Facebook Twitter

ბს-500 (კ-19) 25 ივნისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქ. ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 07.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად საიჯარო ქირის დავალიანების - 1 აშშ დოლარის, საპრივატიზებო ღირებულებისათვის - 4 494 აშშ დოლარის, სხვა ვალდებულებისათვის - 4 494 აშშ დოლარის, ოქმი-ხელშეკრულების შესაბამისად - 383 აშშ დოლარის, სულ 9372 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო მოპასუხისათვის 55419.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 129.1 მუხლი, რომლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამოიწურა 2014 წლის 27 ივნისიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ ანუ 2017 წლის 27 ივნისს, შესაბამისად სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის (07.11.2017წ.) ამოწურული იყო 27.06.2007წ. N27 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ 27.06.2007წ. N27 ხელშეკრულება გაფორმდა 30.05.1997წ. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით, რომლის 481 მუხლით დადგენილ იქნა სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების/სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადების საგამონაკლისო წესი. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 1-ელ იანვრამდე. ამდენად, კანონის სწორად განმარტების პირობებში სასამართლო ქონების სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულად ვერ მიიჩნევდა. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 27.06.2007წ. N27 ხელშეკრულებაზე და შეფასების გარეშე დატოვა ქონების სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 13.05.2008წ. N159 ოქმიდან, რის საფუძველზეც ნაკისრი ვალდებულებები მ. ფ-ეს 2017 წლის 1-ელ იანვრამდე არ შეუსრულებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მ. ფ-ეს შორის 27.06.2007წ. დაიდო იჯარა-გამოსყიდვის N27 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ. ფ-ეს იჯარა გამოსყიდვის უფლებით 68083 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 5 სხვა მოწყობილობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 27 ივნისიდან 2014 წლის 27 ივნისის ჩათვლით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტირებელი 13.05.2008წ. N159 ოქმის თანახმად მ. ფ-ეს პრივატიზების წესით გადაეცა ასევე 1000 ლიტრი ტევადობის მინდვრის შემასხურებელი. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება დადგენილ იქნა 7 წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ეხება 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდს, რა დროისთვისაც გასული იყო 13.05.2008წ. N159 ოქმით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებისთვის დადგენილი შვიდწლიანი ვადა, ასევე გასული იყო N27 იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამასთანავე, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის 481.5 თანახმად (18.03.2016წ. რედაქცია), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი გათავისუფლდა 2014 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ამდენად, მ. ფ-ეს ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის მ. ფ-ისთვის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნისთვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. საფუძველსაა მოკლებული საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ დაფიქსირებული პოზიცია "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მიხედვით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონით ამოქმედებული ცვლილებების პერიოდისათვის მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო, რაც მისი გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე