Facebook Twitter

საქმე №ბ-630-5(ა-20) 2 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი და შუამდგომლობის ავტორი _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა 2018 წლის 10 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, მოპასუხისთვის ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 992 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელის ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა დაევალა.

2020 წლის 12 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი და მასზე დააფუძნა გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია - რა გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით დადებული ყადაღის არა აღმასრულებლის მიმართვისთანავე, არამედ მოგვიანებით - 2018 წლის 1 მარტის შუამდგომლობით გაუქმების საფუძველი. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 4 ივნისის წერილში მითითებული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით დადებული ყადაღის 2018 წლის 1 მარტს გაუქმება გამოწვეული იყო არა ბრალეული დაყოვნებით, არამედ რიგი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გამო. განმცხადებლის მოსაზრებით, უზენაესმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებად დაასახელა საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედება, თუმცა შეისწავლა და დაადგინა საგამოძიებო მოქმედებების მხოლოდ ნაწილი. განმცხადებლის მითითებით, თუ უზენაესი სასამართლო სრულყოფილად გამოიკვლევს ყადაღის გამოყენებისა და 2018 წლის 1 მარტამდე ამ ყადაღის შენარჩუნების საფუძვლებს, დასაბუთებული ვარაუდი არსებობს იმისათვის, რომ შეიცვალოს სასამართლოს დასკვნა, რაც შედეგობრივად გამოიწვევს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, განმცხადებელი მიუთითებს, რომ უზენაესმა სასამართლომ შეაფასა პროკურატურის ქმედება (ყადაღის გაუქმების საფუძველი) ისე, რომ თავად პროკურატურა არ ყოფილა საქმეში მოწვეული, თუნდაც მესამე პირად, რაც განმცხადებლის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ამავე განცხადებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმებამდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობს.

ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის საფუძველზე აღსრულების შეჩერების თაობაზეც შუამდგომლობს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, თუკი აღსრულდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილება, კერძოდ, ვ. გ-ს გადაერიცხება 314 992 ლარი და საქმის წარმოების განახლების შედეგად შეიცვლება მითითებული გადაწყვეტილება, აღნიშნული გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 314 992 ლარის უკან დაბრუნებას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსაზრებით, აღსრულების შეჩერება ვერ გამოიწვევს მოსარჩელისთვის რაიმე ზიანის მიყენებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.

ვ. გ-მა 2020 წლის 22 ივნისს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრებები აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებისა და აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებასა და შუამდგომლობას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსსკ-ის მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა დაევალა.

წარმოდგენილი განცხადებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უზანაესმა სასამართლომ დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი და მასზე დააფუძნა გადაწყვეტილება, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 4 ივნისის წერილში მითითებული ინფორმაცია კი საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით დადებული ყადაღის 2018 წლის 1 მარტს გაუქმება გამოწვეული იყო არა ბრალეული დაყოვნებით, არამედ რიგი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გამო, რაც განმცხადებლის მოსაზრებით, შედეგობრივად გამოიწვევს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაფუძნებია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი კი არ შეიცავს მითითებას გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლს - აღსრულების შეჩერება და მისი ვადები, რომელიც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იმ ეტაპზე, რომელზეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება - ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე, არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ ქონებაზე აღსრულების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით დადებული ყადაღის გაუქმება - 2017 წელს 20 დეკემბერს წარდგენილ საინკასო დავალებაში №01/55-01 მითითებული გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე, წარმოადგენდა ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებისა და გაცემული საინკასო დავალების იმავე ეტაპიდან შესრულების საფუძველს. ასევე აღინიშნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი №01/55-01 საინკასო დავალების შესრულება სხვა რაიმე საფუძვლით არ შეყოვნებულა და აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე 2018 წლის 2 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი.

საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სწორედ 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საინკასო დავალება შესრულდა 2018 წლის 2 მარტს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 2020 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე კასატორმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საინკასო დავალება არ წარმოადგენდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებას და იგი გაიცა მოვალის მიერ გამოხატული ნების - მოთხოვნის ნებაყოფლობით აღსრულების უზრუნველსაყოფად.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2020 წლის 5 მარტს მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ საინკასო დავალება ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის პერიოდში იყო წარდგენილი, როგორც ნებაყოფლობითი აღსრულება, რის გამოც წარმოდგენილი განცხადებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებული გარემოება ვერ შეცვლის საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.

აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაფუძნებია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით დადებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებს, ასევე უსაფუძვლოა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმებამდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი).

განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ უზენაესმა სასამართლომ შეაფასა პროკურატურის ქმედება (ყადაღის გაუქმების საფუძველი) ისე, რომ თავად პროკურატურა არ ყოფილა საქმეში მოწვეული, თუნდაც მესამე პირად, რაც განმცხადებლის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს პროკურატურის ქმედების შეფასებას, გადაწყვეტილება არ დაფუძნებია აღნიშნულ გარემოებას, მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ არ ეხება პროკურატურის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რაც სავალდებულოს გახდიდა საქმეში მის მონაწილეობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას ამახვილებს იმ გარმოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს დაინტერესებულ მხარეს, რომელიც არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

რაც შეეხება წარმოდგენილ შუამდგომლობას აღსრულების შეჩერების შესახებ, ვინაიდან უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება, შესაბამისად, აღარ არსებობს აღსრულების შეჩერების საჭიროება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსაზრებას, რომ აღსრულების შეჩერება ვერ გამოიწვევს მოსარჩელისთვის რაიმე ზიანის მიყენებას. მოსარჩელის - ვ. გ-ის უმთავრეს ინტერესს სწორედ გადაწყვეტილების დროული აღსრულება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტური აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად. „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 432-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე