საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ
საქმე #ბს-414(კ-19) 15 ივლისი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის საფუძველზე განიხილა ზ. მ-ის განცხადება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-ემ 29.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ მოპასუხის 01.08.2018წ. N52933 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2019წ. განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
05.07.2019წ. ზ. მ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტას და უარი თქვა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუმადგომლობა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც გარანტირებულია მხარეთა ნების თავისუფლება შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები: დაიწყონ საქმის წარმოება სასამართლოში, დაამთავრონ საქმე მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე და ა.შ.
სასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. საკასაციო სასამართლო იმავე მუხლის დებულებებით ხელმძღვანელობს, ხსენებული ნორმები დისპოზიციური პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რადგან მხარეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ნების შესაბამისად განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა – ზ. მ-ემ უარი განაცხადა მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის შუამდგომლობა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივაზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, მითითებულ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 378-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ზ. მ-ეს მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს მითითებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ის განცხადება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარზე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება;
3. კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ბ. ალავიძე