საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-239(2კ-უს-კს-20) 7 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე; ნუგზარ სხირტლაძე,
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ...ის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შპს ,,...ი“;
მესამე პირები - ს/ს ,,...ა“ ; შპს ,,ჯ...ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 19 ნოემბერს ე. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბ. ბ-ის მიერ 12000 კვ.მ მიწის ფართობის შეძენის მამტკიცებელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მიწის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტების ბათილად ცნობა, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება სოფელ ...ას სასმელი წყლის წყალშემკრები აუზის სანიტარული დაცვის ზონების მოწყობის თაობაზე (დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა), ასევე მოითხოვა შპს ,,...ის’’ ...ის -ბ. ბ-ის 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ბათილად ცნობისთანავე განმეორებითი პრივატიზების აკრძალვა.
2015 წლის 5 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით ე. წ-მა მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შპს ,,ს...ი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ბ. ბ-ე, სს ,,...ა’’ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ...ის მომსახურების ცენტრი, შპს ,,ჯ...ი’’ ...ი, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოპასუხეებად მიუთითა შპს ,,...ი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - ს/ს ,,...ა“ და შპს ,,ჯ...ი“.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით 2002 წლის 19 თებერვლის №...ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 19 აგვისტოს უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით: №...), 1999 წლის 7 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...ას სასმელი წყლის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
2015 წლის 27 ნოემბერს ე. წ-ის წარმომადგენელმა, გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, შპს ,,...ის” უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება და რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება.
2016 წლის 12 იანვარს ე. წ-მა (წარმომადგენელი - გ. ბ-ე) დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 17 ივნისის №1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2016 წლის 12 იანვარს ე. წ-მა (წარმომადგენელი - გ. ბ-ე) განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღა დადებოდა შპს,,ჯ...ის’’ უძრავ ქონებას - 204 კვ.მ. ფართს, საკადასტრო კოდით: №....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის (წარმომადგენელი - გ. ბ-ე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხეების- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ, 2009 წლის 17 ივნისის №1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში; ე. წ-ის (წარმომადგენლი გ. ბ-ე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ...ას სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. წ-მა და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში აპელანტს (მოპასუხე) წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველ ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი; იმავე კანონის 50-ე მუხლის პირველი წინადადება კი განმარტავს, რომ მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 26 ივლისს, ხოლო აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე აპელანტის (მოპასუხე) - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ უნდა იქნეს ...ის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. წ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2002 წლის 19 თებერვლის №...ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 19 აგვისტოს უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით: №...), 1999 წლის 7 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...ას სასმელი წყლის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ...ას სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული გაასაჩივრა ე. წ-მა კერძო საჩივრით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი) შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს მატერიალურ სამართალში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო გამგეობის ნაცვლად გახდა მერია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. ამდენად, ხსენებული მუხლი აწესებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს - სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა მატერიალურ სამართალში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანო - გამგეობის ნაცვლად გახდა მერია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში ...ის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც იმავე ფუნქციურ-მმართველობითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართალმემკვიდრედ მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც დღეს, ასევე მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში, თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი, თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. ორივე ერთეულს აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერის) ორგანოები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მართებულად დაადგინა ...ის მუნიციპალიტეტის მერია. წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე