საქმე №ბ-857-8(ა-19) 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ბ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 იანვარს გ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის, კ. ა-ის, ბ. ბ-ისა და მ. ა-ის მიმართ.
მოსარჩელემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 31 მაისის N1574 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის N... გადაწყვეტილების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 აგვისტოს N49 განკარგულების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის N... გადაწყვეტილების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის 2016 წლის 20 სექტემბრის N109 ოქმის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ბ. ბ-ეს შორის 2016 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის N115 ხელშეკრულების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 13 ოქტომბერს გაცემული N102 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში და ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს უძრავ ნივთზე (ს/კ N...) გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით, ცალკე წარმოებად გამოეყო გ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება (გარდა ბ. ბ-ესა და მ. ა-ეს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დადგენილ გადაფარვის ნაწილში: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის N... გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე (ს/კ N...); 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 31 მაისის N1574 ბრძანება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 3044 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 აგვისტოს N49 განკარგულება საპრივატიზებო ნუსხაში N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების შეტანის შესახებ; 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის 2016 წლის 20 სექტემბრის N109 ოქმი; 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს გაცემული N102 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ბ. ბ-ეს შორის დადებული 2016 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული N115 ნასყიდობის ხელშეკრულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ასლი კასატორის - ბ. ბ-ის შვილს - ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) 2019 წლის 21 თებერვალს ჩაჰბარდა, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2019 წლის 22 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა 2019 წლის 14 მარტის 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ...ს ფოსტის მეშვეობით 2019 წლის 15 მარტს გაეგზავნა, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით.
2019 წლის 11 ივნისს ბ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ არც მას პირადად და არც მისი ოჯახის არც ერთ სრულწლოვან წევრს არ ჩაბარებია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ასლი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე ხელისმომწერი პირი - ნ. ბ-ე (პ/ნ ...) არ არის მისი შვილი. მას ჰყავს ერთი შვილი - ხ. ბ-ე (პ/ნ ...) და მისი ოჯახი შედგება სამი წევრისაგან. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2019 წლის 7 ივნისის ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით, ბ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ბ. ბ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2019 წლის 7 ივნისის ცნობით - დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე ხელისმომწერი პირი - ნ. ბ-ე (პ/ნ ...) არ არის კასატორის - ბ. ბ-ის შვილი. შესაბამისად, არც მას და არც მისი ოჯახის არც ერთ სრულწლოვან წევრს არ ჩაბარებია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ასლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი