანქციას. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღრეულია ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის მოპოვების თაობაზე არსებული რეგულაციები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ი.მ. მ. ზ-ის მიერ 5000 ლარის საბაზრო ღირებულების წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. საქმეზე დავას არ იწვევს ხე-ტყის მასალის სამეწარმეო მიზნით გადატანა, რაც საჭიროებდა სასაქონლო ზედნადების გამოწერას. საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლით დადგენილია, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ფორმით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 31.12.2010წ. №996 ბრძანება ადგენს ზედნადების გამოწერის წესს, რომლითაც სხვა რეკვიზიტებთან ერთად სავალდებულოა ზედნადებში მითითებული იქნას მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის კონკრეტული ნომერი. კასატორი სადავოდ არ ხდის ფირნიშის ნომრის ზედნადებში მიუთითებლობას, სასარჩელო განცხადების თანახმად იგი აღნიშნულ ფაქტს პროგრამულ შეცდომას უკავშირებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობის თაობაზე, ვინაიდან დადასტურებულია ხე-ტყის მასალის სამეწარმეო მიზნით გადატანა, ზედნადების გამოწერის ვალდებულების არსებობა, სასაქონლო ზედნადების არასრულად შევსება, რაც ზედნადების არარსებობასთან მართებულად იქნა გაიგივებული. საქმის მასალებით არ დასტურდება პროგრამული შეცდომის არსებობა. დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება სასაქონლო ზედნადებში ყველა სავალდებულო რეკვიზიტის მითითების თაობაზე. კასატორის მიერ 28.12.2016წ. გამოწერილ №ელ-... ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში გამყიდველის და მყიდველის გრაფაში მითითებულია მ. ზ-ე, ამდენად, გარდა მასალის სპეციალური ფირნიშის ნომრების მიუთითებლობისა, ოპერაციის მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემებიც არასწორად არის შევსებული სასაქონლო ზედნადებში.

საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით კასატორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის თანახმად სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ფორმით. აღნიშნული წესი განისაზღვრა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №996 ბრძანებით. რაც შეეხება კასატორის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას, აღნიშნულს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 286.11 მუხლი, რომელიც ადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, 5000 ლარით დაჯარიმებას და საქონლის ჩამორთმევას, უკეთუ საქონლის ღირებულება აღემატება 1000 ლარს და არ აღემატება 10 000 ლარს. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო აქტის შესაბამისად განისაზღვრა კასატორის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა. ამდენად, ადგილი არ ჰქონია კასატორის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე განსაზღვრას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი.მ. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინება;

3. ი.მ. მ. ზ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 02.05.2019წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე