ბს-1276 (კ-18) 25 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 02.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, შპს ,,...ის“ და მისი დირექტორისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 17.05.2016წ. N... განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებული აქტის კანონშესაბამისობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტით შპს „...ს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა შემოწმების შედეგად რამოდენიმე სახის დარღვევის აღმოჩენის გამო. ერთგვაროვანი დარღვევების მიმართ თითოეულ ფაქტზე გამოწერილი იქნა ცალ-ცალკე ჯარიმა, რამაც საერთო ჯამში შპს „...ის“ მიმართ შეადგინა 29 100 ლარი, ხოლო ჯამში შპს „...ის“ დირექტორის დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...ის“ საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების შესაბამისი იყო დაკისრებული ფულადი ჯარიმა, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია შპს-ს დაჯარიმება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობის, იდენტიფიკაციის წესების დაუცველად გარიგების დადების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვეულად მიჩნევის, აგრეთვე სპეციალური პროგრამით აღურიცხაობის გამო. შპს „...ის“ მიერ გარიგებები დადებული იქნა პარტნიორ კომპანიასთან შპს „ე...“-სთან, რომელიც დაფუძნებულია შპს „...ის“ ხელმძღვანელი პირის მიერ. შესაბამისად არ არსებობდა აღნიშნული გარიგებების საეჭვო გარიგებებად მიჩნევის საფუძველი, აგრეთვე არ არსებობდა გარიგების მეორე მხარის, შპს „ე...“-ის, იდენტიფიკაციის საჭიროება ყოველი გარიგების დადების წინ, აგრეთვე საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის დამოწმება და შენახვა ყოველი გარიგების დადების მიზნით. გარიგების დადების დროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის დამოწმების და შენახვის ვალდებულების განსაზღვრით, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენით კანონმდებლობა მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას. კანონის მიზნის გათვალისწინებით ლოგიკას მოკლებულია საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის დამოწმების და შენახვის, აგრეთვე საეჭვო გარიგების თაობაზე ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ვალდებულების დაკისრება, ვინაიდან ამით შპს „...ი“ თავისივე პარტნიორი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის დამოწმებით და შენახვით თავად დაუშვებდა იმ ალბათობას, რომ შესაძლებელია მისი პარტნიორი ორგანიზაციის მხრიდან ადგილი ჰქონდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და ტერორიზმის დაფინანსებას. არასწორია სასამართლოს განჩინებით ერთგვაროვანი დარღვევების არსებობისას თითოეული დარღვევის მიმართ ცალ-ცალკე დაჯარიმების კანონიერად მიჩნევა. ერთგვაროვანი ქმედებების მიმართ ერთჯერადი სანქცია უნდა დაკისრებოდა შპს-ს, ჯარიმა არ უნდა განსაზღვრულიყო თითოეული ქმედებისთვის ცალ-ცალკე.
არასწორია აგრეთვე შპს „...ის“ დირექტორის მიმართ ფულადი ჯარიმის 1000 ლარის დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ კომპანიას შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც დადგინილი უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ კომპანიის შიდა ინსტრუქცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამგვარი დოკუმენტის ეფექტურობის საკითხი შეფასებითია. სხვა ორგანიზაციებში უფრო ეფექტური დოკუმენტაციის არსებობა არ ადასტურებს შპს „...ის“ ინსტრუქციის არაეფექტურობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები, გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევისას კანონი განიმარტა სიტყვასიტყვით, კანონის მიზნის გათვალისწინების გარეშე, რის გამოც შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები ძირითადად ეხება შპს „...ის“ პარტნიორ ორგანიზაციასთან დადებული გარიგების საკითხებს. გათვალისწინებული არ იქნა აგრეთვე დარღვევის სიმძიმე და ხარისხი, სათანადო შეფასება არ მიეცა სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების მართებულობის საკითხს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოცემული შპს ,,...ის“ და მისი დირექტორისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 17.05.2016წ. N... განკარგულების კანონიერების შემოწმება. სადავოა გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონიერება. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნულ ბანკის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტოს მინიჭებული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის უფლებამოსილება (48.1 მუხ.), „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების უფლებამოსილება. ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის, აგრეთვე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნების მისაღწევად მიკროსაფინანსო ორგანოზაციებს მინიჭებული აქვთ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის სტატუსი და დაკისრებული აქვთ მთელი რიგი ვალდებულებები (,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხ. „ა“ ქვ.პ.), მათ შორისაა გარიგებების (ოპერაციების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული აქვს აგრეთვე საქმიანობის განხორცილებისას აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება. სანქციის სახით განსაზღვრულია გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის დაკისრება ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება (,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 48.3 მუხ., ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...ის“ შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა დარღვევები, რომელთა ნაწილი შეეხებოდა შპს „ე...“-სთან დადებულ სესხის ხელშეკრულებებს, კერძოდ, შემმოწმებლის მიერ მიჩნეული იქნა, რომ შპს ,,...ის“ მიერ იდენტიფიკაციის წესის დაუცველად იქნა დადებული გარიგებები (42 შემთხვევა), ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის არ იქნა მიწოდებული ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების თაობაზე (10 შემთხვევა), აგრეთვე დარღვეული იყო მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის წესი (15 შემთხვევა), გარიგებები არ იყო აღრიცხული სპეციალური პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული დარღვევები აღრიცხული იქნა ცალ-ცალკე და თითოეული დარღვევისთვის ცალ-ცალკე განისაზღვრა ფულადი ჯარიმა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 29100 ლარი. გარდა ამისა, გასაჩივრებული აქტით ფულადი ჯარიმა (1000 ლ.) განესაზღვრა შპს ,,...ის“ დირექტორს შიდა კონტროლის პროცედურების თაობაზე კომპანიის შიდა ინსტრუქციის არარსებობის გამო.
კასატორი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებები დარღვევად არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ვინაიდან დარღვევათა უმეტესობა ეხება შპს ,,...ის“ დამფუძნებლის მიერ დაფუძნებულ სხვა კომპანიასთან შპს „ე...“ - სთან დადებულ გარიგებებს. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება ქმნიდა გარიგებების არასაეჭვოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს, რის გამოც მათზე მონიტორინგის განხორციელების, საიდენტიფიკაციო მონაცემების დამოწმების და შენახვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე დანაწესს, რომელიც კასატორს ურთიერთდაკავშირებულ საწარმოსთან გარიგების განსხვავებული წესით (იდენტიფიკაციის, აღრიცხვის გარეშე) დადების უფლებამოსილებას მიანიჭებდა. როგორც აღინიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის ზედამხედველობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთაა, რაც „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის თანახმად გულისხმობს უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემას (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვას ან შენიღბვას ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობას (კანონის მე-2 მუხ. „ა“ ქვ.პ.). დაუსაბუთებელია შპს ,,...ის“ მოსაზრება, რომ ვინაიდან შპს „ე...“ და შპს ,,...ი“ დაფუძნებულია ერთიდაიმავე პირის მიერ, მათ შორის გაფორმებული გარიგებები არ არის საეჭვო გარიგება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოსაზრება არ ქმნის გარიგების განსხვავებული წესით დადების შესაძლებლობას, აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვის ვალდებულებისგან. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტით მართებულად შეფასდა აღნიშნული საკითხი.
კანონმდებლობას არ ეფუძნება კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ ერთგვაროვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფულადი ჯარიმის დაკისრება თითოეული შემთხვევისთვის არ უნდა მომხდარიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით (50.3 მუხ.). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 07.02.2012წ. №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესით“ განსაზღვრულია დარღვევის შესაბამისი სანქციები, აღიშნული წესი არ შეიცავს რაიმე მითითებას ერთგვაროვანი დარღვევის არსებობის შემთხვევაში მათ მიმართ ერთი სანქციის გამოყენების თაობაზე, პირიქით, წესით პირდაპირაა გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენება თითოეული დარღვევისთვის ცალ-ცალკე (2.7 მუხ. „ბ“, „ე“, „ი“, „კ“ ქვ.პ.). კასატორი ვერ უთითებს ამავე წესით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმისაგან განთავისუფლების რომელიმე პირობის არსებობაზე (მე-6 მუხ.).
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება შპს „...ის“ დირექტორის მიმართ ფულადი ჯარიმის 1000 ლარის დაკისრების უკანონობის თაობაზე. საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია უთანაბრდება ინსტრუქციის არარსებობას, რადგან იგი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, მასში ასახული უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. კომპანიის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია არ აკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს, რის გამოც კანონშესაბამისია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისთვის, 1000 ლარის ოდენობით, ფულადი ჯარიმის დაკისრება (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 07.02.2012წ. №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 2.7 მუხ. „ლ“ ქვ.პ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 11.09.2018წ. №1536667803 საგადახდო დავალებით გადახდილი 1505 ლარის 70% - 1053.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე