Facebook Twitter

gancxadebis gansjadi sasamarTlosaTvis gadacemis Sesaxeb

საქმე #ბს-541(ს-20) 20 ივლისი 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ გ. ბ-ე

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

„ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ საჩხერის რაიონული სასამართლოს 05.03.2019წ. დადგენილებით პ. ტ-ე ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი. დადგენილების ასლი გადაეცათ მხარეებს. აღნიშნულ დადგენილებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა გ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.2020წ. დადგენილებით გ. ბ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, სოფ. ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ის ...მა - პ. ტ-ემ …ის …ი შენობის მიმდებარედ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრა 6 ძირი ხე, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 744 ლარი. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოსათვის ცნობილი გახდა გ. ბ-ის შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოჰყვა რეაგირება, პ. ტ-ის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. საჩხერის რაიონული სასამართლოს 05.03.2019წ. დადგენილებით პ. ტ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი, მასვე დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 744 ლარის ანაზღაურება. პ. ტ-ემ საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარადგინა როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც პ. ტ-ეს და არც ადმინისტრაციულ ორგანოს რაიონული სასამართლოს დადგენილება არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო გ. ბ-ე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე არ წარმოადგენს მხარეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა. ამდენად, გ. ბ-ე არ არის საჩხერის რაიონული სასამართლოს 05.03.2019წ. დადგენილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ბ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.

07.05.2020წ. გ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.2020წ. დადგენილების ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ არსებობს სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებული წარმოების განახლების საფუძვლები, რადგან მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.05.2020წ. მიმართვით გადაგზავნილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.07.2020წ. N915-2/3ბ მომართვით გ. ბ-ის განცხადება, როგორც საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. გადმოგზავნის საფუძვლად მიეთითა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადების შინაარსიდან და მასში ასახული მოთხოვნიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთება გ. ბ-ის მიზანი გაუქმდეს სააპელაციო პალატის 02.04.2020წ. დადგენილება კონკრეტული საფუძვლით: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გ. ბ-ის 07.05.2020წ. განცხადების საჩივრად მიჩნევის შესახებ. გაცხადების მიხედვით (ს.ფ. 74) მისი ადრესატია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, ხოლო მოთხოვნაა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.2020წ. დადგენილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად გ. ბ-ეს მითითებული აქვს სსკ-ის 423-ე მუხლი, რომელიც სწორედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის საფუძვლებს ჩამოთვლის. ამდენად, განცხადება ეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო პალატის დადგენილების გაუქმების, საქმის წარმოების განახლების საკითხს და არ შეიცავს ზემდგომ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის რაიმე მახასიათებლებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რადგან განცხადება სწორედ სააპელაციო პალატის დადგენილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მიზნით არის წარდგენილი. გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით რაიმე განჩინება/გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში იხილავს მხოლოდ განცხადების ქვემდებარობის და არა მისი დასაშვებობის ან საფუძვლიანობის საკითხს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.07.2020წ. N915-2/3ბ მომართვაში გ. ბ-ის განცხადების საჩივრად მიჩნევისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. სსკ-ის 398-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს. ამდენად, სააპელაციო პალატის მიმართვა შეიცავს მხოლოდ ზოგად ნორმებზე მითიებას და არ ასაბუთებს გ. ბ-ის განცხადების საჩივრად მიჩნევასა და საკასაციო სასამართლოში განსახილველად გადმოგზავნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ქ. ცინცაძე