Facebook Twitter

ბს-414 (კ-19) 2 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-ემ 29.08.18წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ ზ. მ-ის ნაწილში „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 01.08.2018წ. №... ბრძანების ბათილად ცნობის, ზ. მ-ის ...ის ...ო განყოფილების ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და მორალური ზიანის სახით 25 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ მიუთითა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის გამო აღნიშნული უწყების თანამშრომლების კადრების განკარგულებაში გადაყვანა კანონშესაბამისი იყო, ვინიადან აღნიშნულს პირდაპირ ითვალისწინებდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71.1 მუხლი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, აგრეთვე არ არსებობდა სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები, ვინაიდან კანონმდებლობით სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აქტის ბათილად ცნობის შედეგია სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. კასატორი ითხოვს აგრეთვე ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრებას მოწინააღმდეგე მხარისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ რეალურად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია არ მომხდარა, შტატების გადაადგილების გათვალისწინებით ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რაც არ შეხებია ზ. მ-ის შტატს. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს ზ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე ბრძანების უკანონობას და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას. ქვედა ინსტანციის სასამართლოები სარჩელის უარყოფის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებდნენ, რომ ზ. მ-ის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდი არ იყო გასული, რის გამოც არსებობდა ზ. მ-ის კადრების განკარგულებიდან დანიშვნის შესაძლებლობა. აღნიშნული შესაძლებლობა გამოირიცხა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზ. მ-ის მიერ წარდგენილი 30.11.2018წ. ბრძანებით ზ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრძანება მსჯელობის გარეშე დატოვა. გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე სამსახურმა ზ. მ-ეს შესთავაზა უფრო დაბალ თანამდებობაზე გადასვლა, რაზეც ზ. მ-ემ უარი განაცხადა, ვინაიდან მისი დაქვეითების საფუძველი არ არსებობდა. სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულების დროს ზ. მ-ეს დისციპლინური სახდელი არასოდეს დასდებია, პირიქით მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულებულებისთვის იგი წახალისებულ იქნა. აღნიშნული გარემოებები ქმნის ზ. მ-ისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს 15.07.2019წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. მ-ის განცხადება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. მ-ე დასაქმებული იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის ...ო განყოფილების ...ის თანამდებობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ლიკვიდირებული იქნა 2018 წლის 01 აგვისტოდან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული ბრძანება შეესაბამება მისი გამოცემის დროს მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71.1 მუხლით დადგინდა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ექვემდებარებოდნენ კადრების განკარგულებაში გადაყვანას. კანონი არ უშვებდა ლიკვიდაციის შემდგომ ჩამოყალიბებული სტრუქტურის გათვალისწინებით კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავდა თანამშრომელთა კადრების განკარგულებაში გადაყვანას, რის გამოც სამსახური არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა ზ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა. ამდენად, საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობა ლიკვიდაციის ფორმალური ხასიათის თაობაზე. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი შეაფასოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით დადგენილი სამსახურის ლიკვიდაციის კონსტიტუციურობის საკითხი. არარელევანტურია აგრეთვე კასატორის მითითება ზ. მ-ის მიმართ წახალისების ზომების გამოყენების თაობაზე. დაკისრებულ მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულება, აგრეთვე წახალისების ღონისძიების გამოყენება გავლენას ვერ მოახდენდა ზ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხზე ზემოთმითითებული გარემოების გამო.

დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე ზ. მ-ისთვის დაბალი თანამდებობის შეთავაზების გამო გასაჩივრებული აქტის უკანონობის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურის მხრიდან თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხზე ნების გამოვლენა არ ადასტურებს კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლების არსებობას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ კადრების განკარგულებაში მყოფი ზ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ზ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანება და არა საბოლოო გადაწყვეტილება კადრების განკარგულებაში მყოფი ზ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი ცალკე დავის საგანია სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დავის საგნის გაცდენით ემსჯელა ბრძანებაზე, რომელიც განსახილველი დავის საგანს არ შეადგენდა (სსკ-ის 248-ე მუხ.). სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულ ბრძანებაზე მსჯელობის არარსებობა არ ადასტურებს განჩინების უკანონობას,

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზ. მ-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე