ბს-347 (2კ-19) 25 ივნისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ნ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-მა 13.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის 27.01.2016წ. NMOC ... ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად ნ. შ-ისათვის განაცდური ხელფასის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.2018წ. სასამართლო სხდომაზე ნ. შ-მა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა მოსარჩელის განთავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში, უკვე მიღებული 3 თვის გამოკლებით, იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდისათვის, მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, 3 თვის ხელფასის გამოკლებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2018წ. განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს იძულებითი განაცდური საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ნ. შ-ის მიერ.
კასატორი - სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლთან მიმართებაში. არაკონსტიტუციურად ცნობამდე არსებული ნორმის საფუძველზე სასამართლოს სამინისტროსთვის დაკისრებული ჰქონდა მოსარჩელის სასარგებლოდ სამი თვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგიის 29.04.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 08.01.2014წ. N… ბრძანება ნ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. შ-ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება იყო ძალაში შესული და აღსრულებული, როდესაც სასამართლომ გამოიყენა უკუძალა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ხელმეორედ დააკისრა სამინისტროს. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუძალა არ გააჩნია და ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობამდე ითვლება კანონიერად, შესაბამისად აღნიშნული ნორმის ფარგლებში წარმოშობილი და განხორციელებული ქმედებებიც კანონიერად უნდა ჩაითვალოს.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 27.01.2016წ. ბრძანების მე-2 პუნქტის აღსრულების დავალება, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს დახმარებით პაექრობის ეტაპზე შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არათუ დაეხმარა მოსარჩელეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, არამედ მთლიანად შეაცვლევინა იგი პაექრობის ეტაპზე, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნ. შ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ნ. შ-ის მოთხოვნაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 29.04.2015წ. მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ნ. შ-ის სარჩელი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი ნ. შ-ის უკანონო განთავისუფლებასა და მისთვის განაცდურის ანაზღაურებაზე, მიმდინარე დავის ფარგლებში სამინისტროს ხელმეორედ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
კასატორი - ნ. შ-ი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2015წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის სექტემბერში, ხოლო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 112-ე მუხლი, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენის პირობებში აწესებდა მხოლოდ 3 თვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015 გადაწყვეტილებით, რომელიც 2015 წლის აგვისტიდან ამოქმედდა. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2015წ. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ზემოაღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ, რაც ქმნის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ნ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2015წ. გადაწყვეტილება (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: 22.10.2015წ.), რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. შ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 08.01.2014წ. N... ბრძანება ნ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. შ-ის სამსახურში აღდგენისა და იძლებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 27.01.2016წ. ბრძანებით ნ. შ-ი აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N… პენიტენციური დაწესებულების ...ის თანამდებობაზე, ხოლო ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა ნ. შ-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნ. შ-ს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ანაზღაურებული აქვს 3 თვის იძულებითი განაცდური.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2015წ. გადაწყვეტილებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ნ. შ-ის მიერ რეალიზებულ იქნა ნაწილობრივ და მას, საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილებით, უფლება მიეცა მოეთხოვა აღნიშნული უფლების გამოუყენებელი ნაწილის რეალიზება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2015წ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროისათვის იყო კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული, ვინაიდან საქმის მასალებით საპირისპირო დასტურდება. ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ნაცვლად სასამართლოს დახმარებით სრულად შეცვალა თავდაპირველი მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც თავდაპირველი, ისე დაზუსტებული სარჩელი აღძრულია სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე ორივე შემთვევაში ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ იძულებითი განაცდურის გაცემის დავალებას. ამდენად შეცვლილი არ არის მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აქვს უკუქცევითი ძალა, რის გამოც ნ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომი პერიოდიდან თანამდებობაზე აღდგენამდე. შესაბამისად, კასატორის - ნ. შ-ის მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე გავრცელებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ნ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ნ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე