Facebook Twitter

ბს-426(კ-19) 14 ივლისი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ც-ემ 01.02.2018წ. სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 26.04.2013წ. N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 18.01.2018წ. N65 ბრძანების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაციის - 11375 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 26.04.2013წ. N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 18.01.2018წ. N65 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ც-ისათვის ქონების ჩამორთმევის გამო გადასახდელი კომპენსაციის - 11375 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2018წ. გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018წ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი - 26.04.2013წ. N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვის ნაწილში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 18.01.2018წ. N65 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.05.2018წ. გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 18.01.2018წ. N65 ბრძანება არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თავისი ბუნებით ის შუალედური აქტია, რადგან რაიმე საბოლოო შედეგს არ წარმოშობს მხარისათვის და წარმოადგენს მხოლოდ პროცედურულ წინაპირობას, რათა მერიამ მოახდინოს N371 ცნობის არარად აღიარების საკითხის განხილვა. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკსირების ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მართებულია, რადგან საქმის მასალების მიხედვით, ლ. ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიყვანა საავტომობილო გზა. ქონების შეფასების შესახებ დასკვნით ირკვევა, რომ ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჯამური საბაზრო ღირებულება 14.11.2018წ. მდგომარეობით შეადგენდა 27 582 ლარს. ქ. ფოთში, ...ის …ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფუნქციური შეფასებით დადგენილია, რომ საავტომობილო გზის გაყვანის ხარჯზე მესაკუთრეს მნიშვნელოვნად შეეზღუდა კანონით განსაზღვრული ზონირების შესაბამისად მთელი ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა. კანონით დადგენილი 100 მეტრიანი შეზღუდვა მოიცავს და სცდება ნაკვეთის მთელ სიგრძეს, რაც მთლიანად უკარგავს მესაკუთრეს მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობას. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილზე ისე გაიყვანა გზა, რომ არ გამოუყენებია ქონების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული ნორმატიული რეგულაციები, არ მომხდარა სამართლიანი ფასის ანაზღაურებაზე მოლაპარაკება, უგულებელყოფილ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს ძალაში მყოფი ჩანაწერები, რითაც შეილახა ლ. ც-ის საკუთრების უფლება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოსარჩელის საკუთრების შელახვის შედეგად, ლ. ც-ეს მიადგა ქონებრივი ზიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მერიის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათით დასტრუდება, რომ ლ. ც-ის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა, გამოყოფილი ნაკვეთი რეალურად სხვა ადგილზე მდებარეობს. პირველადი რეგისტრაციისას წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ ყოფილა მალთაყვას უბნის ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით დამოწმებული. პირველადი რეგსტრაციის საფუძველი - მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი ცნობა გაცემულ იქნა ისე, რომ მათლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიყვანა საავტომობილო გზა, ამასთანავე, მერიას არ გამოუყენებია ქონების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული ნორმატიული რეგულაციები, არ მომხდარა სამართლიანი ფასის ანაზღაურებაზე მოლაპარაკება, უგულებელყოფილ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს ძალაში მყოფი ჩანაწერები. ქონების შეფასების შესახებ დასკვნით ირკვევა, რომ ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 14.11.2018წ. მდგომარეობით შეადგენდა 27582 ლარს. საავტომობილო გზის გაყვანის ხარჯზე მესაკუთრეს მნიშვნელოვნად შეეზღუდა კანონით განსაზღვრული ზონირების შესაბამისად მთელი ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა. კანონით დადგენილი 100 მეტრიანი შეზღუდვა მოიცავს და სცდება ნაკვეთის მთელ სიგრძეს, რაც მთლიანად უკარგავს მესაკუთრეს მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მეირ დადგენილი ფაქტების გაქარწყლების მიმართულებით, ორგანო არ უარყოფს ექსპროპრიაციის პროცედურების უგულებელყოფას, ლ. ც-ისათვის რაიმე კომპენსაციის მიუცემლობას, არ ასაბუთებს ნაკვეთის ნაწილზე გზის გაყვანის მიუხედავად ნაკვეთის დანარჩენი ნაწილის რაიმე სახით გამოყენების შესაძლებლობას. საკასაციო საჩივარი შედგება მხოლოდ ნორმათა ცირტირებისაგან, ფაქტობრივი გარემოებების გადმოცემისა და ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაციის უსწორობის დასაბუთებისაგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., სკ-ის 312.1 მუხ.). საქმის მასალების მიხედვით ლ. ც-ის რეგისტრაცია ძალაშია, მისი უზუსტობა სათანადო წესით არ დადგენილა. მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლების გათვალისწინებით საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შემოწმება, უძრავ ქონებაზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერებაზე მსჯელობა არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საჯარო რეესტრის მიერ კონკრეტული რეგისტრაციების განხორციელებისას თავისი ნორმატიული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების, რეგისტრაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების შესახებ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კასატორი უთითებს უძრავ ქონებაზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის არამართლზომიერებაზე, ხოლო ლ. ც-ე არის ქონების შემდგომი შემძენი. პირველადი რეგისტრაცია განხორციელებული იყო არა ლ. ც-ის, არამედ თ. ქებურიას სახელზე, რომელმაც მიწა ჯერ ნ. გრიგალაშვილს მიჰყიდა, ხოლო ამ უკანასკნელმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ლ. ც-ესთან. რომელიმე აღნიშნული რეგისტრაციის ან უფლებადამდგენი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა საქმის მასალებით არ არის დადასტურებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნივთზე საკუთრების უფლება ამ ნივთით სარგებლობის შესაძლებლობასაც მოიცავს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნაკვეთის ნაწილზე გზის გაყვანა შეუძლებელს ხდის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. კასატორს შესაბამისი შედავება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია, რის გამოც საკასაციო პალატა ამ ფაქტს დადგენილად მიიჩნევს. ამასთანავე, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის მიხედვით, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში, გზის ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს, გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გამწვანების მოწყობა, გასაჩერებელი მოედნის მოწყობა და სხვ. (22-ე მუხ.). ქ. ფოთში, ...ის ...ში მდებარე მიწის ნავეთის (ს.კ.: ...) ფუნქციური შეფასების შესახებ საქმეში დაცული 13.11.2018წ. დასკვნის მიხედვით, გზის გაყვანით მესაკუთრეს მთლიანად ეკარგება შესაძლებლობა ისარგებლოს მიწის ნაკვეთის კანონით განსაზღვრული ფუნქციით. ამდენად, დგინდება, რომ ლ. ც-ეს არსებითად შეეზღუდა თავისი ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნაკვეთით დანიშნულებისამებრ სარგებლობის შეუძლებლობა გულისხმობს საკუთრების არსებით შეზღუდვას, რადგან სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში აზრს კარგავს მიწის ნაკვეთზე არსებული საკუთრება და იძენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ აღინიშნა, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია. ამდენად, საკასციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთასის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე