ბს-394(კ-19) 15 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ს-მა 30.10.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.10.2017წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის, მისი შედეგების აღმოფხვრის და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის - 100 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 04.10.2017წ. NMIA51702392330 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მიზანშეუწონელი იყო შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ფ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვ.პ.), ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესიგს („გ“ ქვ.პ.). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 04.10.2017წ. წერილი წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. პალატამ აღნიშნა, რომ კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მინიჭებული აქვს ფართო დისკრეცია პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის, საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ კანონშესაბამისად განახორციელა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამასთან, გადაწყვეტილება მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად. სასამართლომ მიიჩნია აგრეთვე, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და მისთვის მორალური ზიანის მიყენება, რადგან საქმის მასალებით, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციით, არ დადგინდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა ეთნიკური კუთვნილების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფ. ს-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებლი გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია, მართალია სადავო აქტი მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა აქტის დასაბუთების ვალდებულებას. კასატორი თვლის, რომ დისკრეციული უფლებამოსილება მასთან მიმართებით არასწორად განხორციელდა, რამაც მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებლად შეზღუდვა გამოიწვია, მათ შორის შეიზღუდა უფლება რელიგიის თავისუფლებასა და აღმსარებლობაზე. სასამართლოს არ უმსჯელია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, არ გაუთვალისწინებია, რომ დავა არ ეხება მხოლოდ მოსარჩელის შრომის უფლებას, რადგან ფ. ს-ი საქართველოში „...ის“ ...ია. გაურკვეველია რატომ მიენიჭა საჯარო ინტერესს უპირობო უპირატესობა ფ. ს-ის ინტერესებთან შედარებით. სასამართლოს არ უმსჯელია ფ. ს-ის რელიგიისა და აღმსარებლობის უფლებებზე, არ დაუსაბუთებია აღნიშნული უფლებების შეზღუდვის წინაპირობების არსებობა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით ზედაპირულია და არ შეესაბამება ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. როგორც წესი, დისკრიმინაციის ფაქტის დასამტკიცებლად შეუსაბამოდ მაღალი მტკიცების სტანდარტის დაწესება არ ხდება, მთავარია საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს დისკრიმინაციული მოპყრობის შთაბეჭდილება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. კასატორი თვლის, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა არ წარმოშობს სააგენტოს ვალდებულებას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, სააგენტომ უნდა შეაფასოს მასთან წარდგენილი ინფორმაცია და მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს საფუძვლად დაედო საიდუმლო დოკუმენტი, რომლის შინაარსი კასატორისათვის სრულიად უცნობია. ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტული გარემოებები ფ. ს-ისათვის უცნობია. უკეთუ დასტურდება კონკრეტული ფაქტები და კასატორის მიერ განხორციელებული უკანონო საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, მაშინ აღნიშნული უნდა გამხდარიყო კასატორის მიმართ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების საფუძველი, რაც არ მომხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 04.10.2017წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ფ. ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 02.07.2020წ. Nბს-394(კ-19) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ფ.ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არის დასაბუთებული, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მართალია საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის საქართველოში დასაქმება და ის გარემოება, რომ იგი ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ...ია, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად და არა მხოლოდ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით. საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოში დასაქმების მიუხედავად, არსებობდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Leander v. Sweden, 26.03.1987). ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სადავო აქტის დასაბუთება მოიაზრებს გამოთხოვილ საიდუმლო დოკუმენტაციაში არსებულ გარემოებებსა და მოტივაციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა (სასკ-ის 201 მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება (სზაკ-ის 99-ე მუხ.), საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, საიდუმლო ინფორმაციაზე ფ. ს-ის წარმომადგენლის ინდივიდუალურ დაშვებაზე უარის მართლზომიერება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო აქტის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების უტყუარად არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება, არ არის დასაბუთებული. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევა, არ ადასტურებს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელების შესახებ. საქმის მასალების, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი მართლზომიერია და არ არის განპირობებული მოსარჩელის ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკიმინაციით, პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება ფ. ს-ის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საქმის მასალებით არ იკვეთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ფ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება;
3.ა. ხ-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს ფ. ს-ის საკასაციო საჩივარზე 04.03.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე