გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 354-დად 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თ. ლალიაშვილი,
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ კ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. გ-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 31 მაისის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78, 150-ე მუხლის II ნაწილით, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 18 დეკემბრიდან.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ გ. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის დადგენილებით დაკმაყოფილდა რუსთავის ¹... დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული გ. გ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი კ. ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ გ. გ. ბოლომდე არ არის გამოსწორებული, რის გამოც მისი განთავისუფლება ნაადრევია.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 31 მაისის განაჩენით გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა 1997 წლის 18 დეკემბრიდან. მან დანიშნული სასჯელიდან მოიხადა 7 წელი, 6 თვე და ექვსი დღე. მოსახდელი დარჩა 2 წელი 4 თვე და 24 დღე.
გ. გ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹... დაწესებულების ადმინისტრაცია გ. გ-ს ახასიათებს დადებითად. დახასიათების თანახმად, იგი არის წყნარი და თავაზიანი; გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; კარგი ურთიერთობა აქვს როგორც დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, ასევე ადმინისტრაციასთან; აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებზე რეაგირებს დადებითად; სასჯელის მოხდის პერიოდში სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ ყოფილა, ერთელ გამოეცხადა მადლობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული გ. გ სავსებით კანონიერად გაათავისუფლა პირობით ვადამდე დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ გ. გ-ი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული გ. გ პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.